დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ქედის საბავშვო ბაღში დასაქმებულ თანამშრომლებს 100 ლარით გაზრდილი ხელფასი მიმდინარე წლის ივლისის თვიდან უნდა აეღოთ, ქედის მერიამ გასულ წელს დაამტკიცა. სახელფასო სარგოს გასაზრდელად მიღებული ოფიციალური დოკუმენტი ციფრებთან ერთად, ქედის მერიამ მანამდე შეცვალა, ვიდრე აიპში, რომელიც საბავშვო ბაღების მუშაობას უწევს კორდინირებას და დაახლოებით 245 ადგილობრივია დასაქმებული, გაზრდილ ხელფასს აიღებდა.
ქედის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა ვერ განხორციელდა, რის მიზეზადაც მერია პანდემიას ასახელებს. აქ აცხადებენ, რომ ადგილობრივი შემოსავლები შემცირდა და ხელფასების გასაზრდელად საჭირო ფინანსური რესურსი თვითმმართველობას არ გააჩნია, შესაბამისად, ხელფასები წლის ბოლომდე ვეღარ გაიზრდება.
ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ჯემალ ტაკიძე, განმარტავს, რომ ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი მილიონ 118 ათასი ლარით შემცირდა, ხელფასები კი სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა გაზრდილიყო და დასძენს, რომ სახელფასო სარგოს ზრდა, სავარაუდოდ, ახალი წლიდან დაიწყება.
„მილიონ 118 ათასი ლარი ქედის რეალობისთვის ცოტა თანხა არ არის. სხვა რეალობაა ქვეყანაში, პანდემიის ფონზე ვითარება შეიცვალა. მართალია, ოფიციალურად იყო მიღებული დოკუმენტი, რომ ცვლილებები შევიდოდა ბიუჯეტში და 2020 წლის ზაფხულისთვის აიპში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდებოდა, თუმცა შემცირდა ის ფინანსები, რის საფუძველზეც ხელფასები უნდა გაზრდილიყო”, – აცხადებს ჯემალ ტაკიძე.

ადგილობრივი ბიუჯეტის შემცირების პარალელურად დაფინანსება შეუმცირდა საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორის საბავშვო ბაღებს. აქ, დაახლოებით, 200 ათასი ლარით იკლო დაფინანსებამ. ქედის მთავარი ფინანსისტი ამბობს, ფინანსური ცვლილება მნიშვნელოვან და დიდ პროექტებს არ შეეხო და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით ხორციელდება.
ა.ა.ი.პ ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შტატით გაწერილი სულ 210 თანამდებობრივი პოზიცია აქვს და დაახლოებით, 245 თანამშრომელია დასაქმებული. აიპის ბუღალტერის ინფორმაციით, გარკვეული შტატები გაყოფილია და ბევრ შემთხვევაში ერთ შტატზე ორი თანამშრომელი მუშაობს. ნახევარ შტატზე მომუშავე აქ სულ 75 თანამშრომელია, მათი ხელფასი კი დაახლოებით 100 – 200 ლარია.
შტატით გათვალისწინებული პოზიციების გარდა, აიპს უშტატო თანამშრომლებიც ჰყავს, სულ – ცხრა, ისინი, ძირითადად, ტექნიკური პერსონალია და მათი თვის სახელფასო სარგო 2 520 ლარს აღემატება, რაც შეეხება შტატით გაწერილი პოზიციების თვიურ ხელფასს, 78 410 ლარს აღემატება.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერის თქმით, აიპს წლის გეგმაში ხელფასების ზრდისთვის თანხა არ ჰქონდა გაწერილი, რადგანაც მერიამ ხელფასების ზრდის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა აიპმა სამოქმედო გეგმით საკუთარი ბიუჯეტი დაამტკიცა.
„ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ აქვს ის ფინანსური რესურსი, რომ ხელფასი გაიზარდოს. ჩვენს ბიუჯეტში ხელფასების მატება არ გვქონია გაწერილი, სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება როცა მიიღეს, საკუთარი ბიუჯეტი გაწერილი გვქონდა,“ – აცხადებს რამინ დიასამიძე.
ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ახალი [2021] წლიდან მწირ ანაზღაურებაზე მომუშავე საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ქედაში? ეს იმაზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი, ის შემოსავლები და დაფინანსება, რასაც ქედის თვითმმართველობა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან იღებს.
www.asea.ge
კომენტარები