განცხადება, რითაც აჭარის მთის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, ხულო და შუახევი) საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომლებს, გაზრდილი ხელფასი მარტის თვეში უნდა აეღო, რამდენიმე თვის წინ გააჟღერა მერიებმა.
მაშინ, თქვეს, რომ სახელფასო სარგოს გასაზრდელად, თვითმმართველობებს ფინანსური რესურსიც გააჩნდა და ბაღში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ხელფასის, 80-100 ლარამდე გასაზრდელად, შესაბამისი დოკუმენტიც მუშავდებოდა. ხელფასის ზრდასთან დაკავშირებთ „ასეა“ – მ სტატიაც აჭარის მაღალმთიანეთის სამი მერიის, პასუხისმგებელი პირების მიერ, ოფიციალური კომენტარის საფუძველზე მოამზადა.
ქედის საბავშვო ბაღებში დასაქმებულმა თანამშრომლებმა, მარტის თვის ხელფასი უკვე აიღეს, თუმცა იმავე ოდენობით რასაც იღებდნენ, ანალოგიურად გაიცა სახელფასო სარგო შუახევის საბავშვო ბაღებში, რაც შეეხება ხულოს აქაც ანალოგიური ვითარებაა. დაპირებისა და ოფიციალური განცხადების მიუხედავად, სკოლამდელი აღზდის დაწესებულებებში სახელფასო სარგო არ გაზრდილა.
იყო თუ დაპირება ცრუ, რატომ ვერ აიღეს გაზრდილი ხელფასი თანამშრომლებმა და რამ შეაფერხა პროცესი? ჩვენ ეს კითხვა ქედის საფინანსო სამსახურის უფროს, ჯემალ ტაკიძეს დავუსვით, რაზეც გვიპასუხა, რომ მერიას ცრუ დაპირება არ გაუცია, თანამშრომლებს ხელფასები მარტის თვის ბოლომდე გაეზრდებათ და გაზრდილ სახელფასო სარგოს აპრილის თვეში აიღებენ.
„სამწუხაროდ რამდენიმე დღით გადაშორდა, რა შეთანხმებაც იყო იმ შეთანხმებით გაიზრდება ხელფასი. ცრუ არ იყო დაპირება, მარტის თვე არ დასრულებულა, მარტის თვეში გაიზრდება ხელფასი, წინ ერთი კვირაა და დოკუმენტი ძალაში შევა. მარტის თვის ბოლომდე მოხდება ზრდა“ – აცხადებს ჯემალ ტაკიძე
იმის მიუხედავად, რომ თანამშრომლებმა გაზრდილი ხელფასი ვერ აიღო, შუახევის საფინანსო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე აცხადებს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია რეალური იყო, მერიამ საკითხზე აქტიურად იმუშავა და გაზრდილ სახელფასო სარგოს აქ აპრილის თვიდან აიღებენ:
„ინფორმაცია, რაც გავაჟღერეთ რეალური იყო, ბიუჯეტში თანხაც შევიტანეთ, საშტატო ნუსხაც მოვამზადეთ. ახლა, მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ მარტის თვეში ვერ მოხერხდა გაზრდილი ხელფასის გაცემა. აპრილის თვიდან გაიცემა გაზრდილი სახელფასო სარგო, მთავრობაც ინფორმირებულია ამის თაობაზე .
ხელფასის ზრდას გარკვეული პროცედურები აქვს, ნებართვებია საჭირო, თვითმართველობის კეთილი ნება იყო გაზრდილიყო ხელფასი, ახლა მხოლოდ პროცედურული საკითხებია გასავლელი, დანარჩენი მოგვარებულია. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, უცბად არ ხდება ყველაფერი, ფაქტიურად ეს თემა გადაწყვეტილია, მაგრამ ამ თვეში ვერ გაიცა“ – განაცხადა ანზორ ცეცხლაძემ
შუახევის საფინანსო სამსახურის უფროსს, ასევე ვკითხეთ, არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ აპრილის თვიდანაც ვერ მოხდეს ხელფასების ზრდა და რა პროცედურული სამუშაოებია გასავლელად ხელფასის გასაზრდელად? რაზეც გვითხრა, რომ ამის ალბათობა არ არსებობს და მხოლოდ, მთავრობის ნებართვაა საჭირო:
„ოფიციალურად რაც საჭირო იყო ყველა საკითხი თვითმართველობამ გაიარა, 1 -ლი აპრილიდან მოგვარდება ეგ ამბავი, კანონმდებლობით მთავრობის ნებართვით ხდება საკითხის საბოლოოდ გადაჭრა, მთავრობაში საკითხი შესულია, მალე გადაწყდება და 1 -ლი აპრილიდან ძალაში შევა“.
საბავშვო ბაღის თანამშრომლების სახელფასო სარგოს ზრდასთან დაკავშირებით, ანალოგიური ვითარებაა ხულოშიც. აქ, გვითხრეს, რომ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა საკითხს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება ხელფასის გაზრდა.
გაეზრდება თუ არა ხელფასი, აჭარის მთიანეთში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს, საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, თუმცა ამის მიუხედავად, მერიებში საკითხს გადაწყვეტილად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გაზრდილ სახელფასო სარგოს აპრილის თვიდან აიღებენ
www.asea.ge
კომენტარები