სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი საქმეების დარეგულირება და გაბატონება პიროვნებაზე, სამწუხაროდ, ყველა დროის პრობლემაა. ხელოვნება და, ამ შემთხვევაში კონკრეტულად, კინო შეფარვით თუ პირდაპირ მუდამ ასახავდა ტოტალიტარიზმს და მის პრობლემებს. დღეს წარმოგიდგენთ 5 ფილმს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პოლიტიკური რეჟიმის შესახებ.
5. 1984

ტოტალიტარიზმზე საუბრისას პირველი ყველას აზრად, ალბათ, ჯორჯ ორუელის ნაწარმოები “1984” მოგვდის. ეს ფილმიც ამ წიგნის ეკრანიზაციაა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფილმი ამართლებს. მართალია, იმ სამყაროს სრულად და ზუსტად გადმოცემა, რაც ორუელმა დაგვიწერა, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ფილმი წიგნთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ნაცრისფერი სამყარო, კიდევ უფრო ნაცრისფერი პერსონაჟები, თვალთმაქცობა, თვალთვალი, კონტროლი და მუდმივი შიში – ეს ყველაფერი ისე ზუსტად აქვს რეჟისორს გადმოცემული, რომ მაყურებელი მთელი 2 საათი ამ სიგიჟეს ვერ მოსწყდება.
4. წონასწორობა (EQUILIBRIUM)

ფილმი “წონასწორობა” აუცილებლად მოგაგონებთ 1984-ს, თუმცა აქ სიუჟეტი უფრო მძაფრია და მაყურებელიც მთელი ფილმის მანძილზე გაცილებით უფრო დაძაბულია. ეს, ალბათ, კრისტიან ბეილის დამსახურებაცაა, რომელიც თავის ყველა როლს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ფილმი მოგვითხრობს სამყაროზე, რომელშიც ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა, იღებენ წამლებს რომ უგრძნობები გახდნენ. აქაც ყველაფერი ან შავი, ან ნაცრისფერია, ანადგურებენ ხელოვნების შედევრებს, არ შეიძლება ქვითინი, ჩახუტება, სითბოს გამოხატვა. მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყარო ბოლომდე ვერ ეგუება რეჟიმს, რომელშიც სიტყვა “ვწუხვარ” არაფრის მომცემია, და იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას. ფილმში არა შემთხვევით ჰყავთ ლეკვის ეპიზოდებიც ჩასმული. ლეკვის მოკვლა უგრძნობლობას მოითხოვს და ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი საქციელია,რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს, თუმცა ჩვენს რეალურ სამყაროში ამას ადამიანთა გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, თვალის დაუხამხამებლად აკეთებს.
3. V ანუ ვენდეტა (V for Vendetta)

კომიქსებზე დაფუძნებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ფილმი ტოტალიტარიზმზე და ერთ-ერთი საუკეთესო შურისძიება,რაც ოდესმე ფილმებში მინახავს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ანარქისტია, რომელიც ცდილობს დაამხოს რეჟიმი და სხვადასხვა ტერორისტულ აქტს აწყობს. რა შეუძლია იდეას, რა შეუძლია სიმართლეს, რა შეუძლია რწმენას – ამ კითხვებს გასცემს ფილმი პასუხს. “ხალხს არ უნდა ეშინოდეს მთავრობის, მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის” ამბობს მთავარი პერსონაჟი და ეს ასეცაა. ფილმში გამოყენებული ნიღაბი ანონიმური პროტესტის სიმბოლოა და მის უკან იმალება იდეა, რომლის განადგურებაც შეუძლებელია, ყველაზე მკაცრი რეჟიმის პირობებშიც კი.
2. პროცესი (The Trail)

ფრანც კაფკას ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ფილმის მთავარ პერსონაჟს, იოზეფ K-ს ,მოულოდნელად საკუთარ საძინებელში წაუყებენებენ ბრალს, რომლის შინაარსიც უცნობია;. ზუსტად რის გამო უყენებენ იოზეფს ბრალდებას არც პერსონაჟებმა იციან და არც ჩვენ, მაყურებლებმა, არ ვიცით, მაგრამ მთავარ პერსონაჟში დანაშაულის განცდას აქვს ადგილი, რაც ფილმს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. იოზეფი იმ მავნებლური ბიუროკრატიის ნაწილია, რომელიც ახლა მას სდებს ბრალს. სისტემა, რომელშიც სამართლიანობის იდეა არ არსებობს, სადაც მუდმივად დასმენა მიმდინარეობს; სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ეხმარებიან, არ თანაუგრძნობენ და რისი მონაწილეც თავად იოზეფი იყო, ახლა ის ამ სისტემის სამიზნედ გვევლინება. ფილმი 1962 წელს გამოვიდა, მაგრამ იმდენად დიდ პრობლემას ეხება, რომ აქტუალობას დღესაც არ კარგავს. მუდმივია განცდა, რომ ვიღაც გითვალთვალებს, ამას ემატება განათების ისე გამოყენება, რომ მოქმედება კიდევ უფრო მეტყველი გამოჩნდეს. თავად გენიალური რეჟისორი ორსონ უელსი “პროცესს” თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევს და, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს “მოქალაქე კეინი”, რთულია, რეჟისორს არ დაეთანხმო, ეკრანიზაცია უნდა იყოს ასეთი.
1. სხვების ცხოვრება (Das Leben der Anderen)

სახელმწიფოს მიერ პიროვნების კონტროლზე როდესაც ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი “სხვების ცხოვრება” არ გაგვახსენდეს. მთავრობის მიზანია მოქალაქის შესახებ იმაზე მეტი იცოდეს, ვიდრე თავად მოქალაქემ იცის საკუთარ თავზე. აქ არავის აქვს დუმილის უფლება და თუ მაინც დუმილს ამჯობინებენ, მას უთვალთვალებენ. ფილმის მთავარი პერსონაჟი კაპიტანი ვიზლერია, რომლის პროფესიაცაა სხვების ცხოვრება. მისი მთავარი მოვალეობაა, იცოდეს ყველაფერი ადამიანებზე, რომლებსაც უსმენს. კაპიტანს ამჯერად ერთი მწერლის მოსმენას დაავალებენ და აქედან იწყება იმ სიცარიელის გააზრება, რომელშიც კაპიტანმა მთელი სიცოცხლე გაატარა. მას, ვისაც კაპიტანი უსმენს, შეუძლია სიყვარული, სიცილი, სიცოცხლით ტკბობა, ბედნიერება, კაპიტანი კი თითქოს ყველა გრძნობისგან დაცლილია, მაგრამ ფილმი ისე ვითარდება, რომ მაყურებელს უდიდესი სევდა აწვება გულზე და იმედი იმის, რომ ყველაზე ცუდ და გამოუვალ სიტუაციაშიც კი არსებობს სიკეთე და ის არსად იკარგება. სადღაც მაქვს წაკითხული ასეთი ფრაზა, თუ გრძნობ, ესე იგი არსებობო.ზუსტად ესაა ამ ფილმის მთავარი აზრიც. არ აქვს მნიშვნელობა ტრაგეედიით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს გრძნობ, თუ სიყვარულით ხარ აღფრთოვანებული. მთავარია, რომ გრძნობ.
www.asea.ge
კომენტარები