უხსოვარი დროიდან მიმდინარეობს ცხარე დებატები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის ეკონომიკური განვითარების მოდელებზე. ყოველი ეკონომიკური მოდელის მომხრენი საკუთარი კურსის მართებულობაში საზოგადოების ფართო სპექტრის დასარწმუნებლად იდეოლოგიურ მრწამსსა და ემპირიულ ფაქტებს იშველიებს.
მიუხედავად ეკონომიკური ორიენტაციისა და შეხედულებების ეკლექტიკისა, ყოველ იდეოლოგიურ კურსს გააჩნია ინტერესთა გადაკვეთის ერთი მძლავრი წერტილი, მათ ყველას ეკონომიკური წარმატებისათვის სჭირდებათ მაღალი ხარისხის ეკონომიკური აქტივობის მქონე ადამიანი.
რაზეა დაფუძნებული მაღალი ხარისხის ეკონომიკური აქტივობა?
ეკონომიკური აქტიურობა პირდაპირ კორელაციაშია გადახდისუნარიანობასთან, გადახდისუნარიანობა გამოწვეულია კაპიტალის დაგროვების პროცესით და კაპიტალის დაგროვების პროცესი სტიმულირებულია კაპიტალის დაგროვებისათვის შესაბამისი გარემოს ხარისხის ფორმირებით.
უხეშად რომ ვთქვათ, ეკონომიკურად იმდენად აქტიურია ან პოტენციურად აქტიურია საზოგადოება, რაც უფრო მდიდარია ის.
მაშასადამე, წარმატებულად შეგვიძლია, ჩავთვალოთ ეკონომიკური მოდელი, რომლითაც უფრო მარტივად და მასშტაბურად მდიდრდება საზოგადოება. ამ მოცემულობის მარტივი ეგზემპლიფიკაციისათვის, ჩავშალოთ ეს საკითხი: ეკონომიკურად მემარცხენე-ორიენტაციის მქონე გარემოს, სადაც ცენტრალიზაციის მაღალი გავლენა აკრავს თითოეულ ეკონომიკურ პროცესს და ხშირად, ეს პროცესები უშუალოდ კურირებადია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, სჭირდება ამ გარემოს შიგნით ან გარეთ ადამიანთა ჯგუფი, ვინც ამ პროცესებით შექმნილი პროდუქტის რეალიზაციისთვის გადაიხდის ფულს, რადგან გეგმური ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური განვითარებისთვის კარდინალური წყარო არის სახელმწიფო წარმოება და მისი რეალიზაცია.
რაც შეეხება ეკონომიკურად მემარჯვენე-ორიენტაციის გარემოს, სადაც ეკონომიკური განვითარების კარდინალური წყარო, ძირითადად, არის კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, აქაც უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გადახდისუნარიანობის მქონე მოქალაქე, რათა ყოველგვარი ინვესტიცია კერძო სექტორის მხრიდან მეტ-წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კონკრეტული საზოგადოების სეგმენტი ამ ინვესტიციის საფუძველზე შემოთავაზებული სერვისებისა თუ პროდუქციის შესყიდვას.
ამ ზოგადი მოცემულობის ფორმირების შემდეგ ნათელია, თუ რა ფუნდამენტური როლი უკავია მოქალაქის ეკონომიკურ სიმძლავრეს ნებისმიერი ტიპის წარმატებული ეკონომიკის შენებაში.
ახლა კი დავუბრუნდეთ იმ ზემოთ ფორმირებულ პოსტულატს, რომელიც ქმნის ეკონომიკურად მძლავრ მოქალაქეს : „ეკონომიკური აქტიურობა პირდაპირ კორელაციაშია გადახდისუნარიანობასთან. გადახდისუნარიანობა გამოწვეულია კაპიტალის დაგროვების პროცესით და კაპიტალის დაგროვების პროცესი სტიმულირებულია კაპიტალის დაგროვებისთვის შესაბამისი გარემოს ხარისხით.“ აქ გარდამტეხი მნიშვნელობისაა სტიმული, რომელსაც მოაქვს ეკონომიკური აქტიურობა/სიმძლავრე.
„კაპიტალის დაგროვებისთვის შესაბამისი გარემოს ხარისხი“ ფართოდ აღსაქმელი ფრაზაა, რომელსაც ცალსახად სჭირდება მეტი კონკრეტიზაცია.
საზოგადოების ცალკეული წევრების სტიმულირებისთვის, რათა მათ შექმნან დოვლათი, საჭიროა, რომ მათ მიერ გაწეული შრომა იყოს ადეკვატურად შეფასებული და დაფასებული. პირობითად, ჩვენ გარშემო, ალბათ, ხშირად შეგვინიშნავს ისეთი ადამიანები, ვინც გარკვეული ტიპის შრომით საქმიანობაში ჩართვაში უარს ამბობს, რადგან მათი თქმით (ხშირ შემთხვევაში, ობიექტურადაც) შრომითი საქმიანობის დატვირთვა გაცილებით აღემატება იმ ფინანსურ კაპიტალს რასაც დამსაქმებელი მათ ამ შრომის სანაცვლოდ უხდის. ყველა მსგავსი ტიპის უარი პირდაპირპროპორციულია საზოგადოების ჯამური გადახდის-უნარიანობის ვარდნის.
ფინანსურ ნაწილში ასევე არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ცალკეულ წევრებს, რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს მათ მიერ გამომუშავებული კაპიტალისგან და ნაკლები იხარჯებოდეს ისეთ სერვისებზე, რაშიც სავსებით შესაძლებელია, რომ კონკრეტულ პიროვნებებს ნაკლებად ხიბლავდეს საკუთარი ფინანსების მომართვა. ვგულისხმობ, რომ შრომითი საქმიანობა კონკრეტულ არეალში არ უნდა იბეგრებოდეს მძლავრად, რადგან ეს პროცესი არსებითად დაბლა დაწევს ამ კონკრეტულ არეალში შრომითი აქტივობის განხორციელების სტიმულირების ხარისხს.
„კაპიტალის დაგროვებისთვის შესაბამისი გარემოს ხარისხის“ მისაღწევად, ასევე, უალტერნატივოდ საჭიროა უსაფრთხოება. რაც უფრო ნაკლებადაა დაცული უსაფრთხო კონდიციის შემადგენელი კომპონენტები კონკრეტული საქმიანობისას, მით უფრო ნაკლებად პოზიტიურია ამ კონკრეტული საქმიანობის მიმართ საზოგადოების წევრების მხრიდან დამოკიდებულება.
კაპიტალის დაგროვების პროცესი, ასევე, გარდა ზემო-აღნიშნული ფაქტორებისა, უნდა ხასიათდებოდეს ისეთი დატვირთვით, რაც ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დესტრუქციას არ გამოიწვევს: იქნება გაწერილი ადეკვატური დრო საქმიანობისთვის, საჭიროების შემთხვევაში იქნება სპეციფიკური საქმიანობისთვის სპეციფიკური დანადგარები და ხელსაწყოები, ასევე, სხვა იდენტური მახასიათებლების მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული.
ჩემ მიერ ზემოთ კონსტანტირებული ფაქტორების გათვალისწინების შემთხევაში შრომით საქმიანობაში ჩართვისათვის საზოგადოების ყველა სეგმენტის მზაობა იქნება გაცხადებული, რაც ჯამური გადახდისუნარიანობის ხარისხის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს და როგორც აღვნიშნე ეს იქნება წარმატებული ეკონომიკის სოლიდური ხერხემალი, რომლის დესტრუქცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
www.asea.ge
კომენტარები