პროექტის – „ჩემი სხეულის“– ფარგლებში ქალთა მხარდასაჭერად რამდენიმე აქტივობა ჩატარდა. საქართველოს შემეცნებითმა ცენტრმა და „Women’s Fund in Georgia“-მ უზრუნველყო ბანაკის – „ვარდისფერი აქციების” – ორგანიზება, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, ჩირუხის მთაზე, გაიმართა.
აჭარის რეგიონში მცხოვრებმა მოხალისეებმა გულღიად და თამამად ისაუბრეს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის კუთხით გამოწვევებზე, ასევე – ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აჭარაში გვხვდება.
ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც დღეს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით აქტუალურია. მათ ამ თემაზე ვიდეორგოლიც მოამზადეს.
„ვარდისფერი აქციების“ მონაწილეები იმედს იტოვებენ, რომ ერთად შეძლებენ გარემო მეტად თავისუფალი და თანასწორი გახადონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ვარდისფერი აქციების“ რამდენიმე მონაწილეს გავესაუბრეთ.
ელენე ჩხარტიშვილი: – რატომ ასე შორს? რატომ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე? ალბათ იმიტომ, რომ მონაწილეებს დიდი სურვილი გვქონდა იმისა, რომ ყველაფერი შორიდან დაგვენახა. თითქოს ჩვენს ყოველდღიურობას განზე მდგარი ვუყურებდით და ყველა ის პრობლემა და უსამართლობა, რომელზეც საუბარი დავიწყეთ ,,ვარდისფერი აქციების’’ მსვლელობისას, თითქოს, მხოლოდ ჩვენი ან ჩვენი მეგობარი ქალების პრობლემას კი არ წარმოადგენდა, ის იყო საზოგადოდ, მსოფლიოს პრობლემა და ჩვენ ვიყავით ძალა, რომელიც დაიწყებდა ამ პრობლემების დამარცხებას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცვლილებები ჩვენით იწყება და თუ ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ და არ დავიწყებთ ხმამაღლა საუბარს, რომ ის ჩაგვრა, რომელსაც ვხედავთ და ვაწყდებით ოჯახში, უნივერსიტეტში, სამსახურსა თუ სხვა სფეროებში, გენდერული კუთხით, არ არის ნორმალური და სამართლიანი, მაშინ, ბუნებრივია, ვერც სხვა დაგვეხმარება, რადგან მას არ ეცოდინება, რომ ჩვენ, ქალებს, გვტკივა, განვიცდით, გვაწუხებს, გვეშინია და უბრალოდ ,გვიჭირს ნორმალურად სუნთქვა.
და ხო, ჩვენ დავიწყეთ საუბარი; ვსაუბრობთ ყველაფერზე, რომელიც გვეხება ჩვენ; ეხება ჩვენს მეგობრებს ან შეიძლება, შეეხოს მომავალში ჩვენი სქესის წარმომადგენლებს. ვსაუბროთ,, რადგან გვგონია, რომ ძალა, რომელიც ახალგაზრდებშია, ბევრად აღემატება იმ მოძალადეების ძალას, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენისთვის სხვაზე ძალადობა სჭირდება.
მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემა განვიხილეთ. ჩემი მონოლოგი ეხებოდა გენდერულ დისკრიმინაციას საუნივერსიტეტო სივრცეში. მე, როგორც სტუდენტს, განსაკუთრებით მაწუხებს აღნიშნული პრობლემა, რადგანაც ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი, როგორც აკადემიური სივრცე, ყველაზე მეტად უნდა გმობდეს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, რომელიც თავისუფლად განათლების მიღებას ეწინააღმდეგება და რომელიც თანასწორობას სცდება. ჩემი მონოლოგი გამყარებული იყო მაგალითებით ჩემი მეგობარი სტუდენტებისა, რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობენ და რომლებიც ებრძვიანი სტიგმას, რომ საუკეთესო ქირურგი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს.
ქალი? ქალი ჯერ დედაა და შემდეგ საკუთარი პროფესიის მცოდნე, ქალს საკმარისი დრო არ აქვს, რადგან ბავშვებს უნდა მოუაროს, სახლი უნდა დაალაგოს, დარეცხოს, დააუთოოს და სამსახურისთვის რაღა დრო დარჩება? ეს ყოველდღიურ შთაგონებასავითაა; გეუბნებიან, რომ შენი როლი დედობაა,; გეუბნებიან, რომ შენ ვერ შეძლებ; ცდილობენ, დაგიკარგონ მოტივაცია და ცდილობენ, ჩაკლან შენში შენივე პიროვნების ნაწილი, მომავალს გიგეგმავენ ისე, რომ შენ რას ფიქრობ, არ აინტერესებთ.
მინდა, წარმოიდგინოთ, რას გრძნობენ სტუდენტები ამ დროს; მინდა გააანალიზოთ, რას იგრძნობთ თქვენ, როცა ყოველდღე განათლების მისაღებად უნივერსიტეტში მისულს გეუბნებიან, რომ შენ არასწორ ადგილას ხარ; როცა სალექციო მასალას, უბრალოდ, არ გეკითხებიან შენ და ეკითხებიან შენს თანაკურსელ ვაჟებს; როცა ხარ სხვისი შეხედულებების მსხვერპლი და როცა სწავლის პარალელურად ბრძოლა გიწევს. ეს რეალობაა. რაც არ უნდა გასაკვირი და სამწუხარო იყოს, ჩვენ მიერ დახატული სურათი რეალურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა ბრძოლისთვის; ძალა, რომ ერთად შევძლებთ, გავხადოთ ჩვენ ირგვლივ გარემო მეტად თავისუფალი და თანასწორი!
