მე ანრი აბულაძე ვარ, ვსწავლობ სსიპ რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში, მეათე კლასში, ვარ 16 წლის, ძირითადად დაკავებული ვარ კალათბურთის თამაშით, წიგნების კითხვით და ვიდეო თამაშებით. ჩემი საყვარელი საგნებია: ინგლისური ენა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ბიოლოგია და მათემატიკა.
– გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე სკოლაში.
– როდესაც პირველად მივედი სკოლაში ძალიან მიხაროდა, რადგან ახალ მეგობრებს შევიძენდი, დავიწყებდი სწავლა-განათლების მიღებას საფუძვლიანად.
– რა ასოციაცია გიჩნდებათ სიტყვაზე – სკოლა? განათლება? მასწავლებელი? მოსწავლე?
– სიტყვა „სკოლაზე“ მახსენდება მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, ძირითადად კი – განათლების მიღება. განათლების მიღება ასევე უკავშირდება მასწავლებელს, რადგან მასწავლებლის გარეშე ვერაფერს გავხდებით.
– რით განსხვავდება თქვენი სკოლა სხვა სკოლებისგან?
– ალბათ, განათლების დონის მიმართულებით, აქტიურობით და სხვადასხვა ღონისძიების წარმართვით.
-დღეს რომ დავრეკო თქვენს დამრიგებელთან და ვკითხო თქვენ შესახებ, რას მეტყვის?
– პასუხს ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ დადებითად დამახაიათებს.
-თქვენი გემოვნებით – რა ფერად შეღებავდით სკოლის იატაკს, კედლებს და ჭერს?
– ალბათ – თეთრად, იმიტომ, რომ თეთრი ნათელი ფერია, რაც ძალიან მოუხდება სკოლის კედლებს.
– რას შეცვლიდით სკოლაში?
– ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ალბათ, შევცვლიდი პასუხისმგებლობის დამოკიდებულებას სწავლის მიმართ უკეთესობისკენ და მეტად მომთხოვნს გავხდიდი მასწავლებლებს მოსწავლეების მიმართ..
-როგორია თქვენი საოცნებო სკოლა?
– მე ვისურვებდი ისეთ სკოლას, სადაც მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიდნენ ამა თუ იმ საკითხებს და არ დასჭირდებოდათ რეპეტიტორების დახმარება. ჩემი აზრით, უნდა გამოიყოს სპორტული წრეები, სადაც ბავშვები გამოავლენენ თავიანთ ნიჭს ამა თუ იმ სპორტის სახეობაში. ასევე სკოლა აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული.
– რა საგანს დაამატებდით სასწავლო პროგრამაში?
– ფსიქოლოგიის გაკვეთილებს, რადგან ნებისმიერ მოსწავლეს ამა თუ იმ საკითხში ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
– რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს?
– თავისუფალი დრო ნაკლები მრჩება, თუმცა ვცდილობ, წავიკითხო წიგნები და მოვიპოვო სხვადასხვა ინფორმაცია, ასევე დაკავებული ვარ სპორტით.
– მოგვიყევით თქვენი ჰობის შესახებ.
– ჩემი ჰობია კალათბურთის თამაში, ფიზიკური უნარების გაუმჯობესება, ფიზიკური ვარჯიში და წიგნების კითხვა.
– რა აკლია ყველაზე მეტად თქვენს სოფელს? თქვენ რას გააკეთებდით?
– ჩემი აზრით, ჩემს სოფელს ყველაზე მეტად აკლია ფიტნესკლუბი, რადგან არიან სოფელში ისეთი ბავშვები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშით, მაგრამ არა აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და მოწყობილობები თავიანთი უნარების განსავითარებლად, ჩემი აზრით, თუ იქნება ფიტნესკლუბი ჩვენს სოფელში, ბევრი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, გაიუმჯობესოს საკუთარი თავი და დაძლიონ როგორც სიზარმაცე, ისევე ჭარბწონიანობა.
www.asea.ge
კომენტარები