„მსგავსი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ გვქონია, ალბათ, დიდი რაოდენობა ჩვენი ბრენდის სასტუმროებისა ვეღარც გაიხსნება?!“ – აცხადებს Arne Sorensen, CEO, Marriott International – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქსელური სასტუმროების მართვის კომპანია.
„ავიაინდუსტრიის მსგავსი დონის შეჩერება არასოდეს გვინახავს. შესაბამისად, არც იმის გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ავამუშავოთ ის თავიდან ასეთ დროს. ეს ურთულესი იქნება?!“ – ამბობენ Alexandre de Juniac, CEO, IATA–ში, – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში.
მსგავსი განცხადებები ასეთი ავტორიტეტის მქონე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ზედმეტი განმარტებების გარეშე, მიგვანიშნებს იმაზე, რომ განვითარებული მოვლენები უპრეცენდენტო ხასიათს ატარებს.
ამ ნააზრევში ვერ იხილავთ პოზიციას ეკონომიკურ და ფინანსურ ხერხებზე, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის: მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, ხელფასების სუბსიდირება, რეგულაციების შემცირება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გრანტებისა და შეღავათიანი სესხების საშუალებით და ა.შ.
დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ ტურიზმის მენეჯმენტზე, რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ამ გამოწვევას გაუმკვლავდეს საქართველო:
1. ვირუსის პრევენციის მექანიზმების შექმნა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის
არსებული მდგომარეობა გვაჩვენებს, რომ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება, შესაბამისად – კომერციული საქმიანობაც. ახლო მომავალში ნელ-ნელა გაიხსნება სტუმარმასპინძლობის ობიექტები და სახელმწიფომ კერძო სექტორის მხარდაჭერით უნდა შექმნას მექანიზმი იმისა, რომ ამ ადგილებში სტუმრობა არ გახდეს ვირუსის ახალი გავრცელების კერა. შესაბამისად, უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომლითაც ყველა ობიექტი დაემორჩილება ერთ სტანდარტს, რაც თავის მხრივ გახდება სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვისა და ვირუსის პრევენციის წინაპირობა.
კარგი მაგლითი ამ მიმართულებით აქვს სინგაპურს. სინგაპურმა შეიქმნა “სისუფთავის სერთიფიკატი” (SG Clean.) იმისთვის, რომ ტურისტულმა ბიზნესებმა მოიპოვონ ეს სერთიფიკატი, აუცილებელია შეასრულონ 7 სხვადასხვა სტანდარტი. ეს სტანდარტებია: “სისუფთავის სერთიფიკატის” მენეჯერის ყოლა ადგილზე, მკაცრი და დეტალური სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, სკრინინგის პროცესის (ვიზიტორების შესაძლო სიმპტომების დადგენა) იმპლემენტაცია და სხვა. მაგალითისთვის იხილეთ კვების ობიექტების სტანდარტები.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს აჭარის ა.რ. ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტს, რომელმაც დანერგა – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ –ხარისხის ნიშანი. აღნიშნული ნიშანი არის მზა პლატფორმა „სისუფთავის სერთიფიკატის“ მსგავსი სტანდარტის შემოღებისა საქართველოში.
2. დესტინაციის მარკეტინგი
დღევანდელ შექმნილ რეალობაში, როდესაც ყველა ძალისხმევა პანდემიის დაძლევისკენაა მიმართული, კომუნიკაცია სხვა მნიშვნელობასა და ფუნქციას იძენს. ბევრ გამოწვევასთან ერთად, აღნიშნულ სიტუაციაში აუცილებელია შესაძლებლობების დანახვაც. კრიზისის დროს უწყვეტი კომუნიკაცია კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მისი ჩავლის შემდგომ უფრო მარტივად ანაზღაურდეს დანაკლისი.
ის, რომ დღეს ტურისტული ბრენდი – „საქართველო“ დუმს, ცუდად აისახება ამ გამოწვევის დაძლევის გრეძელვადიან სურათზე. კომუნიკაციის არარსებობის პირობებში ბრენდი „კარგავს ადგილს“ მომავალი მოგზაურის გონებაში, რაც ქმნის წინაპირობას იმისას, რომ პანდემიის დამარცხების შემდეგ საქართველო აღარ იყოს მოგზაურის „განხილვის არეალში“. ჩვენს ბრენდს თავისუფლად შეუძლია, აწარმოოს კამპანია საქართველოში მოგზაურობის მთავარ მასტიმულირებელ ფაქტორებზე დაყრდნობით: გასტრონომია, მეღვინეობა, ფოლკლორი, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორიები და ა.შ. აღნიშნული თემატიკების ირგვლივ შეკრული კონცეფცია შეიძლება, აგებული იყოს სოციალური დისტანციისკენ, პასუხისმგებლიან მოქმედებისკენ მოწოდებაზე იზოლაციის გაუსაძლისი მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და ემოციური კავშირის დამყარებისკენ. ყოველივე ეს კი, თავისთავად, საფრთხის ჩავლის შემდეგ, საქართველოში მოგზაურობის სტიმულირების წინაპირობა უნდა გახდეს. აღნიშნული საკითხის ირგვლივ კონკრეტული მარკეტინგული სვლების დეტალური განხილვისთვის შეგიძლიათ, იხილოთ ბლოგი.
