ნ
აწილი პირველი
2009 წელს გავხდი სტუდენტი, ჩემი ბავშვობა დავტოვე სოფელში და ჩამოვედი ქალაქში. თითქოს არაფერი განსაკუთრებული – სკოლა დავამთავრე, გავიზარდე და წამოვედი სოფლიდან, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ სოფლიდან ქალაქში ჩამოსვლა… ჩემი მგზავრობა იყო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, სევდიანი და ტკივილიანი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი თბილისს, მით უფრო ებღაუჭებოდნენ ჩემი ფიქრები საზღვარგარეთ დარჩენილ სოფელს. მახსენდებოდა მთვარიანი ცის ქვეშ მამაჩემის მოყოლილი ზღაპრები, ალაზანზე თევზაობა, მინდვრებში და ტყეებში ხეტიალი. ერთადერთი, რაც მამშვიდებდა იყო ის, რომ ქალაქში ძმა მელოდებოდა.
სტუდენტობის ოთხი წელი უნდა გამეტარებინა ხმაურიან ქალაქში. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ახალი ცხოვრება, ახალი ნაცნობები, მეგობრები… 17 წლის ბიჭისთვის მილიონიან ქალაქში უამრავი გამოწვევა, ცდუნება და არასწორი გზა არსებობდა, სადაც ისე უცხოდ დავეხეტებოდი, როგორც ნიავი დაბურულ ტყეში. ყოველთვის, როცა ჩემს მხარეზე და სოფელზე ვიწყებდი საუბარს, უმრავლესობას თურქეთში მცხოვრები ვეგონე, ზოგი ფერეიდნელად მთვლიდა. ახალგაზრდებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ თბილისიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში არსებობდა ისტორიული კუთხე – ჰერეთი (საინგილო), სადაც ცხოვრობდნენ ქართველები. უფროსი თაობის წარმომადგენლებში კი ერთი „ინგილო“ ბიჭი ვიყავი.
სწავლის პარალელურად, კახის რაიონიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა დავიწყეთ საზოგადოებრივი საქმიანობა. ჩვენი მიზანი იყო კუთხე ჰერეთის პოპულარიზაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქართველებით დასახლებულ სოფლებში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. მედია და პრესა ხშირად იყენებდა ტერმინებს „ინგილო“ და „საინგილო“, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ტერმინი „ინგილო“ მე-18 საუკუნეში ჩნდება, რომელიც მიღებულია ძველი თურქული ფორმიდან (yangili – yangilo (მორჯულებულს, ახლად გამაჰმადიანებულს ნიშნავს)). აქედან გამომდინარე, თავდაპირველად „ინგილო“ სოციალური შინაარსის ცნება იყო და არა ეთნიკური. შემდგომში მორჯულებული ქართველებით დასახლებულ მხარეს „საინგილო“ ეწოდა. საბჭოთა რეჟიმმაც გარკვეული დაღი დაასვა ამ ტერმინის საბოლოო დამკვიდრებას. ქართველი პოეტები წერდნენ ლექსებს საინგილოზე. კონსტანტინე გამსახურდიამ კი გასაოცარი „ისტორიული ნახტომი“ გააკეთა საკუთარ ისტორიულ რომანში „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ავტორი აღწერს მე-11 საუკუნის მოვლენებს, სადაც უცებ ვაწყდებით წინადადებას: „ერთმა ინგილომ ორი ავაზა მოჰგვარა ჰერეთიდან მეფეს“.
ახალგაზრდებმა დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რათა კუთხეს ისტორიული სახელწოდება დაბრუნებოდა. 2010 წლიდან ლიტერატურაში, მხატვრობაში, მედიაში, პრესაში, სოციალურ ქსელებში თუ ტურისტულ გზამკვლევებში დაიწყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრები ქართველების შესახებ სიახლეების გამოქვეყნება. ათი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქართული საზოგადოებისთვის ძირძველი მხარე ისტორიული სახელწოდებით გაგვეცნო. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს. ქართული საინფორმაციო საშუალებები ისტორიული ჰერეთიდან ხშირად აშუქებენ სიახლეებს შემდეგი სათაურებით: „გიორგობა ჰერეთში“, „ნინოობა ჰერეთში“, „საიმედო ტური ისტორიულ ჰერეთში“ და სხვა.
მეც გადავწყვიტე, რომ ჰერეთის მოკლე ისტორიულ მიმოხილვასთან ერთად, მედიაპლატფორმა ASEA.GE-ს მეშვეობით ეტაპობრივად შემოგთავაზოთ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, ლეგენდებისა თუ თქმულებების შესახებ ინფორმაცია. უკეთ გაგაცნოთ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველი გლეხკაცის ყოველდღიური საქმიანობა; „ჩაგახედოთ“ ჰერელი დიასახლისის სამზარეულოში; დაგანახოთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ახალგაზრდობა და რას იხსენებენ უხუცესები.
ზაზა სუყაშვილი
www.asea.ge
კომენტარები