“ვარსკვლავთ ბიჭუნა პოეზიიდან”, – ასე მეგობრებმა შეარქვეს რამაზ ხმალაძეს სტუდენტობის დროს. მაშინ მათთან ერთად უნივერსიტეტში დააფუძნა ლიტერატურული კლუბი – „ტბელი“, სადაც პოეზიაზე, პროზაზე, ხელოვნებაზე შეყვარებული სტუდენტები იკრიბებოდნენ და ლიტერატურულ საღამოებს აწყობდნენ.. „ტბელის“ წევრები გასვლით ღონისძიებებსაც გეგმავდნენ და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისტორიული ძეგლების მიმდებარედ კითხულობდნენ საკუთარი თუ სხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პოეტების ლექსებს.
იმ დროის დასტურად ქუდი შემორჩა წარწერით: “ვარსკვლავბიჭუნა პოეზიიდან!”
ლექსების წერა 15 წლის ასაკში დაიწყო. უბრალოდ, წერდა და ხევდა… ამასობაში სკოლა დაასრულა და ჯარში გაიწვიეს, რამაც მისი სულიერი სამყარო შეცვალა – წერას მოუხშირა და აღარ ხევდა, ინახავდა. „ნოსტალგიამ თავისი გაიტანა ჯარში… საგუშაგოზე მარტოდ ყოფნა ათასგვარ ფიქრს აღძრავს… იქ ბევრი დრო მქონდა საკუთარი თავის შესაცნობად. ფიქრობ, ფიქრობ და რაღაც უნდა მოუხერხო საბოლოოდ, ხოდა, მეც ვწერდი…“ – მოგვითხრობს თავად მის პირველ ნაბიჯებზე პოეზიაში.
„ვინმეს თუ ჩემი გაცნობა უნდა, უნდა იკითხოს ჩემი ლექსები!“
ეს რამაზ ხმალაძის ერთ-ერთი ლექსის ამონარიდია. ამბობს, რომ მის პოეზიაზე გავლენას ახდენს მშობლიური სოფელი – ბეღლეთი, მისი ბუნება, ტრადიციები, საზოგადოება… სიყვარულთან დამოკიდებულება სევდად გასდევს თითოეულ ლექსს:
ზეცამ ისევ უმატა ფიფქებსა და ნამქერებს, და ჩაკეტა უღმერთოდ სოფლისაკენ გზის ველი. ახლა სახლებს "ფეჩისგან"ტკაცატკუცი ამშვენებს, ხალხი გამწყდარ სინათლეს განუწყვეტლივ კვლავ ელის. კუთხეს მდგარი ლამპა კი შუქის ცრემლად იღვრება, კედლებს მჭახე ჩრდილები ნახვრეტებში დაეტყო... გარეთ ნაცვლად ღიმილის, მარტოობა იმღვრევა და პრობლემა ამგვარი გახლავთ უკვე საერთო... ბაბუა კი ბუხართან, ზის და ნერვებს ახელებს, ნაკვერჩხალსაც ურევს და სულს სულივით უბერავს; ნაღვლიანი თვალებით კვლავ გაჰყურებს ნამქერებს, და თხილამურს პროფილით შესაკრავებს უკერავს. გვერდით ბებოს ხელებზე ტკბილი გემო ასდის და ათამაშებს ხელებში მჭადის კვერებს ღიმილით - ამ დროს ყინულს წვეთები სიცხისაგან გასდინდა - ცაზე მთვარემ იწვერა, მოჩანს ვიწრო ღილივით. ღუმელში კი ცხვებოდა სიბერე და ერთობა, სიყვარულსაც ხარშავდნენ მათი ხელის გულები... მართლაც, წმინდა რამეა მათი ურთიერთობა - ორ სხეულში სიწმინდედ ჩაბერილი სულები. ასე იდგა ხის ქოხი სოფლის გვერდზე კიდურად, მოხუცების სიყვარულსჰქონდა სულ სხვა ელფერი. სახლში იყვნენ ორი და, თან ცხოვრობდნენ მდიდრულად, და სოფელში უსკიპტროდ იყვნენ ორი მეფენი. მე კი სახეს ღიმილი ღაწვებამდე დამეტყო; ფეხის კვალი წაშალა ნამქერმა და ფიფქებმა. ჩემს გულს ხშირი ხმაური და ჩხვლეტები დაეწყო, ალბათ, ჩემი სიბერეც ასეთივე იქნება.
უცნაური პოეტური ხასიათიდან სახლის სახურავზე, მცხუნვარე მზის ქვეშ საათობით ყოფნა ახსენდება: „დიდხანს ვიჯექი, ვფიქრობდი და ვწერდი… ასე განმარტოებით, საკუთარ თავთან და ფიქრებთან… იქიდან სხვანაირად ლამაზია ჩემი სოფელი და მთელი სამყარო!“
რამაზ ხმალაძე თანაავტორია ლიტერატურული პროექტისა „პეგასი“, რომლის იდეაც ფესტივალმა „ზე-კართან“ შთააგონა. მონაწილეობს ლიტერატურული კლუბის – „შინ“ – მიერ ორგანიზებულ პოეზიის საღამოებში, სხვა პოეტებთან ერთად პანდემიის დროს შეეცადა კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის სიმარტოვეში ყოფნის დღეების გალამაზებას და ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“, მიმდებარედ ღია ცის ქვეშ გამართულ პოეზიის საღამოშიც მონაწილეობდა.
რამაზ ხმალაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურში მუშაობს და ცდილობს, ყველა რესურსი გამოიყენოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ხელოვანების წარმოსაჩენად, სურს ადგილზე მოაწყოს ისეთი შეხვედრები, სადაც ახალგაზრდები ისაუბრებენ პოეზიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, სადაც ცნობილ პოეტებს, პროზაიკოსებს, ხელოვანებს მოიწვევს.
რამაზ ხმალაძის პოეზიას სოციალურ ქსელში შეხვდებით.
სათქმელს, რომელსაც ხმამაღლა ვერ ამბობს, ლექსებით გადმოსცემს და წიგნის გამოცემაზე ფიქრობს, რაც აქამდე არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო ვერ მოახერხა.
კომენტარები