მე ანა კახიძე ვარ, 17 წლის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.
სასწავლო საგნებიდან გამორჩეული საგანი არა მაქვს, ყველა საგნის მიმართ ერთნაირი ინტერესი მაქვს, თუმცა თითოეული მათგანის შესწავლისას განსხვავებული გრძნობები მეუფლება.
– გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე სკოლაში.
– ადამიანის გონებაში არის მოგონებები, რომელიც არ ხუნდება, მოგონებები, რომელთა გახსენებაზეც ერთდროულად რამდენიმე გრძნობა გვეუფლება – სიხარული, შიში, სევდა, გაბრაზება. წარმოიდგინეთ ეს ემოციები ერთად, ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე შენობის წინ.
ჩემი სკოლის პირველი დღის ემოციების გასახსენებლად სიტყვები არ მყოფნის, ვიხსენებ და ახლაც კი, 11 წლის შემდეგ, საოცრად სასიამოვნო გრძნობა მეუფლება, ვიხსენებ, როგორ გავაღე პირველად, სკოლის კარი და ჩემ თვალწინ ახალი სამყარო გადაიშალა, ახალი დასაწყისი, ახალი ემოციები, ახალი ურთიერთობები…
როდესაც სკოლის ზღურბლს მივუახლოვდი, წამით შევჩერდი. ალბათ შემეშინდა, შემდეგ მახსოვს ხმა. ეს იყო ხმა, რომელსაც ჩემი ცხოვრება უნდა შეეცვალა, ხმა ჩემი პირველი მასწავლებლისა, რომელმაც შემიყვანა, პატარა, მაგრამ სითბოთი სავსე ოთახში, სადაც დავინახე ჩემი მომავალი მეგობრები, ზოგი ტიროდა დედის კალთას ამოფარებულები, უჭირდათ მშობლებთან განშორება, მაგრამ როცა ერთმანეთი გავიცანით, დაგვავიწყდა, რომ პირველად ვხედავდით ერთმანეთს და მშობლებიც დაგვავიწყდა. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, შევიძინეთ ახალი ოჯახის წევრები.
– რა ასოციაცია გიჩნდებათ სიტყვაზე – სკოლა, განათლება, მასწავლებელი, მოსწავლე?
– სკოლა არის ადგილი, სადაც ჩვენი აღზრდა და ადამიანებად ჩამოყალიბება ხდება, ადგილი, სადაც ვიღებთ ჩვენს ცხოვრებაში უდიდეს საგანძურს -„განათლებას“, ხოლო მასწავლებელი არის ჩვენი მეორე „დედა“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის.
– რითი განსხვავდება თქვენი სკოლა სხვა სკოლებისგან?
– რითი განსხვავდება ჩემი სკოლა სხვა სკოლებისგან? შემიძლია გიპასუხოთ ერთი სიტყვით, ის „გამორჩეულია“, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადგილი, სადაც აღვიზარდე და ჩამოვყალიბდი პიროვნებად. აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ჩემი სულის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, ადამიანები, რომლებმაც მიმიღეს ისეთად, როგორიც ვიყავი. გავიცანი ადამიანი, რომელიც კლასის დედად ითვლებოდა -“დამრიგებელი“.
– დღეს რომ დავრეკო თქვენს დამრიგებელთან და ვკითხო თქვენ შესახებ, რას მეტყვის?
– ალბათ გეტყვით, რომ ძალიან კარგი მოსწავლე ვარ, ალბათ, ქებით ცაში ამაფრენს და ცხრა მთას შემომატარებს, რადგან ვუყვარვარ.
-თქვენი გემოვნებით რა ფრად შეღებავდით სკოლის იატაკს, კედლებს და ჭერს? რას შეცვლიდით სკოლაში?
– ჩემი კლასის კედლები ღია ცისფერია, იატაკი – ღია ყავისფერი, ჭერი კი – თეთრი, მე მომწონს კედლების, იატაკის და ჭერის ფერი და არ მინდა, რომ შეიცვალოს, რადგან მათი ცქერის დროს, ვბრუნდები ჩემს წარსულში და თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობ.
– როგორია თქვენი საოცნებო სკოლა?
– ყველა ჩემი მეგობარი გამოთქვამს პრეტენზიას, რომ არ სწავლობენ ისეთ სკოლაში, რომლის კედლები ვარდისფრად არ არის შეღებილი. ამბობენ, რომ სკოლაში ბევრი რამ შესაცვლელია, რადგან მისი სკოლა არ გამოიყურება ისე, რომ დადონ ფოტო/ვიდეოები. ბუზღუნებენ, “ტეხავს“, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს? მთავარია, ვიღებთ სკოლისგან იმას, რაც საჭიროა ჩვენთვის.
– რა საგანს დაამატებდით სასწავლო პროგრამაში?
– სკოლაში 12 საგანს გვასწავლიან. როცა 12 წლის ვიყავი, მინდოდა, მეცამეტე საგნად ფრენის გაკვეთილები დაგვმატებოდა, როცა 14 წლის ვიყავი, სურვილი მქონდა ცურვის გაკვეთილებს დაემშვენებინა გაკვეთილების ცხრილი. ახლა კი, არაფრის დამატებაზე არ ვფიქრობ, რადგან ვთვლი, რომ სასწავლო პროგრამა მორგებულია ჩვენზე და ზედმიწევნით იძლევა ზოგადი განათლების საშუალებას.
– რა აკლია ყველაზე მეტად თქვენს სოფელს? მოგვიყევით თქვენი ჰობის შესახებ.
– ჩემი სოფელი, ძალიან ლამაზია, გარშემო უამრავი მინდორ-ველია, გაზაფხულზე, როდესაც ბუნება იღვიძებს და გარშემო ყველაფერი ხარობს, მართლა საოცარ სანახაობას ქმნის. თუმცა, არემარე მთლიანად დაბინძურებულია: მდინარეები სავსეა ათასგვარი ქიმიური ნარჩენით, სანაგვე ურნები ყოველთვის გადავსებულია, სოფლის ზოგიერთი დაუდევარი მოსახლე ნაგავს გზაზეც ყრის, რომელიც შემდეგ იფანტება და გარემოს აბინძურებს.
აქ არ არის გასართობი ადგილები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩემს ყოველდღიურ გასართობ საქმიანობას (ჰობს), რადგან წიგნების კითხვა გასართობი ადგილების გარეშე, სახლშიც შემიძლია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც კმაყოფილი ვარ ამ ადგილით, რადგან აქ ცხოვრობს გულუხვი და სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც მე ასე ძლიერ მიყვარს და აქ არის ჩემი ოცნების სკოლა.
www.asea.ge
კომენტარები