გელა აბულაძე მთის შვილია; ხულოში, სოფელ ზემო ვაშლოვანში, დაიბადა და გაიზარდა, აქედან შეუდგა ხელოვნების რთულ გზას, გადადგა პროფესიული ნაბიჯები და ხელოვანის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა.
ზუსტად არ ახსოვს, ხატვა როდის დაიწყო, რაც საკუთარი თავი შეიმეცნა, მას შემდეგ ხელში ფუნჯი უჭირავს და ხატავს… ხატავს პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს… ბოლო რამდენიმე წელია, ქვასაც შეავლო ხელი, გამოაქანდაკა, სული შთაბერა…
რომ ჰკითხო, ხატვა რამ შთააგონა, ვერ გიპასუხებს, მრავალწერტილს დასვამს… სამაგიეროდ, ამ კითხვას მისი ნახატებით აღფრთოვანებული ვახტანგ აბულაძე პასუხობს თავის წიგნში – „სოფელი მთაში“:
„ხატვა შთააგონა დიდმა სიყვარულმა მისი კუთხის, ბუნების, ხალხის. მისი სურათების ნახვისას სულ სხვა სამყაროს დაინახავ, ცხოვრების სხვადასხვა განზომილებაში ხვდები, გრძნობ, რომ მოწყდი რეალობას, ათასგვარ პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებას და სადღაც, სიმშვიდეში, გადახვედი, სადაც მხოლოდ ხეების შრიალი და ანკარა წყაროს წყლის ჩუხჩუხი ისმის, სადაც ჩიტები ჭიკჭიკით ართობენ ირგვლივ მყოფთ. მის ყველა სურათში იგრძნობა ხასიათი და დახვეწილობა.“

ბავშვობისდროინდელი ნახატები ვერ შემოინახა.
ორი წელი ხულოს სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სკოლა მიატოვა და ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მოგვიანებით ამავე სასწავლებელში ქვის მხატვრული დამუშავებისა და ნაკეთობათა ჩამოსხმის კურსები დაასრულა.
უკვე ფერმწერ გელა აბულაძეს პირველი პერსონალური გამოფენა 2011 წელს ჰქონდა ხულოს სამხატვრო გალერეაში, სადაც 40-მდე ნახატი იყო გამოფენილი. მას სხვა გამოფენები მოჰყვა… ახალგაზრდა მხატვარს უკვე სამჯერ ჰქონდა პერსონალური გამოფენა, 2010 წლიდან პანდემიამდე ქვეყანაში ჩატარებულ თითქმის ყველა გამოფენაში მონაწილეობდა, როგორც აჭარის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, ასევე – საერთაშორისო გამოფენებში.
ყოველ გამოფენაზე ახალი ნახატებით მიდიოდა და აქტიურად იყო ჩართული აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად მხატვრებისთვის განხორციელებულ პროექტებში.
2014 წლიდან გელა აბულაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. თვლის, რომ „მხატვართა კავშირის წევრს პასიურობა არ ეკადრება“. არც პასიურობს, თავისი შემოქმედებით ამაგი უნდა დაუფასოს იმ ადამიანებს, ვინც რეკომენდაცია გაუწია, აკადემიკოსებს, ბუმბერაზ ხელოვანებს: ზაურ წულაძეს, ნოდარ შავაძეს, გურამ ფუტკარაძეს.
„ფერწერა ის არ არის, რაც შეიძლება დაწერილი გადმოიწერო, მას ერთგვარი მუზა და ხასიათი სჭირდება, ტილოზე რომ გააცოცხლო, მოთმინებით უნდა ხატო, ფუნჯის თითოეულ მოსმაში უნდა ჩადო შენი გრძნობა…“ – ამბობს ახალგაზრდა მხატვარი. ტილოზე თავისი გრძნობების გადასატანად სახლში პატარა სახელოსნო მოიწყო. ეს მისი სიმშვიდის და პროფესიული წინსვლის ადგილია. აქ დიდ დროს ატარებს და ქმნის ულამაზეს ტილოებს.
სახელოსნოს ხშირი სტუმარია გელა აბულაძის 10 წლის ვაჟი – სანდრო. ხატვის ნიჭი და სიყვარული მამისგან გამოყვა და ისიც ხატავს, როგორც მამა ამბობს – „ასაკის შესაბამისად ძალიან კარგად“. სანდროს მამისგან განსხვავებით არ უნდა, როცა გაიზრდება, მხატვარი იყოს, ის ექიმი უნდა გამოვიდეს.

გელა აბულაძის ნახატებს მყიდველი ბევრი ჰყავს, მაგრამ იშვიათად ყიდის. ამბობს, რომ არ უღირს გაყიდვა: „საშუალო ზომის ნახატში 400 ლარი არაფერია, მირჩევნია, გამოფენისთვის შევინახო, ვიდრე გავყიდო.“ ამბობს, რომ პანდემიამ ერთი მხრივ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებით საქმიანობაზე, რადგან ვეღარ ტარდება გამოფენები, მეორე მხრივ კი – უამრავი დრო მისცა ახალი ნახატების შესაქმნელად. ოცნებობს, პანდემია მალე დასრულდეს და მხატვრების ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.
რაკი ხელოვნებით ოჯახის რჩენა არ გამოვიდა, გელა აბულაძემ ალტერნატივაზე დაიწყო ფიქრი. მან ხატვის პარალელურად მცირე ბიზნესი წამოიწყო: სტილისტის პროფესია შეისწავლა და ძმასთან ერთად მამაკაცებისთვის სილამაზის სალონი გახსნა. ახლა დღისით სალონშია, ღამით კი – სახელოსნოში ხატავს.
კომენტარები