როდესმე თუ იფიქრებთ, რომ იმდენი წიგნი წაიკითხეთ, აწი ვეღარაფერი გაგაოცებთ, მაშინვე იშიგუროს სამყაროში გაემგზავრეთ, მისი უკანასკნელი ნაწარმოები – „არასოდეს გამიშვა“(2005) აიღეთ ხელში და წიგნის დასრულებისთანავე მიხვდებით, რომ შეცდით; რომ გენიოსებს ყოველთვის შეუძლიათ თქვენი გაოცება; რომ ეს წიგნი არასოდეს გაგიშვებთ მწერლის სამყაროდან…
ნაწარმოების პირველი თავის წაკითხვისთანავე ხვდები, რომ როცა კითხვას დაასრულებ, დასაწყისს აუცილებლად დაუბრუნდები და ეს განცდა არ გშორდება მანამ, სანამ წიგნს არ დახურავ, დიდხანს, დიდხანს არ იფიქრებ, კინოკადრებივით არ დაატრიალებ გონებაში განცდილს, გაგონილსა და წარმოსახულს და ისევ თავიდან არ დაიწყებ კითხვას.
წიგნის წაკითხვასა და გადაკითხვას შორის დიდი ზღვარია. არსებობენ მკითხველები და გადამკითხველები:
არის მკითხველი
მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ
გადამკითხველი…
ის ფურცლავს, ნიშნავს
ადარებს, ჩიჩქნის,
მაგრამ ვინაა
აქ გამკითხველი.
გალაკტიონ ტაბიძე
ასევე, არსებობს წასაკითხი და გადასაკითხი წიგნები; წიგნები, რომლებიც სამუდამო კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაში; რომლებიც ფიქრს გვაიძულებენ და წიგნები, რომლებიც დახურვისთანავე გვავიწყდება.
„არასოდეს გამიშვა“ – ის წიგნია, რომელსაც გადამკითხველი ვერაფერს გაუგებს, გადაკითხვა მხოლოდ ინფორმაციის მიღებაა, ამ წიგნს კი ჭეშმარიტი მკითხველი სჭირდება, მეტიც – წიგნი პირდაპირ ითხოვს კულტურულ მკითხველს, რომელსაც ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი დეტალი. რადგან ეს ის წიგნია, რომლის სათქმელი სტრიქონებს მიღმა იმალება; ის ერთი გაბმული მეტაფორაა, რომელიც ამოცანასავით უნდა ამოხსნა, მისი ყოველი პასაჟი ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ფაზლის თითოეული სტიკერი, რათა სრული სურათი შედგეს.
ამიტომ, წიგნის კითხვისას საოცარი სიფრთხილე გმართებთ, რომ ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ არც ერთი მნიშვნელოვანი წამი.
ვინ არის კაძუო იშიგურო?
ცნობილი იაპონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, კაძუო იშიგურო, 1954 წლის 8 ნოემბერს დაიბადა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში, ოკეანოგრაფ სიძუო იშიგუროსა და სიძუკი იშიგუროს ოჯახში.
1960 წელს მამამისი ინგლისში მიიწვიეს კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ოკეანოგრაფიის ნაციონალურ ინსტიტუტში. ინგლისში იგი მეუღლესთან და სამ შვილთან (კაძუოს ორი და ჰყავდა) ერთად გაემგზავრა. ისინი სურეის საგრაფოში დასახლდნენ, ქალაქ გილფორდში.
ამ დროს კაზუო ხუთი წლისა იყო და პირველი დონის სკოლაში Staffon-ში ჩაირიცხა, გახდა ინგლისურენოვანი, მაგრამ იაპონურ ენასთან კავშირი არ გაუწყვეტია, შემდეგ კი სწავლა განაგრძო Surrey Grammar School-ში.
სკოლოს დამთავრების შემდეგ ერთი წლით სამოგზაუროდ გაემგზავრა აშშ-სა და კანადაში. ამ დროს ის გატაცებული იყო მუსიკით, უამრავი დემო ვერსიაც ჩაწერა თავისი კომპოზიციებისა, რომლებსაც უგზავნიდა პროდიუსერებს, მაგრამ მოწონება ვერ დაიმსახურა.
იშიგურო არის რამდენიმე ჯაზური კომპოზიციის თანაავტორიც, მუსიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. იმედგაცრუებული კვლავ ინგლისში დაბრუნდა და 1974 წელს, 20 წლის ასაკში, კენტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც იგი ინგლისურ ენასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მას საინტერესო ადამიანებთან მოუხდა ურთიერთობა, რამაც მასზე უდიდესი გავლენა იქონია. 1978 წელს დაასრულა ბაკალავრიატი, 1980 წელს კი მაგისტრის დიპლომი აიღო.
