ახლოვდება 2020-ის არჩევნები. აქტიურად მიმდინარეობს ძალთა გადაბალანსება ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. რა შედეგით დასრულდება “პოლიტიკური ტრანსფერები” და როგორ გადანაწილდება მანდატები, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს., თუმცა, ქართული პოლიტიკის ყოველ აქტორს თავისი პროგნოზი და მოლოდინები აქვს. asea.ge ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ 2020-ის არჩევნების მოკლე პროგნოზს სხვადასხვა პოლიტიკოსისა თუ პარტიის გადასახედიდან. ამჯერად სამ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ ქათამაძე, პასუხობს:
1. შეძლებს თუ არა ოპოზიცია რაღაც დონეზე მაინც ტაქტიკურ შეთანხმებას და კოორდინირებულ ბრძოლას სახელისუფლებო ძალის წინააღმდეგ?
ოპოზიციურმა პარტიებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. შეთანხმების ფარგლებში ჩვენ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, ენმ-მ, რვიდან ექვსი მანდატი დავთმეთ, რითაც დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაში. დანარჩენ 22 მანდატთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს. ვფიქრობ, ზუსტად ამაშია პოლიტიკური პარტიების ხიბლი თავიანთი განსხვავებებით, სხვა დანარჩენთან მიმართებაში ენმ არ ვაპირებთ პოლიტიკური ქველმოქმედების გაწევას, რადგან მთავარი მოწინააღმდეგე ოლიგარქი ივანიშვილის სახელისუფლებო პარტიაა, რომელიც კორუფციაში და კრიმინალთან თანამშრომლობით ქვეყანას მომავალს ართმევს.
2. როგორ პროგნოზირებთ, რა შედეგები დადგება 2020 წლის არჩვევნების შემდგომ და დაახლოებით, როგორ გადანაწილდება მანდატები?
მანდატების გადანაწილებამდე ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწევს. კრიმინალური და ძალისმიერი მეთოდებით არჩევნების ჩატარებას მიჩვეულ ოცნების ხელისუფლებას უნდა ვეპაექროთ და არა ოპოზიციური კინკლაობით დავკავდეთ. ამ არჩევნებზე მთავარი ოპოზიციური ძალა ვიქნებით “ნაციონალური მოძრაობა”. შესაბამისად, მეტ– ნაკლებად სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში, რასაც ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც დააკვირდებიან, “ქართული ოცნება” განწირულია მწარე მარცხისთვის, ოპოზიცია კი 60%-იანი და მეტი უპირატესობით გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ, როგორი დაკვეთაცაა ქართველი ხალხის კოალიციური მთავრობის სახით, ისე ჩამოაყალიბებს პარლამენტში შესული ოპოზიცია კოალიციურ მთავრობას.
3. არის თუ არა პარტია, ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელთანაც გაერთიანებას ან თანამშრომლობას არ გამორიცხავთ არჩევნებამდე ან პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში?
ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ლიდერი და თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, მისი უკრაინული საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებლად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ არჩევნებზე. ზუსტად მისი მასშტაბური ფიგურიდან გამომდინარე, ენმ-სთან გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში იქნებიან გაერთიანებული გარკვეული ოპოზიციური ძალები. რაც შეეხება პარლამენტში შესულ პროდასავლურ ოპოზიციას, აუცილებლად ვითანამშრომლებთ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.
www.asea.ge
კომენტარები