აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე, მათ საფრთხეებსა და მოლოდინებზე Asea.ge-მ უკვე დაწერა. დღეს თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით. ამჯერად ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ გიამბობთ. უფრო სწორად, თავიანთ ამბებს ისინი თვითონ მოგვიყვებიან.
გოდერძი აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხანდარაში ცხოვრობს, გენადი აბულაძის ოჯახი კი – სოფელ შურმულში. მათ ისტორიებს რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ „ცხოვრობს“ – გადაჭარბებული ნათქვამია. ისინი, უკვე წლებია, სიცოცხლეს საფრთხის მოლოდინში ატარებენ და ღამით ჩაცმულებს სძინავთ. თოვლისა და ძლიერი ქარისგან, შესაძლოა, ნებისმიერ დროს, მათი სახლები დაინგრეს. ამიტომ მუდმივად მზად არიან, რომ გაქცევა მოასწრონ და გადარჩნენ.
გოდერძი აბულაძე, ხულო, სოფელი სხანდარა: „არაერთხელ გავაგებინეთ ხელისუფლებას ჩვენი მდგომარეობის შესახებ. ისეთ დღეში ვართ, ზამთარში ეს სახლი შეიძლება, ნებისმიერ დროს დაინგრეს. ვიღაცები იყვნენ მოსული, გეოლოგები ვართო, მერიამ გამოაგზავნა. ამოვიდნენ, შეამოწმეს სახლი, დაგვპირდნენ, გავაკეთებთ, არ ინერვულოთო და წავიდნენ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. მერე რამდენჯერ მივმართე, განცხადება შევიტანე. მპირდებიან, მოგივა პასუხიო და არანაირი პასუხი არაა.
გეოლოგების დასკვნა მე არ მინახავს. უკვე აღარც ვიცი, გეოლოგები თუ იყვნენ ეგენი. თვითონ დღე და ღამე მობილიზებული ვართ, არ გვძინავს. ქარი რომ ამოვარდება, ჩემს ძმასთან გადავდივართ მთელი ოჯახი. ორი ავადმყოფი მყავს სახლში. რომ გათოვდება, მაშინვე ვყრი თოვლს სახურავიდან. აქ მეწყერიც შეიძლება, განვითარდეს, მთელი სოფელი საფრთხეშია. შვიდი ოჯახი ვართ ასე, მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, ჩემს სახლს სხვა საფრთხეებიც აქვს. ქარმა ან თოვლმა შეიძლება, დაანგრიოს. ჩემით ვერაფერს ვახერხებ. სოციალურ შემწეობას ვიღებთ ოჯახი და ყველაფერს საკვებზე ვხარჯავთ. ადრე თურქეთში დავდიოდი სეზონურ სამუშაოებზე, ჩაის ვკრეფდი. ახლა ესეც არ არის. მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს სახლში. შვიდი წევრი ვართ ოჯახში. ღამე რომ მოთოვოს და ვერ გავიგოთ, შეიძლება, ჩამოინგრეს და მოგვიყოლოს. არასდროს მშვიდად არ ვართ, არასდროს.“
ბულბული აბულაძე, ხულო, სოფელი შურმული: „ოჯახში მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს, ექვსი ადამიანი ვართ. სახლი ავარიულია, საყრდენი დამპალია და ჭერიც ჩამოინგრევა, სადაცაა. სახლში შემოსვლაც საშიშია. ოთხი-ხუთი წელია, რაც მერიას, სოფლის გამგებელს, ამას ვთხოვ და ვევედრები, რომ მოგვხედონ. ღამე, ჩვენს ძილში რომ მოთოვოს და სახურავიდან გადმოყრა ვერ მოვასწროთ, ვერც გავაღწევთ სახლიდან. დამიჯერეთ, ჩაცმულს მძინავს, რომ შვილიშვილს და ოჯახის წევრებს ხელი დავავლო და გავიყვანო.
მეუბნებიან, 200-ლარიან ქირაში გადიო. ჯერ ერთი, აქ ამ თანხაში ექვს ადამიანს არავინ არ შეგვიშვებს ქირით. მეორეც, სოციალური დახმარებაც შეგვიჩერეს, შვილიშვილი რომ გაჩნდა და ალბათ, ორი-სამი თვე უნდა ველოდოთ დანიშვნას. ეს ერთადერთი საარსებო წყაროა ჩვენთვის. მანამდე არ ვიცი, რა ვქნათ. არავინ არ მუშაობს. აქ სოფლის მეურნეობით, კი იცით, დიდი შემოსავალი არ გვაქვს. ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა და მისი საკვებიც ძალიან გაძვირდა.
