რიგში დგომისა და მოქცევის ქართულ ფენომენს დიდი ხანია, ვაკვირდები. იმედი არ მაქვს. შაიბიანი ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაცილებით სერიოზულია. „309 ქართული სირცხვილი“ მომწონს. უფრო სწორად, სახელი მომწონს. რაც ნერვებს მიშლის, ყველაფერი სამასმეათეს რანგში ამყავს. კორონამ 90-იანების დასაწყისი გააცოცხლა. მაშინ რიგში მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე ძილში. ახლა რიგში უფრო, ვიდრე საზ.ტრანსპორტში, რესტორანსა და სტადიონზე ერთად აღებული. გავიხსენე ბავშვობა. ჯერ იყო ცივი მჭადი. მერე გათავდა მჭადი და დავრჩით ცივზე. ერთ სულზე ნახევარი პური მოდიოდა, შუაზე ჭრიდნენ. ორნახევარი გვიწევდა. სიბნელის ყველა ეტაპი როცა დავხურეთ, წყვდიადის ლეველზე გადავედით. სულ “ჩორტი” ხალხი ვიყავით! რიგში ქცევის წესი 310-ე ქართული სირცხვილია. ოცდაათი წლის წინანდელი შეფასება დაბრუნდა. ოღონდ ახლა არასერიოზულად ვუყურებ ყველაფერს.
რიგის ბუნებაში ჩასაწვდომად მის განმარტებას ვეწვიოთ. სპეციალურად ვთარგმნე რამდენიმე.
რიგი არის:
- ერთმანეთის მიყოლებით მდგარი ხალხთა ჯგუფი რაღაცის მოლოდინში;
- ერთმანეთის მიყოლებით თანმიმდევრულად განლაგებული ხალხი რაღაცის მისაღებად ან შესასრულებლად;
- მოწესრიგებული პროცესი საქონლის შესაძენად/სერვისის მისაღებად, როცა მომსახურების გაწევის სისწრაფე დამოკიდებულია ხალხთა თანმიმდევრულ მოძრაობაზე.
განმარტება მაინც აღმომეჩინა ქართულად. ცუდის ნიშანია.
მაშ, ასე, ამ განსაზღვრებებიდან სამი რამ გაერჭო ჩემს გონებაში: „მიყოლებით“, „თანმიმდევრულად“ და „მოწესრიგებული პროცესი“. განმარტების დონეზე ყველაფერი მარტივადაა – შარზე თუ არ ხარ, დაეთანხმები.
გინეკოლოგიური კლინიკაა, გვარ-სახელს არ ვიტყვი, კარგი სპეციალისტებით და აპარატურით. უამრავი ხალხი ჰყავთ მუდამ. უამრავი ხალხის თანამდევი პროცესი რიგია. ჩემი მეუღლე ჭკვიანი ქალია, რამდენიმეჯერ რომ დააღამდა, ერთხელ დილის რვაზე მივიდა. უარეს შემთხვევაში ბრინჯაოს მედლის იმედი ჰქონდა. დაცვის და მორიგე პერსონალის გარდა რომ არავინ დახვდა, არ გაკვირვებია. „თანმიმდევრული“, „მოწესრიგებული პროცესის“ უზრუნველსაყოფად სია არსებობდა, ახალმისული თავის გვარს ჩაწერდა და უპრეტენზიოდ დაელოდებოდა რიგს. წინა დღიდან გადმოყოლა არ მოსულა, ვიდრე გინეკოლოგი ბოლო ორსულს არ მიიღებდა, სახლში არ მიდიოდა. სიაში რომ 45-ე აღმოჩნდა, მაშინ იკადრა და კი გაუკვირდა. ქართველებს კრწანისის ბრძოლაში მეზარბაზნეები დაგვაკლდა, თორე ახლობლების ნაკლებობა არასოდეს გვიფიქსირდებოდა. მომდევნო თვეებში სტაბილურად ვხვდებოდით ათეულში. თუ ჩხუბი მორევაზეა, სიაში ადგილი ახლობლობის ხარისხზეა დამოკიდებული. ეს დასკვნა დადო პრობლემის კვლევამ.
