ახლოვდება 2020-ის არჩევნები. აქტიურად მიმდინარეობს ძალთა გადაბალანსება ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. რა შედეგით დასრულდება “პოლიტიკური ტრანსფერები” და როგორ გადანაწილდება მანდატები, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს., თუმცა, ქართული პოლიტიკის ყოველ აქტორს თავისი პროგნოზი და მოლოდინები აქვს. Asea.ge ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ 2020-ის არჩევნების მოკლე პროგნოზს სხვადასხვა პოლიტიკოსისა თუ პარტიის გადასახედიდან. ამჯერად სამ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრი, ირაკლი კუკანია, პასუხობს:
1. შეძლებს თუ არა ოპოზიცია რაღაც დონეზე მაინც ტაქტიკურ შეთანხმებას და კოორდინირებულ ბრძოლას სახელისუფლებო ძალის წინააღმდეგ?
დღეს ოპოზიცია არ არის ისეთი ერთიანი, რომ სახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ მაქსიმალური კოორდინაციით ჩაერთოს წინასაარჩევნო მარათონში. ამაზე მეტყველებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერშეთანხმება თბილისის გარეთ. თუმცა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა ძალებმა უკვე შეძლეს შეთანხმება სასამართლო რეფორმაზე. ასევე, არსებობს წინასწარი შეთანხმება არჩევით შერიფებთან და მთავრობის ხელში არსებული გაყინული აქტივების (მიწები, ტყეები, საძოვრები და ა.შ.) ხალხზე უფასოდ გადაცემასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, რომ ოპოზიცია შეძლებს, გარკვეულწილად, შეთანხმებულად მოქმედებას ხელისუფლების წინააღმდეგ.
2. როგორ პროგნოზირებთ, რა შედეგები დადგება 2020 წლის არჩვევნების შემდგომ და დაახლოებით, როგორ გადანაწილდება მანდატები?
ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზებზე საუბარი ძალიან რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია დარჩენილ პერიოდში მათ საარჩევნო კამპანიაზე. რისი გადაჭრით თქმაც შეიძლება,არის ის, რომ ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია (ვფიქრობ, ძირითადად, პანდემიის ხარჯზე), რასაც ბოლო კვლევები ადასტურებს. მთავრობა შესანიშნავად ირგებს ვირუსისგან „მხსნელის“ როლს და ამ „გმირობანას“ თამაშს გააგრძელებს არჩევნებამდე. ასევე, მათ მხარეს არის უზარმაზარი ძალა ადმინისტრაციული რესურსის სახით, რომელთა ნაწილსაც წინასაარჩევნოდ ხელფასებს უმატებს 10-20%-ით. ვვარაუდობ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართული ოცნება ვერ შეძლებს ერთპიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა. 2020 წლის პარლამენტი იქნება შედარებით მრავალფეროვანი. ველოდები ახალი მოთამაშეების გამოჩენას. მაგალითად, იმედი მაქვს, რომ პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ – გირჩი, პარლამენტში შეიყვანს 3-4 კანდიდატს. ასევე, ახალი მოთამაშეა სამოქალაქო მოძრაობა, რომელთა გამოჩენაც ლოგიკური შედეგი იქნება პარლამენტში.
3. არის თუ არა პარტია, ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელთანაც გაერთიანებას ან თანამშრომლობას არ გამორიცხავთ არჩევნებამდე ან პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში?
ვფიქრობ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ცალკე ვიბრძოლებთ. ხოლო პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნება მუშაობა სხვა პარტიებთან თანამშრომლობისადა მოლაპარაკებების გარეშე. ვფიქრობ, მომავალი პარლამენტი იქნება კომპრომისების, დათმობის, თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების პარლამენტი, რაც ახალი გამოწვევა იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტიებისთვის. რაც შეეხება გირჩის თანამშრომლობას სხვა პარტიებთან: გირჩს აქვს კონკრეტული მიზნები: გადასახადების შემცირება; მულტისავალუტო სისტემის არსებობა; საკუთრების ხალხისთვის დაბრუნება – პრივატიზაცია; სასამართლო, პოლიციის და პროკურატურის რეფორმა; მცირე მთავრობის კონცეფცია; განათლების საბჭოთა სისტემის დანგრევა და მეტი თავისუფლება; გირჩი აქამდეც გამოთქვამდა მზაობას და შემდეგშიც ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელთაც ექნებათ თანხვედრა ჩვენს იდეებთან.
www.asea.ge
კომენტარები