კახეთის რეგიონში მძიმე სოციალური ფონისა და მისი დაძლევის მექანიზმებზე კახეთის რეგიონში პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფიგურას და ალექსანდრე ელისაშვილის პარტია “მოქალაქეების” რეგიონალურ ლიდერს, ნინო გოგოლაშვილს, ვესაუბრეთ:
– საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონში, აქტივისტობა საკმაოდ დიდ გამოწვევებთან და სირთულეებთან ასოცირდება. მიუხედავად ამ გარემოებისა, რა გახდა თქვენი ინსპირაცია, რომ პოლიტიკური აქტივიზმი გამხდარიყო თქვენი ცხოვრების გზა?
– ჩემი მთავარი გამოწვევა გახდა ის პრობლემები, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებოდი – ჭაობში ჩაფლული ფილები, უმუშევრობა, გაუმართავი და მოუწყობელი ინფრასტრუქტურა და ხალხის ხმის ამოღების შიში, შიში იმისა, რომ თუ მოითხოვს რამეს, ის დაკარგავს სოციალურ დახმარებას, მისი შვილი – სამსახურს და ასე შემდეგ… როდესაც ნახავ შენი თვალით, რომ საბავშვო ბაღში ბავშვები ფეხბურთს ბოთლებით თამაშობენ… რაზეა საერთოდ საუბარი? თავდაპირველად საუბარი დავიწყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე, მაგ., სასმელი წყლის პრობლემაზე, გზაზე.. და საბავშვო ბაღებსა თუ ამბულატორიებში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე…. ეს იმ არასრული პრობლემების ჩამონათვალია, რის გამოც იძულებული გავხდი, დამეწყო ბრძოლა, იყო წერილობითი მიმართვები თვითმმართველობაში; იყო გამოსვლები , ჩხუბი სასამართლოებშიც კი, მაგრამ მოუგვარებელია დღესაც ამ პრობლემათაგან უმეტესობა. თუმცა დაუღალავმა შრომამ, მედიების მხარდაჭერამ, გაშუქებამ და მოგებულმა პროცესებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში წინ წასწია შეგნების დონე, მოქალაქეთა ჩართულობა და დღეს უფრო მომთხოვნი გახდა საზოგადოება.
– თქვენ ხშირად აპროტესტებთ რეგიონში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, თქვენი შეფასებით, დღეს კახეთის რეგიონში არსებული სოციალური ფონი რამდენად დამაკმაყოფილებელია?
– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს კახეთის სოფლები ებრძვის მრავალ პრობლემას – სასმელი წყლის უქონლობას, მოუწესრიგებელ გზებს, სანიაღვრეების არარსებობას… უმუშევრობას; ეკონომიკა როგორ განვითარდება როცა ტურისტულ ზონაში როგორიცაა სიღნაღში და მისი შემოგარენში სასმელი წყალი არ არის?! ტურიზმი უნდა ყვაოდეს და ხალხი ამის სანაცვლოდ შიმშილის ზღვარზეა.
– კახეთის რეგიონით და მისი ექსტრა-ორდინალურობით ღვინის წარმოების კულტურასთან მიმართებაში მსოფლიოში აპრობირებული ორგანიზაციები არაერთხელ მოიხიბლნენ.
რამდენად საკმარისად და მიზნობრივად მიგაჩნიათ ის რესურსი, რასაც ჩვენ ამ პროდუქციის რეალიზაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ?
– საქრთველო ხომ ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ეს ჩვენი კულტურისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. გაშენდა რამდენიმე ასეული ჰექტარი ახალი ვენახი, როგორც კერძო სექტორის ინიციატივით, ასევე, სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით. ინტენსიურად ამუშავდა ღვინის მარნებიც, მაგრამ ქართველი გლეხი გამოწვევების პირისპირ მარტოა დარჩენილი და ვერ გრძნობს სახელმწიფოს მხარდაჭერას. რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ემბარგომ ქართველი მეღვინეები დააფიქრა ქართული ღვინის ხარისხსა და ახალი ბაზრების მოძიებაზე, ამ პროცესში კი კერძო და სამთავრობო სექტორი ერთად უნდა იყოს ჩართული.
