აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრი საგრანტო პროგრამას – „სოფლად მეწარმეობის განვითარება“-ს ახორციელებს.
საგრანტო პროგრამა ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის გარდა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მათ შორის ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც და დაფინანსების მოპოვება შეუძლია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც, განცხადების წარდგენა კი 31 მარტამდეა შესაძლებელი.
საგრანტო პროექტი ორეტაპიანია, პირველი ეტაპი განცხადების წარდგენა-გადამოწმებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ეტაპზე გადასული იდეების ავტორები გასაუბრებას სპეციალურ კომისიასთან გაივლიან. აგროსერვისცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის, ინფორმაციით, განცხადების წარდგენა ელექტრონულად არ წარმოებს, შესაბამისად, დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადი ადგილზე, აგროსერვისცენტრების ოფისებში, უნდა შევიდეს.
„პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია და მთლიანი თანხა იდეების დასაფინანსებლად გაიცემა. იმისთვის, რომ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა დაფინანსება მოიპოვოს, წერილობითი განცხადება უნდა შემოიტანოს აგროსერვისცენტრში, შეზღუდული არ არის სფეროები, აქ მნიშვნელოვანია, იდეა იყოს კარგი. ის იდეები დაფინანსდება, რასაც კომისია მოიწონებს,”- აცხადებს გოჩა ბერიძე’
აგროსერვისცენტრის საგრანტო პროგრამა პროექტების 70% -ს დააფინანსებს, დანარჩენი 30 % კი პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა უნდა დაფაროს. პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ის არის, რომ მიწის ნაკვეთი, რაზეც პროექტი უნდა განხორციელდეს, საკუთრებაში უნდა იყოს რეგისტრირებული.
ვისი იდეა დაფინანსდება და ვინ მიიღებს ფინანსურ სარგებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბოლო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს, რომლის შემადგენლობაშიც, გოჩა ბერიძის ინფორმაციით, სამთავრობოსთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან და დასძენს, რომ დაფინანსების გაცემა, მაშინ დაიწყება, როდესაც ყველა იდეა შეფასდება.
„ერთ ბენეფიციარს მხოლოდ ერთი იდეის წარდგენის უფლება აქვს, დაფინანსებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ერთობლივად მიიღებს.
განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ კომისია შეისწავლის, რამდენად სწორად არის დოკუმენტაცია შედგენილი; ხარვეზის შემთხვევაში კონკრეტულ ბენეფიციარს ხარვეზის ჩასასწორებლად ათდღიანი ვადა მიეცემა, პარალელურად კომისია განიხილავს იდეებს და ჩაინიშნება გასაუბრებები. დაფინანსების გაცემის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი განაცხადი შემოვა და როდის შეფასდება პროექტები.
დაფინანსება, მანამდე არ გაიცემა, ვიდრე ყველა იდეა არ შეფასდება და არ გამოვლინდება გამარჯვებულები. პროგრამულად წელს უნდა განხორციელდეს პროექტები, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ან სხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა კონკრეტული პროექტი; კანონით გათვალისწინებული შემთხვევების დროს პროექტი მომავალ წელს გადავა,“ – აცხადებს გოჩა ბერიძე.
პროგრამის პრიორიტეტები:
- ინოვაციური პროექტები;
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოდგენილი პროექტები;
- ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება;
- ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები;
- ქალების მიერ წარმოდგენილი პროექტები;
- სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობით გათვალისწინებული პროექტები; ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები.
პროგრამის პირობები:
- პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.