1983 წელს მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა. იგი დღემდე ლონდონში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.
ლიტერატურული კარიერა
კაძუო იშიგუროს ლიტერატურული კარიერა, პროფესიული მწერლობა 26 წლის ასაკში, 1981 წლიდან, იწყება, იგი რამდენიმე მოთხრობას წერს, დახვეწილი სტილითა და გამორჩეულად კარგი ინგლისურით .
1983 წელს კი მისი პირველი რომანი – „იქ, სადაც ნისლიანი ბორცვებია“ – გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა რომანი – „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“, რომლისთვისაც 1986 წელს ვაითბრედის პრიზი მიენიჭა.
უდიდესი აღიარება მესამე რომანმა – „დღის ნარჩენები“ – მოუტანა; 1989 წელს ბუკერის პრემია მფლობელი გახდა. მას ყველაზე ინგლისურ წიგნს უწოდებენ. ამას მოჰყვა „მთების მკრთალი ხედი“, შემდეგ – „დაუშოშმინებელი“, „როდესაც ობლები ვიყავით“ და ბოლო რომანი, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა მისი დიდება – „არასოდეს გამიშვა“ – 2005 წელს წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჟიურიმ არჩევანი ჯონ ბანვილის რომანზე – ზღვა“ შეჩერა.
იშიგურო არის მწერალი, რომელსაც ახასიათებს განსაკუთრებული თავისებურება, მისი არც ერთი რომანი ფორმით, სტილით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თემატიკით ერთმანეთს არ ჰგავს; მკითხველი ვერ წარმოიდგენს, რომ მას ერთი ავტორი ჰყავს, შვიდივე რომანი ერთმანეთისაგან დიამეტრულად განსხვავდება.
„არასოდეს გამიშვა“ – არის გამაოგნებელი წიგნი, რომელიც სამართლიანად შედის ყველა დროის 100 საუკეთესო რომანის ჩამონათვალში, ჟურნალ Time–ის ვერსიის მიხედვით.
“არასოდეს გამიშვა”
„არასოდეს გამიშვა“ – კაძუო იშიგუროს ამ დროისთვის უკანასკნელი წიგნია. ეს არის უჩვეულო, ძალიან თანამედროვე ამბავი, ანტიუტოპიური, დისტოპიური რომანი ახალგაზრდა ადამიანებზე, რომელთა მომავალი დაბადებიდან განსაზღვრულია; რომელთაც არაფერი დაუშავებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასტიკი განაჩენით – ჩასახვიდან სიკვდილმისჯილებად დაიბადნენ
რომანის სათაური მთავარი გმირის საყვარელი სიმღერაა Bridge water-ის „Neverb let me go”-ა, რომელიც ნაწარმოების მიხედვით, გადაღებულ ფილმშიც ჟღერს.
სიმღერას რომანის დასწყისში რომანტიკული ელფერი აკრავს, სასიამოვნო, თითქოს მელოდრამული ამბისთვის გამზადებს, კვანძის გახსნის შემდეგ კი რეკვიემის ასოციაციას იწვევს.
პირველი სტრიქონების კითხვისას ჩნდება აზრი, რომ მთხრობელი მოხუცთა თავშესაფრის მომვლელია და მიხრწნილ მოხუცებს იმქვეყნად წასვლის უკანასკნელ დღეებს ულამაზებს. ტრაგიზმის განცდა კი სწორედ იმ წუთიდან იწყება, როცა აცნობიერებ, რომ ეს ასე სულაც არ არის და სასიკვდილოდ განწირული დონორები ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, მომავალზე მეოცნებე, სიყვარულსა და ვნებებსმოწყურებული არსებები არიან…
აგრძელებ კითხვას და თანდათან რთულდება ყველაფერი, გიჩნდება განცდა, რომ წიგნი ფაზლის პრინციპითაა შექმნილი, შენ წინ სტიკერების მთელი გროვა ყრია და ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინო.
