ისტორიული ფაქტების ამსახველი საინფორმაციო სახის ინტერვიუ, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის გადაწყვეტილებით, ხულოს მოსახლეობას 500 ლარი დაუჯდა, ხულოს მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ფაქტები, საქართველოს რეგიონები – 2019“ – ში უნდა იყოს გამოქვეყნებული. ეს სახელმწიფო შესყიდვა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ხულოს მერიამ გამარტივებული წესით განახორციელა. ხულოს შესახებ საინფორმაციო ინტერვიუების გამოსაქვეყნებლად ხელშეკრულება მერიას ფ/პ–თან, ინგა ქვარცხავასთან, 17 თებერვალს გაუფორმებია.
ამ შესყიდვის გარდა, მერიის მიერ განხორციელებული სხვა გამარტვივებული შესყიდვა, რომელიც პუბლიკაციებს უკავშირდება, ვიწრო პროფილისაა, კერძოდ, ეს არის – „სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის“ 2020 წლის მე- 2, მე -3 და მე-4 კვარტლის გამოცემები, რაშიც მერიას – 175 ლარი გადაუხდია. სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის გამოცემებისთვის ხელშეკრულება 12 ივნისს აიპ „მშენებლობის შემფასებელთა კავშირთან“ აქვს გაფორმებული.
ხულოს თვითმართველობას მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების, ბრძანებულებების, განკარგულებების, მიმართვებისა და განცხადებების გამოსაქვეყნებლად გამარტივებული შესყიდვა, ოფიციალურად, შპს–დ დარეგისტრირებულ გაზეთ – „ხულოსთან“ გაუფორმებია, რომელსაც ფართო აუდიტორია არ ჰყავს, არც ოფიციალური საიტი გააჩნია და არც სოციალური გვერდები, უფრო მეტიც, გაზეთი თითქმის სამი თვეა, არ გამოსულა. ამ გაზეთთან ხულოს მერიას სულ ორი გამარტივებული ხელშეკრულება გაუფორმებია, მთლიანობაში 2 ათას 320 ლარზე, აქედან გაზეთის შესასყიდად 320 ლარი გადაუხდია, დანარჩენი თანხა – ნორმატიული აქტების, ბრძანებულებების, განკარგულებების, მიმართვებისა და განცხადებების გამოსაქვეყნებლად.
პუბლიკაციებთან ერთად მერიას გამარტივებული წესით კომპანია „READme“ – გან, წიგნები შეუსყიდია, სულ 350 ლარის.
რა პრინციპითა და კრიტერიუმით შეარჩია მერიამ მედიაგამოცემა და კრებულები, რომლებსაც, ძირითადად, ხულოზე საინფორმაციო სახის მასალა უნდა მოემზადებინა? ჩვენ ეს კითხვა ხულოს მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსს დავუსვით, რაზეც ელდად აბულაძემ გვიპასუხა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას ის არ იღებს, მისი კომპეტენცია, ძირითადად, შესყიდვის პროცედურებს უკავშირდება.
„რაც უფრო მეტი მასალა მომზადდება მუნიციპალიტეტზე და მის ცნობადობას გაზრდის, მით უფრო კარგია ხულოსთვის, მაგრამ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ არის; რა შესაძლებლობაც გვაქვს, იმ მომსახურებას ვყიდულობთ.
„სამშენებლო რესურსების ფასთა კრებული“ ჩვენი თანამშრომლების სამაგიდო წიგნია, აუცილებელია სამუშაო პროცესის სწორად წარმართვისთვის, რადგანაც საბაზრო ფასები ყოველდღიურად იცვლება და ამ ინფორმაციის ცოდნა აუცილებელია, კრებულებს კი თანამშრომლებისთვის ყიდულობს მერია“, – აცხადებს ელდად აბულაძე და გაზეთ – „ხულოსთან” დაკავშირებით დასძენს:
„საკმაოდ ცნობილი გაზეთია, საკუთარი აუდიტორიაც ჰყავს, ამ ეტაპზე, თუ არ ფუნქციონირებს, ეს საკითხი ჩემს კომპეტენციას სცდება, მე არ ვირჩევ ორგანიზაციებს“.
გაზეთ – „ხულოს“ რედაქტორს, რუსლან აბულაძეს, ვკითხეთ, რა ტიპის ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთში, ეს იყო ხელისუფლების მაქებარი, თუ ანალიტიკური სტატიები? რაზეც გვიპასუხა, ანალიტიკურ სტატიებს ხშირად წერენ, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს, დღემდე, გაზეთში გამოქვენებული ერთი ანალიტიკური სტატიაც ვერ გაიხსენა. რაც შეეხება ხულოს მერიასთან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, აცხადებს, რომ 300-400 ლარამდე თანხაა დარჩენილი, დანარჩენი თანხის ინფორმაციები გაზეთმა უკვე გამოაქვეყნა.
„750 ტირაჟით, თვეში ორჯერ გამოდის გაზეთი. წლიური გადასახადი 20 ლარია. ძირითადად, ქვეყნდება ინფორმაციები ხულოს შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ გაზეთი ბათუმში იბეჭდება და მუნიციპალური ტრანსპორტი შეიზღუდა, პრობლემა შეგვექმნა – რომ დაიბეჭდოს, გაზეთს ამოტანა უნდა, თანამშრომლები კი უტრანსპორტობის გამო ვერ გადაადგილდებიან, გარდა ამისა, თანამშრომლების ნაწილი კარანტინში იყო,“– აცხადებს „ხულოს“ რედაქტორი.
მიმდინარე წლისთვის, ხულოს მერიას გამარტივებული წესით სულ 48 შესყიდვა აქვს წარმოებული, რომელთაგან უმრავლესობა საწვავის შეძენაზე მოდის და ყველა მათგანი, მხოლოდ ერთ კომპანიას – „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ უკავშირდება. ამ კომპანიასთან განხორციელებული ბოლო გამარტივებული შესყიდვა 4 დეკემბერს 9 ათას 034 ლარსა და 40 თეთრზე არის გაფორმებული, მანამდე კი 16 ხელშეკრულება გაუფორმებია მერიას, რაც მთლიანობაში 91 ათას 195 ლარს აჭარბებს.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან” დაკავშირებით შესყიდვების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ეს კომპანია კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე შეირჩა და დასძენს: „მართალია, კონსოლიდირებულ ტენდერში სხვა კომპანიაც არის გამარჯვებული, თუმცა მას ხულოს ცენტრში ბენზინგასამართი სადგური არ აქვს, შესაბამისად, ის კომპანია შევარჩიეთ, რომელსაც ადგილზე მომსახურების გაწევა შეეძლო, საწვავის ჩასასხმელად კილომეტრებს ტყუილად ხომ არ გაივლი“.
საწვავთან ერთად, ხულოს მერიის მიერ გამარტივებული ფორმით განხორციელებულ შესყიდვებს შორის, ფინანსურად ყველაზე ძვირად ღირებული შესყიდვა უსაფრთხოებას უკავშირდება. 70 ათას 800 ლარი მერიას თვითმართველობის შენობის დასაცავად გაუხარჯია, ამ ტიპის მომსახურებაზე ხელშეკრულება კი შსს -ს აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსთან გაუფორმებია. რაც შეეხება ყველაზე დაბალბიუჯეტიან გამარტივებულ შესყიდვას, ეს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული 23-ლარიანი ხელშეკრულებაა.
www.asea.ge
კომენტარები