ლაურა ქარცივაძე: – საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ჩვენს სხეულზე და პიროვნულობაზე სტანდარტების დაყენება არ მოგვაყენებს ფსიქოლოგიურ ტრავმას და ეს, უბრალოდ, რჩევის სახეს მიეკუთვნება, რომელიც პიროვნებამ კარგ რჩევად უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს. თუმცა აქ არის ერთი გარემოება, რომელსაც არასდროს ითვალისწინებს უსიამოვნო, უტაქტო კომენტარების ავტორი. თუ რა გვსურს ჩვენ და როგორები გვინდა, ვიყოთ სინამდვილეში. თუ ვამბობთ იმას, რომ ყველა ჩვენგანი ვართ იდეალურები და მნიშვნელოვანები, მაშინ რატომ ვაყენებთ ერთმანეთს ზიანს? რატომ ვკიცხავთ კეხიანი ცხვირის და ზედმეტი კილოგრამების გამო?
ზოგჯერ მომისმენია დედებისგან, დედამთილებისგან და იმ ხალხისგან, ვისაც არ სწამთ ცხოვრების სილამაზე, ასეთი ფრაზები: „რა მსუქანია, ამას არავინ შეიყვარებს“ , „ბიჭი ჯობია“ , „ეს როგორი მახინჯია და ამას როგორი შვილი ეყოლება, წარმომიდგენია“; … ყოველთვის, როცა ვინმეს შეურაცხყოფას მივაყენებთ, უნდა წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მათ ადგილას. ყველა უსიამოვნო სიტყვა, პიროვნებას აყენებს ფსიქოლოგიურ ტრავმას, მას უქვეითდება თვითშეფასება და ყველაზე მთავარი – კარგავს თავისი თავის სიყვარულს და რწმენას. ის, რაც თქვენ გგონიათ კარგი, სინამდვილეში არის ცუდი!
თამუნა ბერიძე:– გენდერული დისკრიმინაცია, ქალთა უფლებების დარღვევა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის არქონა, ქალთა განათლების პრობლემა… ეს არის იმ რთული გამოწვევების მცირე ჩამონათვალი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო და სამწუხაროდ, იძულებულები ვართ, გავაგრძელოთ დღესაც.
მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ამ პროცესში არ არის ერთობლივი ჩართულობა და ძირითად პასუხისმგებლობას მხოლოდ არაფორმალური განათლება იღებს საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანი დაჯგუფებები კი, – ოჯახი, სკოლა და საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში ირგებენ მხოლოდ მაყურებლის როლს, მაშინ, როცა თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან მსგავსი უსამართლობის ფაქტებს.
ვფიქრობ, ოჯახი არის ის პირველი ინსტიტუტი, საიდანაც უნდა მიიღოს განათლება ბავშვმა საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით; ისწავლოს დამოუკიდებელი აზროვნება და შემდგომ შეძლოს საზოგადოებაში თავის მყარად დამკვიდრება. რაც შეეხება სკოლას, მას უდიდესი ფუნქცია გააჩნია რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის თავდაპირველ მიწოდებაში, თუმცა, სამწუხაროდ, პირადი გამოცდილებიდანაც მიწევს აღვნიშნო, რომ სკოლებში ის გაკვეთილები, რომელშიც უშუალოდაა საუბარი ქალისა და კაცის რეპროდუქციულ სისტემაზე,, არ განიხილება, რადგან ,,უხერხულია”, რაც საბოლოო ჯამში დაღს ასვამს სამომავლოდ აღნიშნული თემის ღიაობას.
საზოგადოება კი ის ბოლო საფეხურია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის პიროვნული თავისუფლების დონეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა საზოგადოება მზად ერთმანეთის უფლებების დასაცავად. ამგვარად, აუცილებელია არსებულ გამოწვევებს ვებრძოლოთ ერთობლივად, რადგან ის დღეს თუ ხვალ გახდება თითოეული ჩვენგანის პრობლემაც, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული და ძირეული აღმოფხვრა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მთავარ პასუხისმგებლობას მხოლოდ ისევ არაფორმალური განათლება აიღებს და ჩვენ განზე გავდგებით, ვშიშობ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც მოგვიწევს ამ პრობლემაზე საუბარი.
დეა თავართქილაძე: – ფოტოშანტაჟი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს რაიმე სახის ფოტოთი აშანტაჟებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? უმჯობესია, საერთოდ არ დავეკონტაქტოთ უცნობ ადამიანებს, მაგრამ სოციალური ქსელები, უმეტესწილად, ხომ გაცნობითი სახის საკომუნიკაციო სფეროს წარმოადგენს, ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც გეჩვენებათ საეჭვოდ,, არ გაუგზავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ფოტოები, რადგან არ იქნეს ჩვენივე ინფორმაცია ჩვენსავე საწინაღმდეგოდ გამოყენებული; არ უნდა გახსნათ მათ მიერ გამოგზავნილი ლინკები, რადგან თავიდან აიცილოთ ცუდი შედეგები.
არის ხოლმე შემთხვევები, რომ ამ ყველაფრის დაცვის მიუხედავდ, მაინც ხდება პიროვნების შანტაჟი; თუ იქნება ასეთი შემთხვევა, ნუ აყვებით პროვოკაციას, არ წაშალოთ მონაწერი ესემესები, რომ შემდგომ გამოიყენოთ შესაბამის სამსახურებში. ნუ შეგეშინდებათ და ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ რომ თავიდან ააცილოთ ეს ცუდი გამოცდილება და მოგონებები სხვებსაც. მე მჯერა, ერთად შევძლებთ ყველაფერს, ერთად მეტი შეგვიძლია!
www.asea.ge
კომენტარები