მოგვიახლოვდა 9 მაისი, უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით ამუშავდება რუსული პროპაგანდისტური ფბ გვერდები, რომლებიც აუცილებლად შეახსენებენ ჩვენს მოსახლეობას, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები ვალოდიას და იურას ბაბუებთან ერთად, ერთი დროშის ქვეშ პირსისხლიანი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.
რუსეთის ხელისუფლება ყოველწლიურად განსაკუთრებული პომპეზურობით აღნიშნავს ამ თარიღს, პრეზიდენტი პუტინი საცხრამაისო ინტერვიუებში მუდმივად ახსენებს მსოფლიოს, თუ რამხელა როლი ითამაშა სსრკ-მა ნაციზმის დამარცხებაში. ვალოდიას თუ დავუჯერებთ, მეორე მსოფლიო ომში სსრკ-მა, ფაქტობრივად, მარტომ დაამარცხა ნაცისტური გერმანია.
არადა, ომის დაწყებამდე 10 დღით ადრე სსრკ გახლდათ ის სახელმწიფო, რომელმაც გერმანიასთან მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი დადო და ომის დაწყებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში (როცა დანარჩენი მსოფლიო ნაცისტებს და მათ მოკავშირეებს ებრძოდა) ნაცისტებთან ერთად ძმურად იყოფდა აღმოსავლეთ ევროპას.
ომის დასრულების შემდეგ სსრკ–ის ძალისხმევით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სოციალისტურ ბანაკში აღმოჩნდნენ. ხელისუფლებაში მოსულმა კოლაბორაციონისტებმა, სსრკ-ის კარნახით ისტორია გააყალბეს და დამპყრობელი წითელი არმია ისტორიის წიგნებში ტრანსფორმირდა, როგორც მხსნელი, დამცველი და განმათავისუფლებელი.
ამ ფალსიფიცირებული ისტორიის ტირაჟირებას სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთი დღემდე ეწევა.
დღეს მინდა, შემოგთავაზოთ ბულგარეთის შემთხვევა, რომელიც ჩემმა ბულგარელმა მეზღვაურმა მეგობარმა მიამბო, რა თქმა უნდა, მისი მონაყოლი გადავამოწმე სხვადასხვა წყაროს საშუალებით და ამ ამბის დამადასტურებელი არაერთი უტყუარი წყარო ვიპოვე.
მოკლედ, საბჭოთა და რუსული ისტორიის სახელმძღვანელოებში მომავალ თაობებს სიამაყით უყვებოდნენ და დღემდე უყვებიან, თუ როგორ გაათავისუფლა ბულგარეთი ნაცისტებისგან სსრკ-ის წითელმა არმიამ 1944 წელს.
ბულგარელები, აგერ უკვე ათეულობით წელია, ხმამაღლა ამბობენ, რომ 1944 წელს წითელმა არმიამ მათი ქვეყანა დაიპყრო და არა და არა გაანთავისუფლა.
მიუხედავად ამისა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში დღემდე დგას საბჭოთა ჯარისკაცების ობელისკები მათი ხსოვნის უკვდავებისთვის.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სსრკ-მა ბულგარეთის ოკუპაცია ტყვიის გასროლის გარეშე შეძლო (გერმანულ სამხედრო დანაყოფებს უკვე დატოვებული ჰქონდათ ბულგარეთის ტერიტორია და იუგოსლავიაში იყვნენ გამაგრებულები), შესაბამისად, არც ერთი საბჭოთა ჯარისკაცი არ დაღუპულა “ბულგარეთის განთავისუფლებისთვის” ბრძოლაში. მაშ, რომელი საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება ეს ობელისკები?
რეალური ისტორია კი ასეთია: 1944 წლის 9 სექტემბერს ბულგარეთში შესულმა მშიერმა წითელმა არმიელებმა ბურგასის რკინიგზის სადგურთან აღმოაჩინეს მეთილის სპირტით სავსე რეზერვუარი.
მეპატრონემ ისინი გააფრთხილა, რომ სპირტი ინდუსტრიული დანიშნულებისა იყო და შესაბამისად, მისი ალკოჰოლურ სასმელად მოხმარება ფატალურ შედეგებს გამოიღებდა.

რეზერვუარის მეპატრონე დახვრიტეს, როგორც კაპიტალისტი და დივერსანტი.
მეთილის სპირტით ნაქეიფარმა 50-მდე (ზოგ წყაროში 200-მდე) საბჭოთა ჯარისკაცმა ინტოქსიკაციის შედეგად გაფშიკა ფეხები, ასეულობით მათგანმა კი მხედველობა დაკარგა.
მოგვიანებით სსრკ-ის მიერ დანიშნულმა ბულგარეთის კომუნისტურმა მთავრობამ ამ სამარცხვინო ფაქტის გადაფარვა-ფალსიფიკაციის მიზნით, მეთილის სპირტთან ბრძოლაში გმირულად ფეხებგაფშეკილ საბჭოთა ჯარისკაცებს აღუმართა ობელისკები, რომლებსაც ბულგარულ ენაზე მიაწერეს – “აქ დაკრძალულია საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც დაიღუპნენ ბურგასში”, “განმათავისუფლებლებს სამუდამო დიდება”.
ამ თარიღთან დაკავშირებით სოფიაში რუსეთის კულტურულ-საინფორმაციო ცენტრი ყოველწლიურად აწყობს საიუბილეო გამოფენას, რომლის სახელწოდებაც შემდეგნაირად ჟღერს – “აღმოსავლეთ ევროპის ნაცისტებისგან განთავისუფლების (რომელიღაც) წელი”.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს არაერთხელ მიმართა თხოვნით – ბულგარეთში “წითელი არმიის” შესვლა არ მოეხსენიებინათ “აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებად”.
უტიფრულ რუსულ სიჯიუტეზე ბულგარელების პასუხიც ადეკვატურია, ისინიც ყოველწლიურად მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ტირაჟირებენ სიმართლეს და უყვებიან მომავალ თაობებს, თუ რასთან ბრძოლას შეეწირნენ გმირი წითელი არმიელები.
კომენტარები