3. ციფრული კომერციის დანერგვა
დღეს უკვე ცხადი ხდება, რომ ციფრულ კომერციას ექნება კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ტურიზმის მენეჯმენტის კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში. ვებგვერდები, სოც. მედიაარხები, ინტერნეტ– მარკეტინგი, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა უფრო კომლექსური ხასიათის ციფრული იარაღები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ის, რომ ამ მიმართულებით არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, კარგად ჩანს გასულ წელს ბათუმის მასშტაბით გაკეთებული კვლევიდან, სადაც ადგილობრივი რესტორნების 4%–ს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი . სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაგეგმოს ციფრული ცოდნის გაღრმავების მექნიზმები: მასშტაბური ხასიათის ციფრულ ხელსაწყოების ინტენსიური ტრენინგები და მათი ბიზნესში ინტეგრირების ფინანსური დახმარების მექანიზმები.
თუ გსურთ, კარგად გაიაზროთ, ამ შემთხვევაში, ვებგვერდის როლი და იყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გირჩევთ, გაეცნოთ აღნიშნულ ბლოგს.
4. სტატისტიკის და აღრიცხვიანობის გაუმჯობესება
დღეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ვიცოდეთ სტუმარმასპინძლობის სუბიექტების ზუსტი რაოდენობა და მოგზაურების ციფრები საქართველოს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებში იმისთვის, რომ სწორად გაანალიზდეს მათი მხადაჭერის მექანიზმები და დაიგეგმოს პოსტკრიზისული ნაბიჯები. აღნიშნულისთვის აუცილებელია (1) ტურიზმის სერვისების მიმწოდებლების ოფიციალური რეესტრის არსებობა და (2) ქალაქებსა თუ კურორტებზე ტურისტების აღრიცხვიანობის პრაქტიკის გაუმჯობესება. დღეს საქართველოში სახელმწიფოს აქვს ბუნდოვანი წარმოდგენა მიწოდების იმ ნაწილზე, რასაც ჰქვია გიდი, ტურსააგენტო, აგროტურისტული მეურნეობა და ა.შ. (კანონით არ არის განსაზღვრული მათი სუბიექტებად დარეგისტრირება), ასევე ვერ ხერხდება ტურისტების და საწოლი ადგილების რაოდენობის ზუსტი ციფრების იდენტიფიცირება (სტატისტიკის წარმოების არსებული პრაქტიკა არ იძლევა ამის საშუალებას) უშუალო ქალაქების და კურორტების დონეზე (მაგ. ბათუმში, ზუგდიდში, ბორჯომში და ა.შ.)
ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, სწორად დაიგეგმოს ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ საჭიროებებზე რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით. ამას კი მყისიერი და საფუძვლიანი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. აღნიშნული საკითხის უფრო დეტალური ანალიზი იხილეთი „ტურიზმის ინსტიტუტის“ კვლევაში.
5. შიდატურიზმის სტიმულირება და თვითმმართველობების ჩართვა ტურიზმის მენეჯმენტში
შიდატურიზმი გახდება მომავალი ტურისტული ნაკადებისთვის მზადების კარგი პლატფორმა. თავდაპირველად, შიდატურიზმის სტიმულირება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ დაიწყოს კომერციული „მოძრაობა“ ტურიზმის სექტორში. ცხადია, სხვადასხვა ქალაქს ექნება სხვადასხვა გამოწვევა ამ მიმართულებით. მაგალითისთვის ბათუმის გამოწვევა ტურიზმის ჭრილში ვერ იქნება რუსთავის იდენტური და რუსთავი არ და ვერ გაატარებს სტიმულირების იმ ზომებს , რომელიც ბათუმს სჭირდება, ამიტომ, ქალაქებზე/კურორტებზე მორგებული საჭიროებების სწორი გზების დასახვისთვის აუცილებელია თვითმმართველობების აქტიური მუშაობა. მართალია, ქართული „ტურიზმის მენეჯმენტი“ არ ითვალისწინებს თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში, მაგრამ დღევანდელი არაორდინარული გარემოება ყველა სახელმწიფო რგოლის მუხლჩაუხრელ კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს (სხვათა შორის იგივე ეხება საქართველოს პარლამენტსაც; ის ამოვარდნილია ტურიზმის პოლიტიკის პროცესიდან მაშინ, როცა მის გარეშე წამოუდგენელია ასეთი პრობლემის დაძლევა. იხ. პუნქტი 4.). დიფერენცირებული მიდგომის გარეშე ასეთი კომპლექსური გამოწვევის დაძლევა შეუძლებელი იქნება! თუ ცენტრალური ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა ვიმუშავოთ გადასახადების შემსუბუქება/გაუქმების მიმართულებით, შიდატურიზმის სტიმულირების კუთხით, ტურპროდუქტების გაუმჯობესების მხრივ, თვითმმართველობა ამის „ინტერპრეტირებას“ უნდა ახდენდეს თავისი საჭიროების მხრივ. მაგ. ბათუმის მერიას შეუძლია, თავადვე გადაწყვიტოს მიდგომები ქონების გადასახადთან თუ კომუნალური გადასახადების პოლიტიკასთან მიმართებაში. ასევე, მასვე შეუძლია, შექმნას შიდატურიზმის (გრძელვადიან პერსპექტივაში კი უცხოელი ტურისტების) სტიმულირების პაკეტები: მუნიციპალური ტრანსპორტის, ბოტანიკური ბაღის, ბათუმველოს, მუზეუმების და სხვა სერვისების ერთ შეთავაზებაში მოქცევით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა გამოწვევას აქვს თავისი შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა საქართველოსთვის კი არის შემდეგი: ერთხელ და სამუდამოდ გავუმკლავდეთ ტურიზმის მენეჯმენტის ძირეული პრობლემებს!
მამუკა ბერძენიშვილი
„ტურიზმის ინსტიტუტი“
www.asea.ge
კომენტარები