ახლოვდება 2020-ის არჩევნები, აქტიურად მიმდინარეობს ძალთა გადაბალანსება ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. რა შედეგით დასრულდება “პოლიტიკური ტრანსფერები” და როგორ გადანაწილდება მანდატები, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს., თუმცა, ქართული პოლიტიკის ყოველ აქტორს თავისი პროგნოზი და მოლოდინები აქვს. asea.ge ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ 2020-ის არჩევნების მოკლე პროგნოზს სხვადასხვა პოლიტიკოსისა თუ პარტიის გადასახედიდან. ამჯერად სამ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი და ლიდერი, მურმან დუმბაძე, პასუხობს:
1) შეძლებს თუ არა ოპოზიცია შეთანხმებას მაჟორიტარულ ოლქებზე და ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების მიღწევა?
–არავითარი ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ. ამაშია პოლიტიკური პარტიების არსებობის ხიბლი. ამასთან, თითოეული პარტია ფიქრობს და მოქმედებს ისე, რომ მაქსიმალურად, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მიიყენოს და შესაბამისად, მეტი სარგებელი ნახოს. ზიანისა და სარგებელის მიყენება კი შეუძლია მხოლოდ ამომრჩეველს – მოქალაქეს.
დღეს საქართველოს მოქალაქეების ამოცანაა კონსოლიდაცია ცვლილებებისთვის. უყურებს რა ამ დაკვეთას, პირველ რიგში, ელექტორალურად ძლიერი პარტიები შეთანხმდნენ, რომ დედაქალაქში ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მაგალითად, ყველაზე ფავორიტმა ორგანიზაციამ ენმ-მ 8 მანდატიდან 6 დათმო თბილისში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკურ პარტიათა ურთიერთობაში.
2) რამ შეიძლება, შეუშალოს ხელი ამ შეთანხმებას?
– ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სასურველი შესაძლებლობად მიაჩნიათ, ამ შეთანხმებაში მონაწილეობას არ ღებულობენ. ასეთი განზრახულობის მართებულობას ამომრჩეველი-მოქალაქე შეაფასებს.
3) როგორ პროგნოზირებთ, რა შედეგი დადგება 2020 წლის არჩევნების შემდგომ და დაახლოებით როგორ გადანაწილდება მანდატები?
– მოსალოდნელი შედეგის წინასწარი გაზომვა ექსპერტებს მივანდოთ. პოლიტიკოსის ამოცანა მისი პროგრამის რეალიზება უნდა იყოს. 2020–ის არჩევნების მთავარი მიზანი უმეტესი პარტიებისთვის არის – ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დასრულება, რაც საქართველოში ვერ მოხერხდა მისი დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე.
ეს იმდენად ფუნდამენტური თემაა საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობისა, რომ მას საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს, გარდა სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებისა. ამიტომაც მოქმედი ხელისუფლება დამარცხდება და გაიმარჯვებს ხალხის სუვერენიტეტი.
კომენტარები