ქართული მევენახეობის, როგორც ჩვენი ეროვნულ საგანძურისა და მევენახეების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რასაც მხოლოდ მევენახეები ვერ შეძლებენ და სახელმწიფოს მხრიდან მათ უფრო ქმედითი და ეფექტური თანადგომა სჭირდებათ.
საჭიროა ლოჯისტიკის მიმართულებით ინვესტიციების რეალური ხელშეწყობა. ყველამ ვიცით, რომ სამაცივრე და სხვა საკვანძო სასაწყობე მეურნეობების შექმნა – იაფი საქმე არ არის, მაგრამ თუ სახელმწიფო სრულად გაათავისუფლებს გადასახადებისგან მსგავსი ტიპის ბიზნესებს, მინიმუმ, 10 წლის ვადით, ეს სფერო, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობა, გახდება საინტერესო. ასევე, შეიქმნება სამუშაო ადგილები.
– გარდა ღვინის წარმოებისა, რა მიმართულებებსა და დარგებზე მიიჩნევთ რესურსების მომართვას აუცილებლად, რათა გამოსწორდეს რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური კონდიცია?
– მეღვინეობა არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დარგია, მაგრამ კახეთი არის მხარე, რომელიც ისტორიულად იყო და არის მემარცვლეობის დარგის წამყვანი რეგიონი, მაგრამ, სამწუხაროდ, მარცვლის წარმოების მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ხორბალი კი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ამიტომ საჭიროა ხორბლის წარმოების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელბაც.
კახეთის რეგიონი, ზოგადად ის რეგიონია, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ განვითარდეს არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, რაც ადგილობრივ ბაზარზე ინტენსიურად ჩაანაცვლებს უცხოეთიდან შემოტანილ (ხშირ შემთხვევაში საეჭვო ხარისხის) პროდუქტებს, არამედ კახეთს აქვს დიდი პოტენციალი, გადაამუშავოს და მომხმარებელს წარუდგინოს გადამუშავებული პროდუქტი, ამისთვის კისაჭიროა სწორი სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის ხელშეწყობა, რაც გამოიწვევს მხარისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას, უმუშევრობის დონის შემცირებას და სიღარიბის დაძლევას.
– როგორ შეაფასებდით რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებებს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად? რა არის ის გენერალური ხელშემშლელი ფაქტორები, რაც შესაძლებლობას არ აძლევს რეგიონს სწრაფი და მძლავრი ეკონომიკური განვითარებისთვის?
– არაეფექტური – ეს ყველაზე კორექტული სიტყვაა თვითმმართველობის შესაფასებლად, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა პრობლემა თვითმმართველობის კონპეტენციაა და ყველა მოუგვარებელია, თვითმართველობაში დასაქმებულია ქვეყანაში არსებული ყველა კორუმპირებული; ჩვენთვის კარგად ცნობილია, როგორ „ლაგდება” საკადრო პოლიტიკა კახეთში. კლანებისა და ნეპოტიზმის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანა. ამაზე ბევრ დროს აღარ დაკარგავ. “წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან” და ქართული ოცნება ამ წლების პასუხს მიიღებს შემოდგომაზე.
– ასევე საინტერესოა, რამდენად დააზარალა რეგიონის ეკონომიკური კონდიცია COVID-19-მა და ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა და რამდენად ადეკვატური და ეფექტურია რეგიონის მოსახლეობისთვის პანდემიით მიყენებული ზარალის შემსუბუქებისთვის გაწეული დახმარების პაკეტები ხელისუფლების მხრიდან ?
