“რატომ ბოგინობს ჩვენს ხალხში ისევ შუასაუკუნეობრივი სული, ეროვნულობისა და სარწმუნოების იგივეობაში რომ გამოიხატება?”
31 წლის წინ (1990 წელს გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში“) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორი ახლახან კოვიდინფექციით გარდაცვლილი ენათმეცნიერი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გახლავთ, წარმოდგენილი პრობლემა კვლავაც აქტუალურია, სამწუხაროდ.
წერილი შესავლით შეგვეძლო დაგვეწყო, მაგრამ ისედაც დატვირთულია ჩვენი პრესა თუ ტელევიზია ზოგადი ფრაზებითა და ბანალური შეგონებებით. მოდით, პირდაპირ დავსვათ კითხვა: აქვს თუ არა ყველა ქართველს ეროვნულ თვითშეგნებაზე წარმოდგენა და იცის თუ არა თითოეულმა ქართველმა, კიდევ ვინ არის ქართველი?
მე ხშირად დავდივარ ქართულ სოფლებში დიალექტოლოგიური მასალის მოსაპოვებლად და შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა – ხალხს, მასას, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ამ საკითხებზე, თავად განსაჯეთ: მაგ., თიანეთში ერთ ჩემს კოლეგას უთხრეს: „აქ (თიანეთში – ტ.ფ.) ცხოვრობენ ხევსურები, ფშავლები და ჩვენ – ქართველებიო“.
გურიაში ერთ–ერთი სასოფლო საბჭოს თავმჯდომარემ მითხრა: „ჩემს საბჭოში გვერდიგვერდ ცხოვრობენ გურულები, სომხები და აჭარლები“… სამეგრელოში ან აჭარაში კეთილშობილმა და პირნათელმა მასპინძელმა ზოგჯერ შეიძლება შემოგკადროს: „რა ამბებია საქართველოშიო?“… „ფერეიდანიდან თათრები ჩამოუსახლებიათო“, – მითხრა ერთხელ ერთმა გათბილისელებულმა კახელმა… უცოდინრობის შედეგი – მსგავსი ფრაზები ყველა კუთხეში შეიძლება, გაიგონოთ…
საცოდაობაა, პირდაპირ, როდესაც არდადეგებიდან ახალდაბრუნებული სტუდენტები ევროპისა და რუსეთის ქალაქების შესანიშნავი ცოდნით ტრაბახობენ და ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ საქართველოს განაპირა კუთხეებზე… ხშირად შემხვედრია, კარგი ახალგაზრდა, შესანიშნავად რომ საუბრობს თანამედროვე ამერიკულ მწერლობაზე და საფარა ან ნინოწმინდა სად არის, არ იცის, ფერეიდნელი თუ ქართველია, არ იცის…
ყოველივე ამას იყენებენ წყალთა მღვრეველნი და აქ თუ იქ ჩნდება ოფოციალური ცნობები, სადაც ცალ–ცალკე ერებად მოიხსენიებენ ქართველებს, მეგრელებს, სვანებს, აჭარლებს, ხევსურებს, თუშებს… ზოგჯერ მთელი თეორიებიც იქმნება ამა თუ იმ კუთხის შვილების არაქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად; ამით სხვისი საქმე კეთდება. ჩვენ კი ისევ შინაომებითა ვართ გართულნი და ძალიან ცოტას ვაკეთებთ ერთიანი, ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებისათვის. ქართული ეროვნული სულის გამთლიანებისათვის.
კაცი, რომელსაც ეროვნული თვითშეგნება არ გააჩნია, საცოდავი კაცია, არარაობაა, და ასეთი არსებისგან როდესაც ვისმენ: „მესხები და ინგილოებიქართველები არ არიან და არც ყოფილანო, გული მიკვდება, მეცოდება ამის მთქმელიც და ბრაზით ვივსები: რატომ უნდა წასულიყო ჩვენი საქმე ამგვარად; რატომ მომრავლდა ჩვენში რბილსავარძლებსა და ჩინ–მედლებზე შეყვარებული ხალხი; რატომ გვეშინოდა ნაციონალიზმის ხსენებისა; რატომ ბოგინობს ჩვენს ხალხში ისევ შუასაუკუნეობრივი სული, ეროვნულობისა და სარწმუნეობის იგივეობაში რომ გამოიხატება?

ერთხელ გურიაში ორი გურულის კამათს შევესწარი: აჭარლები არიან თუ არა ქართველებიო?
ქართული ენის მასწავლებელი უმტკიცებდა: ქართულად ლაპარაკობენ, ქართველები არიანო, მეორემ – ვერ დავიჯერებ, მათ ქართული აქ ისწავლესო… – გაოცებული დავრჩი მისი „მიხვედრილობით“, – გაუგონარი თავხედობით.
აჭარაში თუ ყოფილხარ–მეთქი, – ვიკითხე; – არაო, – შეცბა; მაშინ ასეთი აზრი თავში რატომ მოგივიდა, ჩემო ბატონო–თქო; „აჭარლები მუსლიმანები არიან და ქართველები საიდან იქნებიან?“ – შეეცადა თავის მართლებას; მაშინ შენ ბერძენი ყოფილხარ, ქრისტიანობა საბერძნეთიდან შემოვიდა საქართველოში, შეიძლება – ებრაელიც, ქრისტე ებრაელი იყო–მეთქი, – გაჩუმდა, პასუხი აღარ უცდია.
