„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წავიდა.
1 იანვრიდან მოქალაქეს საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:
- ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენისზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;
- არ წარადგენს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
- არ წარადგენს ვარგის უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- არ წარადგენს სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
- არ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- არ წარადგენს მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტს.
კომენტარები