პირადად შევხვდი თორნიკე რიჟვაძეს ორჯერ და განცხადებაც შევიტანე. ვახტანგ ბერიძემაც, ხულოს მერმა, სოფლის გამგებელმა და ყველამ იცის ჩვენი გაჭირვება. მარტო თოვლი კი არა, ცოტა ქარიც რომ ამოვარდეს, წაიქცევა სახლი. მთელი სახლი ავარიულია. ამოვიდა ბერიძე, ვთხოვე, შემოდი შიგნით, დაინახე კარგად, რა დღეში ვარ-მეთქი. არ შემოვიდა, ვიცი ყველაფერიო. გამომიგზავნეს გეოლოგები და იმათ თქვეს, ეს სიძველისგან არისო. როგორც ჩანს, ამ დასკვნასაც ისე წერენ, ახლობლობით და ნათესაობით. გამგებელს ვუთხარი, რომ დაინგრეს და დავიხოცოთ, ხომ შეგეკითხებიან, რატომ არ იმოქმედე, თუ იცოდიო. ჩემს თავს აღარ ვდარდობ, შვილებისა და შვილიშვილის დარდი მაქვს. ასეთი პრობლემები, ჩვენს სახლს რომ აქვს, არავისთან არაა. მართლა მენგრევა, მართლა!
სიძველის გამო მოგვცემენ 10 000 ლარს, რომლითაც ჩვენ უნდა შევაკეთოთ, მაგრამ არ ექვემდებარება ეს სახლი შეკეთებას. არც ერთი მასალა არ არის ისეთი, რომ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამპალია და ჩვენ თუ თანხა არ დავამატეთ, არ ყოფნის. დასამატებელი ფული კი არ გვაქვს.“
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის უფროსმა ჯამბულატ მელაძემ გვითხრა, რომ აღნიშნული ოჯახების პრობლემების შესახებ იციან და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მომავალი წლიდან გეგმავენ. „წელს გვქონდა სიძველის პროგრამა, მაგრამ შემოსავლების სიმწირე იყო და ვერ ავამოქმედეთ. მომავალი წლის გაზაფხულიდან ვგეგმავთ ამოქმედებას. ქირით გასვლა შევთავაზეთ გენადი აბულაძის ოჯახს, მაგრამ უარი თქვეს. პირუტყვი გვყავს და სად წავიყვანოთო. ჰგონიათ, რომ თუ ქირით გავიყვანთ, სიძველის პროგრამაშიც ვერ მოხვდებიან. გასაგებია, რომ 10 000 ლარი ცოტაა, მაგრამ სოფელიც დაეხმარება, სახურავის პროგრამაშიც მოხვდება და შეივსება. თოვლის შრობის შემდგომ კომისია ავა, ადგილზე შეისწავლის, რა არის საჭირო და იმის მიხედვით გაკეთდება. თვითონაც უნდა იმოქმედოს. არის სხვა სოფლებში 10 000 ლარად კარგი სახლები. შეიძლება ყიდვა და ადგილმონაცვლეობა. ამ ოჯახს ნაკვეთი აქვს, ძებნა არ სჭირდება და იმედია, მოგვარდება.
რაც შეეხება სხანდარაში გოდერძი აბულაძის ოჯახს, იქ ზვავების საფრთხეა. დასკვნაში დაგვიწერეს, რომ დამცავი მესერების გაკეთებაა საჭირო. დავუკავშირდით ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც ასეთი ტიპის სამუშაოებს სვანეთში ახორციელებს. ისინი ჩამოსული იყვნენ ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურის წინ და ადგილზე მივიყვანეთ. მერიც იყო, ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. ახლა ველოდებით მათგან, რამდენად შესაძლებელია იქ სამუშაოების ჩატარება, როგორია მიზნობრიობა და ხარჯი რა მოცულობის იქნება. შვიდ ოჯახზეა საუბარი და თუ შვიდივეს ჩართვა პროგრამაში უფრო იაფი დაჯდება, მაშინ კატეგორიის მინიჭების საშუალება გვექნება და პროგრამაში ჩავსვამთ, რომელიც თითოეული ოჯახის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 25 000 ლარს ითვალისწინებს. მთლიანად სოფელი ზვავსაშიშია და იქ მესერების გაკეთება ვერ მოხერხდება, ტრანსპორტი არ უდგება. იმ კომპანიისგან ვიცით, რომ ძალიან ძვირი დაჯდება ეს მომსახურება, მაგრამ ველოდებით, რომ წერილობით მოგვწერონ. შეიძლება, ხარჯმა მილიონამდეც კი მიაღწიოსო, გვითხრეს. ამის შემდეგ მოგვეცემა კატეგორიის მინიჭების საშუალება, რაც ნიშნავს, რომ ეს შვიდი ოჯახი განსახლებას ექვემდებარება. მათი ჩართვა 25 000-ლარიან პროგრამაში სახელმწიფოსთვისაც მოგებიანი იქნება. ზამთარში იქ ტექნიკასაც ვერ შევიყვანთ. კატეგორიის მინიჭებასა და სხვა პროცედურებსაც დრო სჭირდება და ამ შემთხვევაშიც, შეგვიძლია, ეს კონკრეტული ოჯახი ქირით გავიყვანოთ,“ – განაცხადა ჯამბულატ მელაძემ.
პროცედურებს რომ დრო სჭირდება, ეს იმ ოჯახებმაც იციან, რომლებიც ყოველ ზამთარს შიშით ხვდებიან და საფრთხის მოლოდინი ღამით მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევთ. ამბობენ, რომ მათი სახლები განგების ძალით დგას და იმედი აქვთ, რომ უსაფრთხო საცხოვრისს მომავალ წელს მაინც ეღირსებიან. მთავარია, მანამდე სახლებმა თოვლსა და ქარიშხალს გაუძლონ.
www.asea.ge
კომენტარები