მე გავაგრძელე: აჭარა საქართველოს ერთ–ერთი უძველესი კუთხეა, სადაც პირველი ქრისტიანები ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გამოჩნდნენ; აჭარაში ეკლესიები რევოლუციის შემდეგ არ დაუნგრევიათ, რაც დრო–ჟამს გადაურჩა, დღესაც ამაყად დგას, ნაეკლესიარს კი წმინდა ადგილად მიიჩნევენ, დღესაც ლოცვა–წყევლის დროს ღმერთს შესთხოვენ და არა – ალაჰს, დღესაც კეცის მჭადს ჯვარს ასვამენ, ზოგან კვერცხებსაც ღებავენ; აჭარა– მესხეთის ერთ–ერთი ნაწილი (გურიაც მესხეთში შედიოდა), ქართული კულტურის აღორძინების ერთ–ერთი კერაა.
აჭარული კილო მესხურ–ჯავახურთან, იმერულთან, გურულთან და ქვემოიმერულთან ერთად ერთ დიალექტოლოგიურ წრეს ქმნის და სწორედ აჭარული წარმოადგენს შუალედურ რგოლს სამცხე–ჯავახურსა და გურულ–ქვემოიმერულს შორის; აჭარა საქართველოს ის ერთ–ერთი კუთხეა, სადაც ძალიან კარგადაა დაცული ქართული ენა… დარცხვენილმა კაცმა ბოლოს აღიარა, რომ მან ამდენი არ იცოდა. პატიოსან კაცს, უბრალოდ, არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა, განა ცუდი ქართველი იყო? უცოდინარი იყო მხოლოდ.
არ იფიქროთ, რომ ეს კერძო შემთხვევაა, ასეთი ბევრი, ძალიან ბევრი უცოდველი უცოდინარი და უნებლიე დამნაშავე შემხვედრია (და რამდენი ჯერ არ შემხვედრია)… უძრაობის წლებში თუ ვერ შევძელით, ყველა ქართველისთვის მოგვეწვდინა ხმა, თუ ვინაა ქართველი და ვინაა მისი მტერი, ახლა მაინც რა გვიშლის ხელს? მწერლებთან ერთად პრესას, ტელევიზიას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ამ მხრივ – ენათმეცნიერების, ეთნოგრაფების, ისტორიკოსების პოპულარული ხასიათის ნაშრომები მათ ფართო საზოგადოებას უნდა გააცნონ; ხშირად უნდა იყოს რეპორტაჟები არა რომელიმე კუთხის სამეურნეო, არამედ კულტურული ცხოვრებიდან; ადამიანი, როგორც მწარმოებელი, მატერიალური დოვლათის შემქმნელი კი არა, როგორც შემოქმედი, მოაზროვნე უნდა წარმოვაჩინოთ წინა პლანზე…
მესხები თუ ქართველები იყვნენ, პირველად შენგან გავიგეო, – მითხრა ერთმა (ეს „ერთი“ ბევრია). მესხეთში უბედურება მოხდა: ერთმანეთს დაუპირისპირეს მართლმადიდებელი, კათოლიკე და მუსლიმანი ქართველები; ამ უკანასკნელთ იოლად ისწავლეს განმგებელი მეზობლების ენა და ენობრივადაც გაემიჯნენ თვისტომთ (კიდევ კარგი, ფრანგულენოვანი ტომიც არ აღმოჩნდა მეზობლად, თორემ ქართველი კათოლიკენი ახლა ფრანგულად მეტყველნი გვეყოლებოდნენ); მათ ენა 1944 წლის შემდეგ კი არ დავიწყებიათ შუა აზიაში, არამედ მანამდეც ცდილობდნენ, ქართულად არ ელაპარაკათ – ეს მათი უმეცრება, მათი (და ჩვენიც) უბედურება იყო; გვიანღაა თითზე კბენანი…
მსგავს უბედურებას აჭარა გადაურჩა, იქ მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით თანდათან მოხდა მთლიანი მოსახლეობის ჯერ – ფორმალური, შემდეგ კი – რეალური გამუსლიმანება და დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის არ მომხდარა – ამან ენაც გადაარჩინა და ხალხიც. ამჟამად, ეს ახალი, უცხო რელიგია ისევ ნელ–ნელა, თავისთავად, შეუმჩნევლად უკან მიდის და ალბათ, დადგება დროც, როცა ქართველი ერი ისევ აღორძინდება და ყველა ქართველი ისევ ერთ ღმერთს (– მამულს) დაუნთებს სანთელს.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ: თითოეულ ქართველში ეროვნული სულის აღზრდა, ეროვნული თვითშეგნების დამკვიდრება და ერის გამრავლება – უკვდავების ერთადერთი გარანტია (ვქადაგებთ, გამრავლდითო, განა რომელიმე ახალგაზრდა ოჯახს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა, თუკი ის ხელფასით იცხოვრებს? ამიტომაცაა განქორწინება ხშირი – სხვაზე დამოკიდებული კაცი იშვიათად თუ შექმნის მყარ ოჯახს).
ეს ანბანური ჭეშმარიტება ყველა ქართველმა თუ არ გაიგო, მაშინ მღვრიე წყალში გაფანტული თევზების ქარავანივით გავირიყებით ნადავლმოდარაჯე არსებებით სავსე ისტორიის ბნელ ნაპირებზე და ოდესღაც ძალიან ძლიერი, ღმრთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნისა და ერის არსებობა ამბად დარჩება: იყო დრო, ქართველმა იცოდა, ვინ არის ქართველი… იყო დრო, საქართველო ამაყობდა თავისი იმერხევით, საინგილოთი და ვრცელი შავიზღვისპირეთით… იყო დროც, როცა საქართველოდ მხოლოდ უცხოტომმოჭარბებული ქართლი ითვლებოდა…
ნუთუ აღარ დადგა დრო, ქართველმა შეიცნოს თავი თვისი?
ტარიელ ფუტკარაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
www.asea.ge
კომენტარები