ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში არსებული ღვინის სახლი „შატო ივერი“ სოფლის ტურიზმის ნომინაციის 2020 წლის გამარჯვებულია.
ტურიზმის სფეროს ეროვნულ დაჯილდოებას ორგანიზაცია WELCOME TO GEORGIA ატარებს. 20 ნომინაციაში გამარჯვებას ტურიზმის სფეროს 400-მდე სუბიექტი ცდილობდა.
WELCOME TO GEORGIA -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონიალი კი, პანდემიის გამო, დაგვიანებით ჩატარდა.
რაც შეეხება სოფლად ტურიზმის ნომინაციას, განმარტავენ, რომ ეს რაიმე ერთი კომპონენტით არ ფასდება და მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც სოფლად ტურიზმის განვითარებას ემსახურება და სადაც შესაძლებელია ავთენტური გარემო შეიქმნას.

აჭარის მთიანეთში მოქმედი სამკომპონენტიანი „შატო ივერი“ ბერიძეების ოჯახს ეკუთვნის. სასტუმრო, მარანი და რესტორანი ერთ სივრცეში მდებარეობს. მიმდებარედ კი ვაზის ძვირად ღირებული საღვინე და უნიკალური ჯიშებია გაშენებული. ადგილზე დაკრეფილი ვაზიდან, ბერიძეები ღვინოს „შატო ივერის“ სახელწოდებით არა მარტო ქართული ტრადიციული წესით, არამედ ევროპული მეთოდითაც მარანში აყენებენ. აქ მოსულ ტურისტს შეუძლია ბევრი სახისა სხვადასხვა მეთოდით დაყენებული ღვინო დააგემოვნოს. სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გამარჯვება „შატო ივერის“ მეღვინეობის მიმართულებამ მოუტანა.
“გამარჯვება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის და მოტივაციაც, თან არა მარტო ოჯახის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საქმეშია ჩართულია. სოფლად ტურიზმი ვერ განვითარდება, თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ ჩაერთვება პროცესებში, სამომავლოდ გვინდა სხვადასხვა ტიპის ნომინაციებში მივიღოთ მონაწილეობა,– აცხადებს როსტომ ბერიძე, „შატო ივერის“ მფლობელი.

ღვინის სახლი „შატო ივერი“ ბერიძეებმა ადგილობრივი თუ უცხოური გრანტების დახმარებით მოაწყვეს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.
ღვინის სახლს გასული წლიდან სასტუმრო კომპლექსი დაემატა. სასტუმრო კომპლექსისგან მოშორებით ხის ფიცრულია, რომელიც მთაში ასულ დამსვენებელს შენობის ინტერიერითა თუ სიძველეებით ძველ დროში აბრუნებს. ფიცრულს არა აქვს ელექტროგანათება, ამიტომაც იმ მეთოდით ნათდება, რა მეთოდებითაც წლების წინ.
“სხვადასხვა ევროპული პროექტის, თუ სახელმწიფო პრაგრამების დახმარებით საკმაოდ სერიოზული ტურისტული დანიშნულების ადგილი შეიქმნა. აჭარის მთაში ამოსულ ვიზიტორს, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტს ვთავაზობთ, ეს არ არის მხოლოდ ღამის თევა, ღვინის დეგუსტაცია, ან კვება, მრავალკომპონენტიანი სერვისი გვაქვს,” – აცხადებს როსტომ ბერიძე.
ბერიძეები საოჯახო ბიზნესის გაფართოებას და ტურისტებისთვის ეთნო თუ აგრომიმართულებით, სხვა სერვისების დამატებას გეგმავს. როსტომ ბერიძის თქმით, გეგმა ტურისტებისთვის კარგი ხარისხის მომსახურებაზე იქნება მიბმული. ღია სივრცეში მოეწყობა სამზარეულო, თონე, სამწვადე, აჭარული ხაჭაპურის გამოსაცხობად ღუმელი და არყის სახდელი საჭირო დანადგარებით.
“გამჭვირვალე” სამზარეულო როსტომ ბერიძე ოჯახთან ერთად
“ქართული სამზარეულოსა თუ სასმელების დაყენებით დაინტერესებული ტურისტებისთვის, მასტერკლასის ჩასატარებლად, ღია სამზარეულო მოეწყობა, სადაც სტუმარს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნება ისწავლოს არა მარტო კერძებისა და სასმელის დაყენება, არამედ თავად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში” – აცხადებს როსტომ ბერიძე და დასძენს, რომ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია.
„რეგულაციების შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია რესტორნის ნაწილში, ღვინის რესტორანი გვაქვს და ტერასაზეც შეგვიძლია გამასპინძლება, არის დაკვეთებიც. პანდემიის მიუხედავად, ბევრი უცხოელი ვიზიტორი გვყავდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მათგანი საქართველოში მცხოვრებია“.
www.asea.ge
კომენტარები