ხუთი დღის წინ მარკეტში მივსეირნობ. კაი ამინდია. ხიდან ხეზე დაფრინავენ ჩიტები. დამშვიდდნენ კატებიც. დამთავრდა აპრილი, გრძელდება წონაში მატება. მიზნამდე ათიოდ მეტრი მრჩება, მოვირგე პირბადე. მწვანე აფთიაქის მხრიდან წეწვის ხმა მესმის. ორი ვარიანტია: ან შუმახერი გამოვიდა კომიდან ან უსეინ ბოლტი გაურბის მშიერ ავაზას. ჯერ ისიც ვერ გავარკვიე, შიგაწვის ძრავასთან მაქვს საქმე თუ ქვედა კიდურებთან. ქალი მორბის ფეხაწყვეტილი, გადაახტა „გლოვოს“ კურიერს, ექსტრემალი პარკურისტების მუზას ჰგავს. თავი ასწია და მაღაზიის კარი რომ ამოიღო მიზანში, მივუხვდი გულის ნადებს. იშვიათი სიტუაცია გაიჩითა, რიგი არაა, მიასწროს უნდა. ავხტი, დავხტი, გევიკვანძე ჰაერში, შენ გაჩვენებ სეირს-თქვა. კონკურენტი რომ დამინახა, ჩაურთო აზოტი, რას-დვა და გაჩნდა ზღურბლთან. „ფერარის“ ლოგოზე რომ ცხენია, იმას ჩამოიტოვებდა. საქართველოს დედოფლობაზე უფრო მოისწრაფიშვილობა დამშვენდებოდა. სტარტი მქონდა მძიმე, თუ არა მივასწრებდი. სავარაუდოდ, რიგში დგომა სირცხვილად მიაჩნდა.
ოცნება მქონდა ბავშვობაში – პურის მანქანის მძღოლი გამოვსულიყავი. დალაგებული ქვეყნებიდან ჩემი თანატოლების ოცნებები სხვა სიბრტყეში იდო: ექიმი, მეწარმე, ლიდერი, კოსმონავტი, პოლიციელი, ავტომრბოლელი. მე ორ კურდღელს ვიჭერდი ერთბაშად – მაძღარიც მინდოდა ვყოფილიყავი და საჭეც მეტრიალებინა. ლოდინი იმდენს ხანს გრძელდებოდა, მონაცვლეობით ვიდექით. სისხამ დილით დედა მიდიოდა, გამოღვიძებულზე მე ვცვლიდი. დრო კითხვით გამყავდა, მაუზერის ნაცვლად წიგნს გავირჭობდი და ქვეყნიერებაზე გაბრაზებული მივბაჩუნებდი ტექნიკური მარილით მოუყრელ გზებზე. გადაუთოვლელ ტროტუარზე ფეხები მისველდებოდა, ჩავლილი მანქანის შხეფები მერჩივნა. გვერდით სადარბაზოში შევედი, კითხვით გავერთე და ჩემს წინ რიგში ვინც იდგა, დავკარგე. საცოდავად ვაცეცებ თვალებს. მაშინ დრო იყო ფინთი, ყველა ასეთი თვალებით ვმოძრაობდით. ჰოდა, არ გამოვირჩეოდი სხვებისგან და არც მომაქციეს ყურადღება. მერე რა, რომ ბავშვი ვარ. დანარჩენებს სახლში ელოდნენ ჩემნაირები. სიკეთე ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც იმხანად არ არსებობდა. მოვიდა საოცნებო პურის მანქანა და დავრჩი უპუროდ. არავინ ჩამიყენა უკან, რადგან ასეთ შემთხვევაში ვიღაცის წინ აღმოვჩნდებოდი. ყველას სამყოფი მაშინ არაფერი გვქონდა. არც გაბარიტები მყოფნიდა, არც ტირილს ჰქონდა აზრი.
ამ შემთხვევის შემდეგ ნაბეჭდი პროდუქციიდან რიგში მხოლოდ პურის ტალონი დამქონდა. წიგნის კითხვა არ შემზარებია. ერთი ეგაა, რომ ოცნების სიიდან საჭის ტრიალი ამოვარდა და მაძღრობისა შემრჩა მხოლოდ.
„ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!“
www.asea.ge
კომენტარები