პანდემია, სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდა, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა მაღალმთიან აჭარაში სამეზობლო ურთიერთობებზე უკვე აისახა. პროდუქციის შესაძენად მუნიციპალიტეტის ცენტრში, ძირითადად, „ნემეცკი შოტით“ დაქირავებული ტრანსპორტით დადიან და სურსათი ისე მოაქვთ. ამბობენ, რომ ფასები ძალიან მაღალია და უკვე საახალწლო სუფრის გაწყობაზე ფიქრობენ: რის შეძენას მოახერხებენ და რა არ ექნებათ მაგიდაზე.
თურმე უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი ხულოში 70 ლარს გადასცდა. სოფლის სამეზობლოში უსასყიდლო სესხება-გასესხების პროცესი განახლდა. „ნუთუ 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი დაბრუნდა?“ – კითხულობს მსესხებელი, გამსესხებელი კი იმ დროს იგონებს და კარადიდან იღებს საგულდაგულოდ შენახულ, ცოტათი გაყვითლებულ, მელანგამკრთალ წერილს, რომელიც სწორედ 90-იანი წლების სიდუხჭირეს ასახავს. წერილის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
„გამარჯობა, ჩემო სულზე უტკბესო და უნეტარესო, მეტისმეტად კეთილო და სათნო, გაჭირვებულის გამკითხავო, დარდის შემამსუბუქებელო, ზოგიერთ სიტუაციაში ოთარაანთ ქვრივის მსგავსო, დაო და დაზე საყვარელო სურო.
მას შემდეგ, რაც ძირფესვიანად გავეცანი შენს ადამიანურ ღირსებებს, გადავწყვიტე, ჩემი დარდი თუ ტკივილი შენთვის გამეზიარებინა და აკი გიზიარებ კიდეც. შენც ხან ალალი, კეთილი გულით და ხან პირპილმოყრილი მადლით მიმსუბუქებ გასაჭირს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი, და ღმერთმაც ქნას, ბოლომდე გაგყვეს ის ძალა თუ უნარი სიკეთისა, რომლითაც გაჭირვებულს მოეხმარები და საფიქრალს მოუსპობ (რა თქმა უნდა, დროებით) და მეც შენმა კეთილმა არსებამ გადამაწყვეტინა კიდევ ერთი გაჭირვების ჟამს ჩემს დარდის გამზიარებლად მყოლოდი.
რა ვქნა, შენს იქით გზა არ მაქვს. ერთი თასი ფქვილი გამოიმეტე 1-2 დღით, ბოლოს და ბოლოს ხვალ ან ზეგ გამოიტანენ (იგულისხმება სოფლის ცენტრში არსებული მაღაზია – ავტ.)… ვფიცავ მაღალ ღმერთს, მაგულისთან (ე.წ. „ნოქარი“ სოფლის მაღაზიაში – ავტ.) არის ფქვილი, მარა, არ გამომიტანეს. თან თეთრია, პური კაკლისას (გულისხმობს შავ ფქვილს – ავტ.) არ მოგცემ. არ გეგონოს, ის ერთი სესხი პური დამავიწყდა. მას მერე კრიზისი გვაქვს და ვერ მოვახერხე მოტანა. ვიცი, რომ შენი მოსავლელი არ ვართ და ღმერთმა ერთი ორად გადამახდევინოს ვალი.
გეხვეწები, უშნო არაფერი თქვა ჩემი მისამართით, რადგან მე თუ არა, ჩემი ღმერთი მაქ არის და ხომ იცი, რა პატარა გული მაქვს და პირპილმოყრილი მადლი ზოგჯერ არ მინდა. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოგახსენებ სათნოებისთვის.
შენი დატანჯული მეზობელი.“
P.S. მაღალმთიან აჭარაში ახლა იმ სასურსათო კალათებს ელოდებიან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ პუნქტს რომ შეადგენს. იმედოვნებენ, რომ 2021 წელს სუფრა სავსე ექნებათ ნობათით, 90-იანი წლებისდროინდელი ეკონომიკური კრიზისი არ დაბრუნდება და ახალი წელი ხვავით, ბარაქითა და იმედით დადგება.
კომენტარები