„ბურთს თამაშში შეიყვანს სლავა მეტრეველი…. ბორის სიჭინავაა წინ, მან გამოავლინა თავისი სპორტული მექანიზმის ყველა დეტალი, ბურთი მიიღო დათუნაშვილმა, სარაევს ფეხი აუცდა, დათუნაშვილი ურტყამს, არის, არის, არის!“ – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი 1964 წელს, როდესაც თბილისის “დინამომ” მოსკოვის “ტორპედო” 4-1 დაამარცხა, ჩვენ კი, ქართველებს, ორი გენიალური კომენტატორის – ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის ხმა ერთად დაგვამახსოვრა და დღემდე ვამაყობთ ამ ბრწყინვალე სიტყვის დირიჟორებით, რომლებიც რადიოტრანსლირების დროს რეპორტაჟის გამრავალფეროვნების გარდა, სიურპრიზებს გვიწყობდნენ და გოლებს „გვინახავდნენ“. ბოლო წუთზე, ფრე რომ ეგონა ქართველ მსმენელს, მაშინ გამოაჩენდნენ ხოლმე მეოცე, მესამოცე თუ მეოთხმოცე წუთზე გატანილ ბურთებს და ასე დუღდა საფეხბურთო ცხოვრება სტადიონზე და სპორტულ კაბინაში. თუ მაყურებელი მეთორმეტე მოთამაშე გახლდათ, სათადარიგო სკამზე აუცილებლად იყო კომენტატორების ადგილი, რომლებიც დაუვიწყარ სპექტაკლებს დგამდნენ და ხალხში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ.
ახლა ცოტა უკან გავიხედოთ და ქართულ სივრცესაც გავცდეთ. მინდა, წარმოიდგინოთ XIX საუკუნის ბოლო, ერთი ინგლისელი ქუჩის ბიჭი, რომელიც ლუდის პაბიდან კაი ნასვამი გამოვიდა და ე.წ. თუნუქის ქილა სახლამდე ფეხის ცემით მიაგორა, ეს შეამჩნია მეორემ, მესამემ და ისტორიაც დაიწყო. თქვენ იტყვით, XIX საუკუნის ბოლოს თუნუქის ქილა და ქილაში ლუდი არ არსებობდაო, მაგრამ მე ხომ გითხარით – წარმოიდგინეთ მეთქი!
აი, ასე ხმაურით დაიბადა ფეხბურთი ინგლისში, რომელიც, როგორც ამბობენ, ბრაზილიაში გაიზარდა და საქართველოში დაიღუპა… პირველი კლუბი და საფეხბურთო ასოციაციაც ინგლისში დაარსებულა, უძველესი ბერძნები და რომაელებიც თამაშობდნენ ფეხბურთისმაგვარ სპორტს, თუმცა, შეზარხოშებულ სოკრატეებსA და არისტოტელეებს რა ფეხბურთი უნდა ეთამაშათ და ბურთის ხელით ტარებაც დაუშვიათ თურმე. აღნიშნული სპორტი შეტანილი იყო ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რომში ჩატარებულა და მაშინ ერთ მხარეს 27 კაცი თამაშობდა. ანუ იმ დროშიც იქნებოდა ვიღაც ამ სპორტის არამოყვარული, რომელიც იტყოდა – ეგ რა თამაშია, ერთ ბურთს 54 კაცი დასდევსო.
სანამ ძირითად სათქმელზე გადავალ, არ შემიძლია, ერთი ძველი კურიოზიც არ გაგახსენოთ: როდესაც მარაკანას გადაჭედილ სტადიონზე გამოაცხადეს, ჯიბეში ვისაც სიდედრის ფოტო ექნება, ახალთახალ ავტომობილს ვჩუქნითო და თქვენ წარმოიდგინეთ, 82 000 ადამიანში მართლა აღმოჩნდა ისეთი კაცი, რომელსაც თურმე გარდაცვლილი სიდედრის ფოტო გასადიდებლად მიჰქონდა, გულმა არ მოუთმინა და სტადიონზე შეიარა თავისი საყვარელი სპორტით რომ გაექარვებინა სიმძიმილი, აბა, ისე რა მატარებინებდა ჯიბით სიდედრის ფოტოს, თუ თავად სიდედრი არ იქნებოდა ფეხბურთელიო, – ნანუკას შოუში უთქვამს მოგვიანებით.
ბრაზილია ბრაზილიაა, მაგრამ არგენტინის დედაქალაქიდანაც ჩამოსულა რამდენიმე წლის წინ ერთი პატიოსანი კაცი, ხორხე მარიო ბერგოლო, რომელიც რომის პაპთან, ბენედიქტ XVI–სთან, ერთად ლუდის თანხლებით გერმანიისა და იტალიის თამაშს ჩაუჯდა და ამ უკანასკნელმა რახან X2 აიღო და იტალია დამარცხდა, სწორედ მაგის გამო დაუთმია პაპობის თანამდებობა ბატონი ხორხესთვის, მარა მთლად ეგრეც არაა და ფრანცისკე გერქმევა დღეიდანო, – ნიშნის მოგებით უთქვამს ფრანჩესკო ტოტის ფანობის გამო ძია ბენედიქტს. ხუმრობა იქით იყოს და ინტერნეტსივრცეში ნამდვილად მოიპოვება ამ ორი ადამიანის კადრები, რომლებიც სხედან და გენიალურ სპორტს – ფეხბურთს ადევნებენ თვალყურს. ფეხბურთი, ძვირფასო მკითხველო, არის სტადიონზეც, ტელევიზორშიც, ქუჩაშიც, გულშიც, რომის პაპის რეზიდენციაშიც, სამწუხაროდ, ტოტალიზატორშიც და თანამედროვე ტექნიკის მამები დაუშვებდნენ განა, რომ ეს თამაში კომპიუტერში არ შეეტანათ?! რა თქმა უნდა, არა! დღეს კიბერსპორტი უამრავ ვიდეოთამაშს მოიცავს და მათ შორისაა ფეხბურთის სიმულატორი PES-2020, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ეს განსაკუთრებით წამახალისებელი და სასარგებლოა შშმ- ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად ერთვებიან მიმდინარე ტურნირებში და განსაკუთრებული წარმატებითაც სარგებლობენ. კარგა ხანია ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ბრწყინვალედ ასპარეზობს ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირზე, ტარდება შიდა ჩემპიონატებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ათასობით მაყურებელიც კი მოიზიდა მსგავსმა შეჯიბრებებმა. ეს არის მომავლის სპორტი, მომავლის ფეხბურთი. მე ვერ გეტყვით, კიდევ სად შეაღწევს ეს გენიალური თამაში, რომელ სფეროსა თუ სივრცეს მოიცავს, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი – ახლა ამ ბლოგის წერა მალევე უნდა დავამთავრო და ჩემს მეგობრებს შევუერთდე, რომლებიც უკვე მელოდებიან, რათა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ამავე სპორტში დასამახსოვრებელი მარცხი ვაწვნიოთ. ჩვენს საუკუნეში კი, თუ ფიზიკური მონაცემები ან ჯანმრთელობა ხელს არ გვიწყობს, ვერ ვკენწლავთ მესიზე მეტს, ვერ გაგვაქვს რონალდოზე მეტი გოლი, არ შეგვიძლია 90 წუთის მანძილზე სტადიონზე სირბილი და სიდედრის ფოტო კედელზე გვირჩევნია, ვიდრე გულისჯიბეში, უბრალოდ, ერთი წინადადება დაიხსომეთ:
ფეხბურთი? – ხელით უნდა ითამაშო!
www.asea.ge
კომენტარები