- პოტენციურ ბენეფიციარს პროგრამაში ჩართვის მიზნით ცენტრში მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენის უფლება აქვს;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადი დაიშვება ოთხი კრიტერიუმის გათვალისწინებით: პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი; პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა; პროექტების დასაშვებობა; ხარჯების მიზნობრიობის ადეკვატურობა/შესაბამისობა
დაფინანსების პირობები:
- აგროსერვისცენტრი პროექტის ღირებულების 70%-ს დააფინანსებს, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარისა, დაფინანსება შესაძლოა, შეადგენდეს 70%-ზე ნაკლებს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 100 000 ლარს;
- ბენეფიაციარის თანამონაწილეობას შეადგენს პროექტის ღირებულების 30%;
- ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 ათას ლარს;
- ხელშეკრულების დადების შემდეგ ცენტრი დაფინანსებას გასცემს მხოლოდ ბენეფიციარის მიერ თანამომაწილეობის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში;
- შესაძლებელია ცენტრის მიერ დაფინანსების გაცემა განხორციელდეს ბენეფიციარის მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის/დასკვნის წარმოდგენამდე, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
- ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი სახსრები;
პროგრამით არ დაფინანსდება:
- სამხედრო, ბირთვული და სახიფათო ნივთიერებების წარმოება;
- სათამაშო ბიზნესი და აზარტულ თამაშები;
- საფინანსო მომსახურება (მათ შორის სალომბარდო);
- საქველმოქმედო საქმიანობა;
- თამბაქოს წარმოება;
- საიუველირო ნაწარმის დამზადება (გარდა მინანქრის ნაკეთობის დამზადებისა);
- რესტორნის/კაფე-ბარის მოწყობა;
- დეველოპერული საქმიანობა (მათ შორის პროგრამული საქმიანობა, Software დეველოპმენტი, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა);
- ელექტრონული ბიზნესი (გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარებისა);
- სატრანსპორტო მომსახურება;
- სამშენებლო საქმიანობა (გარდა თევზის მეურნეობის მოწყობისა, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმის მშენებლობისა);
- ჭაბურღილის მოწყობა;
- საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ან/და რემონტი;
- სათბურის მოწყობა;
- მრავალწლიანი ბაღების გაშენება;
- ერთწლიანი კულტურების პირველადი წარმოება;
- სასტუმროს/კოტეჯის მოწყობა/აღჭურვა;
- არ განიხილება ისეთი თევზის მეურნეობის მშენებლობა/მოწყობა, რომლის აუზების ფართობი ნაკლებია 200 კვ.მ-ზე; არსებული თევზის მეურნეობის შემთხვევაში პროექტით გათვალისწინებული ახალი და ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული აუზების საერთო ფართობი არ უნდა იყოს 200 კვ.მ-ზე ნაკლები; არსებული სალიფსიტე მეურნეობის შემთხვევაში პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებებით აღჭურვას.
- ისეთი მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც არ არის გათვლილი 20-ზე და მეტ პირუტყვზე;
- ისეთი მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც არ არის გათვლილი 3 000-ზე და მეტ ფრთა ფრინველზე;
- ისეთი მეფრინველეობის/მეცხოველეობის ფერმების მშენებლობას, რომელიც არ არის დაგეგმილი თანამედროვე სტანდარტებით, საქართველოში მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით;
- ისეთი ღვინის წარმოების დაფინანსება, რომლის წლიური წარმოება (ღვინის დამზადებისთვის საჭირო ავზების მოცულობა) 10000 (ათი ათასი) ლიტრზე ნაკლებია და აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლიტრს, განხილული არ იქნება იმ ბენეფიციარების წინადადებები, რომელსაც პროექტით არ ექნებათ წარმოდგენილი ღვინის წარმოების სრული ტექნოლოგიური ხაზი;
- ისეთი იურიდიული პირების თანადაფინანსება, რომლებშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სახელმწიფო ფლობს წილს, პაის ან აქციებს;
- პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/აქციონერი/მეპაიე ფლობს 6 წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში, მისთვის საქართველოში რეგისტრირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/შემსრულებელ კომპანიაში;
- პროგრამა არ ითვალისწინებს ისეთი ფიზიკური პირების თანადაფინანსებას, რომლებიც მონაწილეობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებულ „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში;
- პროგრამა არ ითვალისწინებს ისეთი ფიზიკური/იურიდიული (ბენეფიციარები) პირების თანადაფინანსებას, რომლებიც დაფინანსდნენ ცენტრის მიერ 2020 წელში გამოცხადებულ სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით.
კომენტარები