ეკონომიკური ცხოვრება მრავალფეროვანია, ამ სიტყვის პირდაპირი თუ ირიბი გაგებით.
ირიბი გაგებით ყველაფერი ცხადია – ეკონომიკის მრავალფეროვნება გამოიხატება ეკონომიკური პროცესების კურსითა და ნიშით. ძირითადად, მისი მრავალფეროვნება იდეოლოგიურ კლასიფიკაციასთან ასოცირდება.
მოგეხსენებათ, რომ არსებობს ლიბერალური, სოციალური, “მესამე გზის”, ლესე-ფერის და სხვა ტიპის ეკონომიკურ მოდელთა კატეგორიები, მაგრამ გარდა ამისა, ეკონომიკური პროცესების დიფერენციაცია უშუალოდ ფერთა პალიტრის საშუალებითაც ხდება.
ფაქტობრივად, ბუნებაში არსებულ ყველა ფერს თუ შესატყვისად დავურთავთ ეკონომიკას, მივიღებთ კონკრეტული ტიპის სისტემურ მოცემულობას.
მოდით, ეკონომიკურ ფერთა სპექტრის წარმოდგენა ყველაზე გავრცელებული ფერით დავიწყოთ ეკონომიკურ სამყაროში.
“მწვანე ეკონომიკა” ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი სიმპათიას იწვევს. ის დამყარებულია ისეთ ეკონომიკურ მოდელზე, რომელშიც გარემოს ეკოლოგიური კონდიციაა პრიორიტეტული.
ეკონომიკური განვითარება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების და მათი რაციონალური გამოყენების იდეაზეა დაფუძნებული.
ცნობადობით არანაკლებ გამოირჩევა “შავი ეკონომიკის” მიმართულება , რაც საზოგადოებისთვის “შავი ბაზრის ” სახელითაა ცნობილი.
“შავ ბაზარზე” იყიდება არალეგალური პროდუქტები და წარმოებს არალეგალური საქმიანობა , რისი მონიტორინგიც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ვერ ხერხდება.
“შავი ეკონომიკის” საპირწონე , ფერების ბუნებრივი მოცემულობის ჭრილში თუ განვიხილავთ , “თეთრი ეკონომიკაა”.
“თეთრი ეკონომიკა” ფართო საზოგადოებისთვის მომავლის ეკონომიკად ითვლება,, რის კარდინალურ ნაწილს ბიომედიცინა, ფარმაცია, ჯანდაცვა და სხვა ტიპის სამედიცინო სერვისების მიმოცვლა წარმოადგენს.
როგორც “თეთრი ეკონომიკა ” არის მკვეთრად კონტრასტული “შავ ეკონომიკასთან ” მიმართებაში, ბუნებრივი მოცემულობის ჭრილში, ასევე, რადიკალურად განსხვავებულია “ყავისფერი ეკონომიკური მოდელი” “მწვანე ეკონომიკასთან” მიმართებაში, ოღონდ ამჯერად უკვე არსობრივადაც.
“ყავისფერი ეკონომიკა” პრიორიტეტად ეკონომიკურ ზრდას ისახავს და ამ მიმართულებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ბუნებრივი კონდიცია. ის საზოგადოებაში “ტრადიციული ეკონომიკის” სახელითაცაა ცნობილი.
რაკი ურთერთსაწინააღმდეგო ეკონომიკურ ფერებზე ვსაუბრობთ , არ შეიძლება, არ ვახსენოთ , “ნაცრისფერი ეკონომიკისა” და “წითელი ეკონომიკის” ურთერთსაპირისპირო პოლუსებზე ყოფნა თუ გარემოების განმსაზღვრელ ფაქტორად ეკონომიკური თავისუფლების ინდიკატორს ავიღებთ.
” წითელი ეკონომიკა” კომუნისტური იდეოლოგიის ეკონომიკურ მოდელს ასახავს , ცენტრალიზებული მართვითა და მძლავრი ტიპის შეზღუდვებით. “ნაცრისფერი ეკონომიკა” კი ისეთი ტიპის ეკონომიკური საქმიანობების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც თითქმის სრულად გათავისუფლებულია სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლისგან და მათ შორის – გადასახადისგანაც.
ასევე, საკმაოდ პოპულარული და საინტერესოა “იისფერი ეკონომიკა”, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა კულტურული მემკვიდრეობებია. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ის უფრო და უფრო აქტუალური და ფასეული ხდება, ამიტომ ამ მოდელის მხარდამჭერი ორგანიზაციები ხშირად აპელირებენ მემკვიდრეობის , როგორც მატერიალური კეთილდღეობის სამომავლო გარანტის, გაფრთხილებასა და ბრენდირებაზე.
ასევე, ერთ-ერთი ყველაზე გლობალური ხასიათის და მსხვილბიუჯეტიანი ეკონომიკური ფერია ლურჯი.
” ლურჯი ეკონომიკა” მოიცავს ეკონომიკის იმ ნაწილს , რომელიც დაკავშირებულია საოკეანო და საზღვაო აკვატორიასთან. საზღვაო რესურსებით ვაჭრობა, საერთაშორისო თუ რეგიონული საზღვაო გადაზიდვები და სხვა ტიპის იდენტური პროცესები, არსობრივად წარმოადგენს “ლურჯი ეკონომიკის” შემადგენელ კომპონენტებს.
“ლურჯი ეკონომიკის” განვითარების კონცეფციაზე ინტენსიური მუშაობა მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რადგან სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ურთიერთობების გენერალურ გზას სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს.
დროთა განმავლობაში აქტუალობას იძენს შედარებით ლოკალური მასშტაბების, მაგრამ გლობალური არსობრივი მნიშვნელობის მქონე “ვარდისფერი ეკონომიკა”.
“ვარდისფერი ეკონომიკის” გენერალური დატვირთვა და მიზანი, გარდა ფინანსური კაპიტალის დაგროვებისა, არის LGBT საზოგადოებისთვის ყოველდღიური ყოფის გამარტივება. “ვარდისფერ ეკონომიკას” წარმოადგენს “LGBT ტურიზმი” , სხვადასხვა ტიპის აქსესუართა მაღაზიები და სხვა იდენტური მახასიათებლების მქონე ობიექტები.
მსოფლიოს ეტაპობრივ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის “ნარინჯისფერ ეკონომიკას”, რომელიც ასევე “კრეატიული ეკონომიკის ” სახელითაა ცნობილი.
“ნარინჯისფერი ეკონომიკის ” ფუნდამენტს იდეები და ინოვაციები წარმოადგენს.
“ნარინჯისფერი ეკონომიკის” დამსახურებაა ახალი კულტურებისა და მოდერნიზებული სამუშაო ადგილების დანერგვა და შექმნა.
როგორც ვხედავთ, ფერები, როგორც ჩვენ გარშემო არსებული გარემოს, ასევე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია.
ცნობილია, რომ ყველა ადამიანს აქვს ფავორიტი ფერი აღქმის თვალსაზრისით, როგორია თქვენი ფავორიტი ფერი ეკონომიკურ ჭრილში?
www.asea.ge
კომენტარები