კითხვის პროცესში ნელ-ნელა იკვეთება აქტუალური, ნაცნობი თემები:
- წარსული, რომელიც არასოდეს გტოვებს;
- მოზარდების ურთიერთობები;
- დისკრიმინაცია;
- თინეიჯერული კომპლექსები;
- ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის;
- ბრძოლა თანატოლებს შორის გავლენის მოპოვებისთვის;
- ცხოვრებისეული ბარიერების გადალახვა;
- ურთიერთობა უფროსებთან, პედაგოგებთან;
- მხილების საშუალებით ადამიანის შეცვლა;
- სექსუალური სწრაფვები;
- სიყვარული;
- მარტოსულობის განცდა;
- მეგობრობა, ზრუნვა.
იღებ ტექსტიდან ამ თემებს და გაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე მათგანი იქნება სიუჟეტის განვითარების საფუძველი, მაგრამ როცა ნაწარმოების მთავარ თემას „ეხეთქები!!!“, ხვდები, რომ გამაოგნებელი ამბავი ტრიალებს პერსონაჟთა თავს; გახსენდება ცნობილი ფრაზა – „გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს“, იშიგურო კი გეუბნება: გამოუვალი მდგომარეობა ის მახეა, რომლის დაგებას ახერხებენ ადამიანები ჩვენს სინამდვილეში.
ჰეილეშემი, ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონი, რომელიც წიგნის კითხვის დაწყებისას მკაცრი რეჟიმის თავშესაფარი გგონია, თურმე ერთგვარი ფერმაა, სადაც კლონებს ზრდიან, მაგრამ ბავშვებმა ამის შესახებ არაფერი იციან. მათ დიდი გეგმები და ნათელი მომავლის მოლოდინი აქვთ. მათ ასწავლიან საგნებს, მედიცინას, ხელოვნებას, განსაკუთრებით კი სთხოვენ, წერონ და ხატონ. ხატვასთან დაკავშირებით უქმნიან ილუზიას,; მოდის ქალი, რომელსაც მათი ნამუშევრები მიაქვს. სინამდვილე კი სულ სხვაა, მათი ნახატები არავის სჭირდება,ეს ექსპრიმენტის ნაწილია.
„მართლა გვჯეროდა გალერეის არსებობა?..“
„გალერეის ამბავი ბურუსით მოცული რჩებოდა. სამაგიეროდ, მადამი, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, ხანდახან სამჯერ ან ოთხჯერ, გვაკითხავდა ჩვენი საუკეთესო ნამუშევრების შესარჩევად“
მეცნიერთა აზრით, კლონს სული არა აქვს, ის უფლის შექმნილი არ არის, შესაბამისად, არა აქვს სული, ხელოვნება კი ღვთიური მადლია. იშიგურომ სული შთაბერა კლონებს, თითოეული პერსონაჟის სულის მოძრაობა დაგვანახა, ღრმა პასაჟებით დატვირთა ტექსტი და ამბავი ძალიან თბილი და მტკივნეული გამოვიდა, წინა პლანზე კი წამოსწია უდიდესი მორალური პრობლემა.
მიუხედავად ყველაფრისა, ტექსტი იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას (ახლა ხომ 21-ე საუკუნეა). ხედავ, როგორ იბრძვიან გმირები; როგორ ცდილობენ რეალობიდან გაქცევას, მაგრამ – ამაოდ. აცრემლებული ასრულებ კითხვას, ყველაფერი დასრულდა…
როგორი საინტერესო პროგნოზიც არ უნდა გააკეთოთ, დამიჯერეთ, აუცილებლად გაგიცრუვდებათ მოლოდინი,იშიგურო ის ავტორია, რომელიც სტერეოტიპებსა და ლოგიკას თავისებურად ამსხვრევს.ის,რაც ცხოვრებაში ლოგიკურია, ამ ნაწარმოებში – ალოგიკურია…
„ფანტაზია ამის იქით აღარ წასულა. არ გავუშვი. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა, მაგრამ არ ვქვითინებდი. არც თავი დამიკარგავს. ცოტა ხანს შევიცადე, მანქანაში დავბრუნდი და წავედი იქ,სადაც მმართებდა,რომ ვყოფილიყავი.“
ეს ნაწარმოების თითქოს ლოგიკური, მაგრამ უსასტიკესი ფინალია…
2010 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა, მარკ რომენეკიმ, რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმმა ნამდვილად გაამართლა, მაგრამ, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, წიგნს ვერ გაუტოლდა.
რომანის ქართული ვერსია შესანიშნავი გამოვიდა. მთარგმნელმა დათო აკრიანმა შეძლო ყველა დეტალის შენარჩუნება და მკითხველამდე მოტანა.
www.asea.ge
კომენტარები