ძველი ტრადიციული მეთოდითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აჭარის მთაში დამზადებული ყველი საექსპორტოდ კანადაში რამდენიმე დღის წინ გავიდა. ხულოში, ნატურალურ რძეზე დამზადებული „სულგუნი“ და ე.წ „დაწნული“ ყველი შებოლილი და შეუბოლავი სახით, „ცეზარის” სახელწოდებით, საექსპორტოდ ადგილობრივმა მწარმოებლებმა გაიტანეს. რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია – „ცეზარის“ სახელით არის ცნობილი და ადგილობრივ ბაზარს, რძის პროდუქტებით წლებია, ამარაგებს.
„ადგილობრივ ბაზარს რძის პროდუქტებით წლებია, ვამარაგებთ. ყველს ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ, ყველთან ერთად საწარმოში კარაქი, ნადუღი, მაწონი… მზადდება. ადგილობრივი ბაზრის გარდა, თითქმის სამი წელია, ჩვენს საწარმოში წარმოებული ყველი ამერიკაში იყიდება, ახლა – კანადაშიც გავედით. ჩვენი პროდუქცია კანადაში ერთი კვირის წინ გავიდა, ფაქტიურად სატესტო რეჟიმში ვართ. თანამედროვე სტანდარტებით შეფუთული სამი სახეობის ყველი გავიტანეთ იქ, მთლიანობაში 200 კილოგრამი. მთავარია, კმაყოფილება გამოთქვეს და ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, იქ ისე ვართ, როგორც ქართულ ბაზარზე, სამი წელია, ყოველთვიურად ვაგზავნით პროდუქციას, თვეში 3-4 ტონის ოდენობით თვეში ერთხელ“, – ამბობს მეწარმე ცეზარი კახაძე.
ამ კომპანიას საწარმოები ორ სხავადსხვა ლოკაციაზე აქვს – ხულოსა და წალკაში. ორივე საწარმოში ეკოლოგიურად სუფთა, ცხოველური წარმოების რძეზე დამზადებული ნაწარმი იყიდება,ქიმიური შენარევების გარეშე. საწარმო რძეს მოსახლეობიდან ადგილზე იბარებს.
ყველი, რომ ეკოლოგიურად სუფთა იყოს და ქიმიურ შენარევებს არ შეიცავდეს, ყველის გამოსაყვანად საჭირო სადედეს შეკვეთით ყიდულობენ. ამბობს, რომ სადედე ბათუმის ბაზარზე არ იყიდება, შეკვეთით ჰოლანდიიდან ჩამოაქვს.
„ეკოლოგიურად სუფთა რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიბარებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ზამთრის პერიოდში რძის ნაკლებობაა, ჩვენი წარმოებაც ზამთარში მცირდება, ხოლო ზაფხულობით მეტი ოდენობის პროდუქციას ვაწარმოებთ, თუმცა ზაფხულობით სხვა პრობლემა ჩნდება – მოსახლეობას, ვინც რძეს გვაბარებს, საქონელი მთებზე გაჰყავს, იალაღებზე გვიწევს რძის შეგროვება და საწარმომდე გადმოტანა. გვაქვს სპეციალური ავტომობილები, რითაც იაილებიდან შეგროვებული რძე ყოველდღიურად გადმოგვაქვს.
ადგილზე შეგროვებული რძე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საწარმოში მუშავდება. ყველი ეკოლოგიურად სუფთა რომ იყოს, რძიდან ყველის გამოსაყვანად ქიმიურ სადედეს არ ვიყენებთ, ჰოლანდიაში წარმოებული ბიო სადედე შეკვეთით ჩამოგვაქვს. ბათუმის ბაზარზე ბიო სადედე არ იყიდება, თბილისში არის მაღაზია, სადაც შეკვეთას ვაკეთებთ და მათ ჩამოაქვთ ჰოლანდიიდან“.
ხულოს გარდა „ცეზარი“ ყველს წალკაშიც აწარმოებს. წალკაში დამზადებული ყველი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო ხულოში წარმოებული – ძირითადად, ექსპორტზე გადის. ხულოში წარმოებული ყველი, ამერიკაში ყოველთვიურად გადის, კანადაში გეგმით წელიწადში სამჯერ უნდა გავიდეს.
რძის პროდუქტების მწარმოებლის თქმით, მთაში რომ რძის პროდუქტების წარმოება და ექსპორტზე გატანა მოგებიანია, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა სოლიდურ თანხებს მოითხოვს.
„მთაში წარმოებული რძის პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, მაგალითად, ხულოში მსხვილფეხა რქოსანი სუფთა ბალახზე იკვებება, შესაბამისად, მის რძეს განსხვავებული კარგი ხარისხობრივი მახასიათებელი აქვს, შესაბამისად, დამკვეთისგანაც მოთხოვნა დიდი არის. თუ ავიღებთ ამერიკულ ბაზარს, დაკვეთებს ის გვიკეთებს, ვინც ყველს ე.წ „კავკასიურ“ მაღაზიებში ყიდიან, ამერიკული ქსელის მაღაზიებში რომ შევიდეთ, მას თვეში მინიმუმ 200 ტონა ყველი სჭირდება. მართალია, მიუწვდომელი არ არის, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება.
მართალია, ყველის გატანა და გაყიდვა ამერიკასა თუ კანადაში, მოგებიანია, მაგრამ საზღვაო გადაზიდვა საკმაოდ ძვირი ჯდება. კანადაში 200 კილოგრამი ყველის გატანა 7 ათასი ლარი დაგვიჯდა“ , – ამბობს ცეზარი.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიოკნისში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი , დღიური მაჩვენებლით 20 ტონაზეა გათვლილი, თუმცა ზამთრის პერიოდში, რძის ნაკლებობიდან გამომდინარე, დღეში 4 ტონა რძეს ამუშავებენ, მეწარმის ინფორმაციით, აჭარის მთიანეთში ნედლი რძის ოდენობა ყოველწლიურად იკლებს, რასაც მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია განაპირობებს და დასძენს, რომ დანაკლისის შევსებას, საკუთარი ფერმის მოწყობით აპირებს.
„ნედლეული რძის ოდენობა ხულოში ყოველწლიურად იკლებს, ამას კი მოსახლეობის მიგრაცია განაპირობებს, ფაქტიურად, რძის მწარმოებელი ფერმერები საცხოვრებლად ქალაქში გადადიან. თუ გასულ წელს ხულოში 2 მილიონი ლიტრი რძე ჩავიბარეთ, წელს 300 ტონით ნაკლები იყო. სამომავლოდ გვინდა, საკუთარი ფერმა მოვაწყოთ, შევიძინოთ მერძევე ძროხები და რძის დანაკლისი მცირედით მაინც შევავსოთ“.
- განსხვავებული პოზიციები აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ
- „მირჩევნია ნახატი გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო“
- საწუხ არს ესე
- მეზღვაურების სოფელი
- “ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს”, – დეკანოზი თამაზ ლომიძე
www.asea.ge
კომენტარები