12-წლიანი განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა:
- 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები, კერძოდ, სიცოცხლის, წამების აკრძალვის, და პირადი და ოჯახუrი დაცულობის უფლებები, ასევე კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც საკუთრების დაცვას ითვალისწინებს;
- ერთხმად, რომ კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, რუსეთი პასუხისმგებელია სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაზე; ამას გარდა, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა მე-3 მუხლი, რომელიც წამების აკრძალვას ითვალისწინებს. საქმე ეხება 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებას და მათ მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას;
- ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა მე-5 მუხლი, რომელიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს; საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას;
- ერთხმად, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში 2008 წლის 8-დან 17 აგვისტომდე პერიოდში დააკავეს რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ექცევიან პირველ მუხლთან მიმართებით; და 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); საქმე ეხება ქართველი ტყვეების წამების შემთხვევებს.
- 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების არ აქვთ უფლება, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნდნენ; 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას გულისხმობს;
- ერთხმად, რომ რუსეთს დაკისრებული ჰქონდა პროცედურული ვალდებულება მე-2 მუხლით, რომ „სათანადო და ეფექტური გამოძიება“ ეწარმოებინა არა მხოლოდ იმ მოვლენებზე, რასაც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ჰქონდა ადგილი (12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ), არამედ იმ მოვლენებზეც, რომელთაც საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის (8-დან 12 აგვისტომდე) დროს ჰქონდა ადგილი;
- 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა მე-2 მუხლი პროცედურული კუთხით, რაც გულისხმობს მუხლის არსებითი ნაწილის სავარაუდო დარღვევაზე ეფექტური გამოძიების წარმოების ვალდებულებას;
- 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა 38-ე მუხლით აღებული ვალდებულებები, რაც საქმის შესწავლას გულისხმობს;
- ერთხმად, რომ საკითხი 41-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიან დაკმაყოფილებას ითვალისწინებს, „არ იყო მზად გადაწყვეტილებისთვის და ამიტომ სრულად გადაიდება
“სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის.შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა”
განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თემას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი, რომელიც იუსტიციის მინისტრობის დროს უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესებში ქართული მხარის სახელით, სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე.”
იგივე საკითხზე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გამოხატა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა:

“8-12 აგვისტოს რუსეთი არ ბომბავდა გორს?! ამ დასკვნას ძალიან ცუდი გავლენა ექნება საქართველოსთვის სხვა მიმდინარე საერთაშორისო დავებში.ამ მარცხზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს ომის დაწყებას. კარგია, რომ 12 აგვისტოს შემდეგ მოვლენებზე მაინც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, მაგრამ ეს არაფრით არ არის საკმარისი! ამ გადაწყვეტილებით, რუსეთი სრულად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან 8-12 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებისთვის.”
სტრასბურგის სასამართლო ცალკე განიხილავს დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხს. მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ. სახელმწიფოთშორისო საჩივარზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო განიხილავს ამავე საკითხთან დაკავშირებით შესულ ინდივიდუალურ საჩივრებს.
www.asea.ge
კომენტარები