ახლოვდება 2020-ის არჩევნები. აქტიურად მიმდინარეობს ძალთა გადაბალანსება ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. რა შედეგით დასრულდება “პოლიტიკური ტრანსფერები” და როგორ გადანაწილდება მანდატები, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს., თუმცა, ქართული პოლიტიკის ყოველ აქტორს თავისი პროგნოზი და მოლოდინები აქვს. asea.ge ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ 2020-ის არჩევნების მოკლე პროგნოზს სხვადასხვა პოლიტიკოსისა თუ პარტიის გადასახედიდან. ამჯერად სამ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას ფილოსოფოსი და ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი პასუხობს.:
1) შეძლებს თუ არა ოპოზიცია შეთანხმებას მაჟორიტარულ ოლქებზე და ზოგადად, როგორ ფიქრობთ,რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების მიღწევა?
ოპოზიცია ფართო ცნებაა. ოპოზიციის ნაწილი შეძლებს, ისიც მხოლოდ გარკვეულ ოლქებში. გაერთიანებას პლუსებიც აქვს და მინუსები. სახელისუფლებო კანდიდატი ფლობს ადმინისტრაციულ და სხვა ტიპის რესურსს. თუ დანარჩენი პოლიტსუბიექტები შეჩერდებიან ერთ საერთო კანდიდატზე, არის რისკი, რომ ის ვერ აღმოჩნდება შემკრები ფიგურა, ანუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა იკარგება. ვიღაცას არ მოსწონს ბურჯანაძე, ვიღაცას- ნაციონალი, ვიღაცას – ლეიბორისტი და ასე შემდეგ … ეს არის ობიექტური მოცემულობა, რომელიც აპრიორი ასუსტებს ოპოზიციას ფორმატში – „ერთი საერთო კანდიდატი“.
ფორმატი – „ბევრი კანდიდატი“ – ხმები თავისთავად იყოფა და ესეც ცუდია.
ბევრი რამ, ამიტომ, მეორე ტურში გადაწყდება – მათი მიღწევა და იქ მაქსიმალური თანამშრომლობა დიდ მნიშვნელობას იძენს, ჩემი აზრით.
2) რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ შეთანხმებას?
გარდა გარკვეული გათვლებისა, ეს არის ამბიცია, საკუთარი თავის შეფასების უუნარობა, ვიწრო პარტიული ინტერესები, სოციოლოგიური (ყველა სახის) კვლევების კულტურის არქონა და ასე შემდეგ.
3) როგორ პროგნოზირებთ, რა შედეგი დადგება 2020 წლის არჩევნების შემდგომ და დაახლოებით, როგორ გადანაწილდება მანდატები?
- პარტიულად ანგაჟირებული პიროვნება ამ შეკითხვაზე გულწრფელ პასუხს ვერ გასცემს!
- საქართველოში პროგნოზების კეთება რთულია.
- სიტუაცია ძალიან დინამიურია …
ხვალ რომ არჩევნები იყოს – პირველ ადგილზე გავა ოცნება, მეორეზე – ნაციონალები, მესამეზე – ლელო, მეოთხეზე – ევროპული საქართველო, მეხუთეზე – პატრიოტები … არც ერთს არ ექნება 35 %–ზე მეტი…
მაგრამ არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბერშია!
ძალიან მინდა, ვიხილო კოალიციური მთავრობა, სადაც არ იქნება „ოცნება“ და “მესამე ძალის“ პლატფორმა – ლელო, გირჩი, „ელისაშვილი“ და სხვა – იქნება „ოქროს ხმის“ მფლობელი.
www.asea.ge
კომენტარები