– ტურიზმის სფეროს, რომელზეც დგას დღეს ჩვენი ეკონომიკა, ტოტალური პარალიზება აქვს, ხელშეწყობა არ მომხდარა, პირიქით, ხელის შემშლელი ფაქტორები იყო თუნდაც ის, რომ გამოცხადებული იყო ივლისის დასაწყისში ფრენების აღდგენა და შემდეგ გადაიდო, უვადოდ…
რაც შეეხება ხელფასის შენარჩუნებას, ბევრმა კომპანიამ ვერ შეძლო სტაფის შენარჩუნება, ამის გამო უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, უაზრო ბიუროკრატიის გამო სახელმწიფო დახმარება ამ ადამიანებს არ მიუღიათ და ბევრ მათგანს შეექმნა პრობლემა.
ზოგიერთ მათგანს, ვინც შეძლო, მიეღო 200–ლარიანი დახმარება, პრველად პირდაპირ ჩაერიცხათ, ხოლო მერე მოხდა ისე, რომ კრედიტებში მიდიოდა უპირობოდ, სახელმწიფო გაძლევდა ფულს იმისთვის, რომ ბანკების კრედიტები გეხადა და არა იმისთვის, რომ გეარსება, ეს რანაირი სახის ხელშეწყობაა, მე არ ვიცი.
– თქვენ ხართ პოლიტიკური მოძრაობა “ალეკო ელისაშვილი- მოქალაქეების” ერთ-ერთი რეგიონული ლიდერი…
რამ განაპირობა, რომ გახდით ამ გუნდის წევრი და რამდენად შეგწევთ ძალა, რომ გადაჭრათ თქვენ მიერ კონსტანტირებული პრობლემები რეგიონში?
– ჩვენი საუბრის დასაწყისში პრობელემებზე ვისაუბრე მხოლოობით რიცხვსა დ და პირველ პირში… ასეა! – მე მარტო ვიბრძოდი, ერთი სოფლელი, ქიზიყელი გოგო, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა პრობლემებს, კორუმპირებულ თვითმართველობას და შიშს.. მარტომ გამოვუცხადე ბრძოლა, მერე იყო ის, რომ მთელი სოფელი დამიდგა ვერდით, რაც გახდა ჩემთვის მთავარი მოტივაცია, არ შევშერებულიყავი, მათ მაგრძნობინეს, რომ არ ვარ მარტო!
ყოველდღე ვიღებ ათობით შეტყობინებას პრობლემებზე მათგან და მთავარია, ვიბრძოლო ჩვენი სოფლის, ჩვენი მუნიციპალიტეტის და ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის. ეს ადამიანები არიან ჩემი მთავარი მოტივაცია, რომ არ გავჩერდე! როცა დავიღლები, არ დავნებდე… და ამ ჭიდილში გამოჩნდა ჩემს გარემოცვაში ალეკო ელისაშვილი, რომელიც სუფთა ხელებით აკეთებს პოლიტიკას, რომლისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია ქვეყნის სიყვარული და დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნის გაძლიერება, გამოფხიზლება და ფეხზე დაყენებაა, ჩვენი მთვარი გამოწვევა, როგორც ალეკო იტყოდა, ორ ფეხზე დგას: სოფლის მეურნეობა, რომელიც ჩემი რეგიონისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და განათლება.
ყველა პრობლემას თუ ჩავყვებით განათლებამდე მიგვიყვანს და სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ კარგად ორგანიზებული უმცირესობა ყოველთვის მოდის უმრავლესობაში და მე მჯერა რომ სწორედ ეს გუნდი შეძლებს მოახდინოს პოზიტიური ცვლილება ჩვენს ქვეყანასა და ქართულ პოლიტიკაში. მე ამაყი ვარ, რომ ვიპოვე ჩემნაირი ადამიანი, რომელიც გახდა ჩემი დასაყრდენი და აღარ ვარ მარტო – ჩემ გვერდით პოლიტიკური გუნდია, რომლის ხსენებაც არასოდეს შემრცხვება.
www.asea.ge
კომენტარები