მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ახალი გამოწვევის – დისტანციური – ონლაინ სწავლების წინაშე დააყენა. ამ გამოწვევამ რეალურად გაყო ქალაქი და სოფელი, დაბა და სოფელი… ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა განათლების ვერმიღების საფუძველი ხდება, რომელსაც შესაბამისი უწყებები ტელესკოლის საშუალებით ეწინააღმდეგებიან.
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსწავლეები თითქმის ერთთვიანი დასვენების შემდეგ – 1 აპრილიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. გაკვეთილები, ძირითადად, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ Teams პროგრამაში უტარდებათ, თუმცა ინტერნეტის დაბალი ხარისხის გამო, ხშირად გაკვეთილი წყდება და პედაგოგები იძულებული არიან სხვა პროგრამებიც გამოიყენონ. ასეთ დამხმარე პროგრამებად უმეტესწილად Zoom-ს და Messenger-ს იყენებენ.
თეონა კოჩალიძე ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის V, VII, VIII და X კლასის მოსწავლეებს. დაბალი კონტინგენტის გამო ოთხივე კლასში სულ 12 მოსწავლე ჰყავს. ამბობს, რომ ონლაინ გაკვეთილებს ყველა მოსწავლე ესწრება და ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ინტერნეტის დაბალი ხარისხია.
ნანა ქედელიძე დაწყებითი სკოლის პედაგოგია. დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ისიც ინტერნეტს ასახელებს: „დაბალი ტარიფის გამო თითქმის მთელი სოფელი ბილაინის მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ხარისხი ყოველთვის დაბალი იყო, მაგრამ დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ გაუარესდა, ეჭვგარეშეა, მაღალი დატვირთვის გამო… ხშირად ითიშება ინტერნეტი, რის გამოც საგაკვეთილო პროცესი წყდება და იძულებული ვართ სხვა პროგრამაში ვიმუშაოთ.“ ნანა I და III კლასის მოსწავლეებს ასწავლის. გარდა ინტერნეტის ე.წ. „გაჭედვისა“, სხვა პრობლემებსაც აწყდება პატარებთან დისტანციური ურთიერთობისას: „ერთმა პირველკლასელმა პროგრამის ჩათიდან შემთხვევით თავისი მეგობარი ამოშალა და რა თქმაა ბავშვმა ვერ შეძლო იმ დღეს გაკვეთილებზე დასწრება. ხშირად ვიდეოთვალი ეთიშებათ, ზოგჯერ – ხმა… პატარები არიან და ასე უცებ ვერ აუწყვეს ფეხი ინტერნეტს.“
იაგულ აბულაძე ვაშლოვანის საჯარო სკოლის მასწავლებელია. ის მარტის თვიდან აქტიურად არის ჩართული ონლან სწავლებაში და დისტანციური სწავლების მეთოდებს ეუფლება. სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით, Teams პროგრამაში გაკვეთილებს უპრობლემოდ ატარებს და მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად სხვადასხვა აქტივობის დისტანციურად ჩაწერასაც ახერხებს. იაგული მაგთის ინტერნეტს სარგებლობს. ამბობს, რომ „პროგრამა ნორმალურად მუშაობს, მთავარია, ბავშვები შემოვიდნენ ე.წ. „ჩათში“, გაკვეთილი ხარვეზების გარეშე ტარდება.“ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იაგული სხვა პედაგოგებსაც უწევს კონსულტაციას და ეხმარება ონლაინ გაკვეთილების ორგანიზებაში.
საკაბელო ინტერნეტი ხულოს მუნიციპალიტეტში დაბასა და მიმდებარე სოფლებშია მხოლოდ. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 90% მობილური ინტერნეტით სარგებლობს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს არ აქვთ ტელეფონი და არც იმ პროგრამებს ფლობენ, რომელშიც უტარდებათ ონლაინ გაკვეთილები, შესაბამისად, ბავშვები დამოკიდებული არიან მშობლებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავიანთი საქმით არიან დაკავებული – (შინა სამეურნეო საქმიანობა)… პედაგოგები იძულებული არიან, გაკვეთილის ჩატარების დრო მოსწავლეების მშობლების დღის განრიგის მიხედვით ჩაინიშნონ და ხშირად საღამოს 20:00 საათზე ატარებენ გაკვეთილებს.
საგაკვეთილო ცხრილი ტელესკოლის გაკვეთილებსაც მოიცავს. პედაგოგები ამბობენ, რომ ბავშვები ტელესკოლის გაკვეთილებს ისმენენ, მაგრამ იმ დავალებების შესრულებას, რომელსაც ტელეგაკვეთილის პედაგოგი აძლევთ, არ ავალდებულებენ: „უჭირთ ახალი სისტემით მუშაობა, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ისედაც დაძაბულები არიან და აღარ ვტვირთავთ“.
ხელმისაწვდომია თუ არა დისტანციური სწავლება ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის? სანდო წყაროს ინფორმაციით მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, შესაბამისად, ვერ ახერხებს განათლების დისტანციურად მიღებას. ხულოს რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ მიქელაძის, თქმით კი – „ხელმისაწვდომია. თავდაპირველად იყო რამდენიმე სოციალურად დაუცველი მოსწავლე, რომელთა ოჯახებს არ ჰქონდათ ტელეფონი და ინტერნეტი, რათა ჩართულიყვნენ დისტანციურ სწავლებაში, მაგრამ ამჯამად პრობლემა მოგვარებულია. ზოგი მშობელი შეეცადა და შეიძინა ტელეფონი, ზოგს –დირექტორი დაეხმარა.“ იგი მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლება ნორმალურად მიმდინარეობს.“
www.asea.ge
კომენტარები