მთა „ბეშუმზე“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად, ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება და აგვისტოს შუამდე გრძელდება.
რამდენად მზად არის ბეშუმი ვიზიტორთა მისაღებად?
შეექმნებათ თუ არა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა დამსვენებლებს?
ამ და სხვა კითხვებზე „ასეას“ კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ემზარ ბოლქვაძე, მპასუხობს:
– ბატონო ემზარ, როდის გაიხსნება სეზონი ოფიციალურად და რამდენად მომზადებულია კურორტი დამსვენებლების მისაღებად?
– სეზონის ოფიციალურად გახსნის თარიღი ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა კურორტი მზად არის დამსვენებელთა მისაღებად. წყალი და ელექტროენერგია მიეწოდება. სასმელი წყლის ყველა რეზერვუარი გაიწმინდა და დაიქლორა. ასევე, დასუფთავდა ქუჩები, ღამის განათება კი ორ დღეში ჩაირთვება. კურორტზე უკვე რამდენიმე დამსვენებელიც გვყავს.
– რა მდომარეობაშია კურორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა?
– ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე გზა გასაკეთებელია, ხოლო გოდერძიდან ბეშუმამდე დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა. თუმცა, ადმინისტრაციულ საზღვრამდე, დაახლოებით, 500 მეტრი მანძილი გასაკეთებელია, რომელზეც გასულ წელს პროექტი მომზადდა და ამდროისთვის მოასფალტებაზე ტენდერი გამოცხადებულია.
– წლების განმავლობაში კურორტზე ყოველთვის პრობლემები იყო სასმელი წყლისა და ელექტრო– ენერგიის მიწოდების მხრივ. ხშირად წყალი გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდებოდა. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დამსვენებელს წელს?
– როგორც აღვნიშნე, სასმელ წყალთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რაც პერიოდულად განმეორდება, რაზედაც შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული ვართ.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ძველი ბოძები შეიცვალა ახლით, 200 ახალი ბოძი განთავსდა და მაღალი ძაბვის ახალი გაყვანილობა გაკეთდა 10–კილომეტრიან მონაკვეთზე. ბეშუმს ზამთარში შუქი 50 წლის განმავლობაში არ ჰქონია და წელს პირველად მოწესრიგდა ეს საკითხი. წყლისა და შუქის პრობლემები არ იქნება.
– რამდენი იქნება ელექტროენერგიის ტარიფი?
გასული წლის მსგავსად, წელსაც ფიქსირებული გადასახადი, 80 ლარი იქნება. არ მგონია ტარიფი გაიზარდოს, თუმცა არის მეორე საკითხიც, აქტიური სეზონი, ძირითადად, 15 ივლისიდან იწყებოდა, მაგრამ კურორტზე დამსვენებლები უკვე ამოდიან და თუ დამსვენებელი დიდხანს დარჩება, შესაძლოა, გადახდილმა საფასურმა დანახარჯი ვერ დაფაროს.
– გასულ წელს საუბარი იყო, რომ კურორტის გამრიცხველიანებაზე და ყველა დამსვენებელი მოხმარებული ენერგიის შესაბამის თანხას გადაიხდიდა. რატომ ვერ განხორციელდა ეს პროექტი?
– იქიდან გამომდინარე, რომ სახლები რეგისტრირებული არ არის და შესაბამისად, მოსახლეობამ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, პროექტიც ვერ განხორციელდა. ა.
გარდა ამისა, კომპანიას მეორე ვარიანტიც შევთავაზეთ – მრიცხველები დაეყენებინა, გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადი კი, რეგისტრირებულ მისამართზე მისულიყო, რაზეც შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ საკითხი ვერ დაიძრა.
– რა მდგომარეობაშია ინფრაქტრუქტურა?
მოასფალტდა ქუჩები, მოეწყო გარეგანათება, სანიაღვრე არხები…
– მობილიზებული იქნება თუ არა სახანძრო და სამაშველო სამსახურები?
იმუშავებს ამბულატორია, აფთიაქი უკვე მუშაობს, პოლიცია პატრულირებს, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები ადგილიდან რამდენიმე დღეში დაიწყებენ მუშაობას. შესაბამისი შენობებიც მოწესრიგებულია. ამ დროისთვის გახსნილია სასურსათო მაღაზიებიც.
– გასულ წელს ადმინისტრაციული საზღვრების გაზრდა დაანონსდა. გაიზარდა თუ არა კურორტის მთლიანი ფართობი?
– ეს არ იყო ერთწლიანი პროექტი. აჭარის მთავრობის ტენდერით, კურორტზე არსებული რესურსის შესწავლა დაიწყო. პირველი ეტაპი დასრულდა, წელს მეორე ეტაპი განხორციელდება.
შესწავლა იმ კუთხით დაიწყო, რომ გამოკვლეულიყო, იძლეოდა თუ არა არსებული წყლის რესურსი გაფართოების საშუალებას. ასევე, შესწავლილიყო ქანების მდგრადობის საკითხი, სად იყო მცოცავი მიწა და რა მიმართულებით შეიძლებოდა საზღვრების გაფართოება. რადგანაც საკითხი შესწავლის ეტაპზეა, ჯერჯერობით დეტალურად საუბარი შეუძლებელია.
– როგორ ფიქრობთ, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როგორი იქნება ვითარება კურორტზე?
– სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ ვირუსი არ შეუშლის ხელს დამსვენებლებს და სეზონი წარმატებით ჩაივლის.
www.asea.ge
კომენტარები