Asea.ge პოლიტიკური გაერთიანება “მოქალაქეების” წევრ გიორგი გაბაიძეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
– მოგესალმებით. როგორც ვიცით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დღითი დღე უფრო და უფრო ნაკლებ ექვემდებარება რაიმე სახის წინასწარ პროგნოზს. მაინტერესებს, როგორია თქვენი მოლოდინები?
– წინასაარჩევნო პროცესიც აჩვენებდა, რომ შედეგი არაპროგნიზირებადი იქნებოდა, თუმცა რაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემოგვთავაზა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის სრული კატასტროფა და შედეგიც არაპროგნოზირებადი იქნება.
ჩემი მოლოდინიც იგივეა, რაც მოთხოვნა – ხელახალი სამართლიანი არჩევნები.
– რა სქემით მუშაობდა ხელისუფლება საარჩევნო უბნებზე და თუ შეგიძლიათ, რაიმე სახის მნიშვნელოვანი კაზუსის გამოყოფა, რაც ამ არჩევნებში თქვენი წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულა?
– ჩვენ გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება საქართველოს მასშტაბით აპირებდა ამომრჩეველთა 1% ხმების მიზანმიმართულად გაბათილებას, თუმცა მხოლოდ აჭარაში 14% გაბათილდა.
კონკრეტულად ჩვენი რამდენიმე დამკვირვებელი შეესწრო ფაქტს, როცა “ქართული ოცნების” კომისიის წევრები ცდილობდნენ ოპოზიციურ პარტიებზე მიცემული ხმების დამადასტურებელი ბიულეტენების “შეყოლებას “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
– შეგიძლიათ, განმარტოთ ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში გამოხატული პროტესტის მნიშვნელობა?
– ხალხი იყო ცვლილების მოლოდინში, რეალურად ოპოზიციამ მიიღო ხმების უმრავლესობა და “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებულმა არჩევნებმა რადიკალურად სხვა – თავისთვის სასარგებლო სურათი დახატა არჩევნებზე. რეალურად გაქრა იმ მოქალაქეების ხმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მთავრობის ცვლილებებს. სწორედ ამიტომ გამოვთქვამთ პროტესტს ათიათასობით ადამიანი და მოვითხოვთ ჩვენთვის მონიჭებული უფლების სამართლიანად აღსრულებას, რომელიც გამოიხატება ხელახალ სამართლიან არჩევნებში.
– სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს სხვადასხვა სახის მოთხოვნები. თუ შეგიძლიათ, საზოგადოებას მოკლედ, კიდევ ერთხელ განუმარტოთ ამ მოთხოვნების შინაარსი?
– პირველი მითხოვნა, როგორც ზევით აღვნიშნე, არის ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ამისთვის არსებობს კონსტიტუციური გზები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თავიდან – პატიოსანი წარმომადგენლებით ცესკოს დაკომპლექტება და საარჩევნო პროცესების გაჯანსაღება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების განთავისუფლება. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, ერთი პარტიისა თუ ადამიანის პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყვნენ დაკავებული უდანაშაულო ადამიანები.
ეს არის ის სამი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გასაჯანსაღებლად.
– იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის საკუთარ პათოსს და გაერთიანებულ ოპოზიციას შესთავაზებს მათ მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებთან ახლოს მდგომ წინადადებებს, რამდენად გამართლებული იქნება ოპოზიციის დათანხმება ან არდათანხმება ამ წინადადებებზე?
– ჩვენი მოთხოვნები არის სამართლიანი და შესაბამისად, მისი შესრულება ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ერთობა იქნება შეუვალი და პრინციპული დაყენებულ საკითხებთან მიმართებაში.
– როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში, და რამდენად აისახება მათი აზრი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში სამომავლოდ?
– საერთაშორისო თანამეგობრობის და ამერიკის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ინსტიტუტების შეფასება ჩატარებულ არჩევნებზე არის უარყოფითი. თუ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
– ჩიხში შეყვანილი პოლიტიკა, თქვენი აზრით, ყველაზე უფრო რომელ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ინსტიტუტებს აზარალებს ქვეყანაში?
– პირველ რიგში ეს აზარალებს იმ ინსტიტუტებს, რომელსაც დემოკრატიის განვითარებისთვის აფინანსებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რაც შეეხება, ზოგადად, ინსტიტუტებს, ქვეყანაში ჩამოშლილია ყველა სამართლებრივი, ეკონომიკური თუ დემოკრატიული ინსტიტუტი და სასწრაფოდ არის დასაწყები მათი გაჯანსაღების პროცესი.
– ხშირად ისმის ბრალდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი აქციაზე გამოსვლით და თავიანთი პროტესტის გამოხატვით საფრთხეს უქმნიან საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს. როგორ შეაფასებდით მსგავსი ტიპის განცხადებებს?
– აქციაზე მოსვლა და დგომა არის მოქალაქეების სურვილის შესაბამისი ქცევა. ოპოზიციური პარტიები მკაცრად აკონტროლებენ აქციაზე მოქალაქეების დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების წესებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს აქციაზე მდგომ მოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებაში. მსგავსი განცხადებები მიმაჩნია, ერთი მხრივ, ანტიდემოკრატიულად და მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ მოცემულ საკითხს ხელისუფლება იყენებს მოქალაქეებში საპროტესტო აქციების მიმართ უარყოფითი განწყობის გასავრცელებლად.
– აქვს კი ოპოზიციას იმის რესურსი, რომ ოლიგარქს უკან დაახევინოს?
– ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის განწყობაზე, მონდომებაზე და პროცესების რეალურად შეფასებაზე.
არის ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ თუკი ასე გაგრძელდება ქვეყნის მმართველობა, აუცილებლად მივალთ გამოუსწორებელ შედეგამდე. ამაში იგულისხმება პირველ რიგში ფინანსური კრიზისი. ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული სიტუაცია, შესაძლოა, გახდეს უმართავი. ქვეყანაში ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა. ფაქტიურად, პარალიზებულია განათლების სისტემა. ამდენი პრობლემა საბოლოო ჯამში გამოიწვევს ჩვენს, როგორც სახელმწიფოს, რღვევას.
ამ ყოველივეზე კი პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაა.
ოპოზიციას თუ გვექნება ხალხის მხარდაჭერა და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ გვაქვს, აუცილებლად შევძლებს მოცემული პროცესის გარდატეხას.
– ჩვენ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან სხვადასხვა სახის შეხედულებას თუ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისა თუ პროცესის მიმართ. მე მინდა გკითხოთ, დღესდღეობით, რა წარმოადგენს საზოგადოების ძირითად დაკვეთას, და რამდენად არის შანსი იმისა, რომ ეს დაკვეთები როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმა ფლანგმა პირნათლად შეასრულოს?
– მტკიცედ მჯერა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება ქვეყნის მოსხლეობის დაკვეთის შემსრულებელი. კონკრეტულად ჩვენი პარტია “მოქალაქეები” ამის პირობას ვდებთ და ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ ჩვენი მოქალაქეების ხმა პარლამენტში და მათი დაკვეთის პირნათლად შემსრულებლები.
– არის თუ არა წინასწარ შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრების პროგნოზირება?
– მისი ჩანაფიქრი ხორციელდება 8 წლის განმავლობაში და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა და მოსახლეობის პოლარიზაცია.
– რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას, შეასრულოს ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები?
– ხელისუფლებას მოუწევს შეასრულოს არა ოპოზიციის, არამედ ხალხის დაკვეთა და ეს არის ხელახალი, სამართლიანი არჩევნები და ქვეყნის გამოყვანა მოცემული კრიზისიდან.
www.asea.ge
კომენტარები